მზიანი დღეები კარადიდან ელეგანტური და მსუბუქი ტანსაცმლის გამოღებისკენ გვიბიძგებს. მაგრამ ეს რა ხდება, რატომ აქვს ტანსაცმელს შმორის, სინესტის და ობის სუნი? საიდან და რატომ? რა უნდა ქნათ, თუ ტანსაცმელს ობის სუნი აქვს?
„პაპარაცი“ გასწავლით, როგორ მოიშოროთ პრობლემა და ტანსაცმელს ახალი და სასიამოვნო არომატი მიანიჭოთ.
პრობლემის გაჩენის მიზეზები
ობი აშმორებულ და ნესტიან ადგილებში მაღალი ტენიანობის პირობებში ჩნდება. ტანსაცმლის დაინფიცირებით ქსოვილის ბოჭკოებში შეიძლება იმდენად ძლიერად გაჟდეს, რომ უსიამოვნო ამბრის სუნი შექმნას და ნივთი მნიშვნელოვნად დააზიანოს. ჩვეულებრივი მეთოდებით ობის სუნის მოშორება საკმაოდ რთულია.
ტანსაცმელზე ობის სუნი ობის სოკოს ნარჩენი პროდუქტებით არის განპირობებული. ეს მიკროსკოპული სოკო მრავლდება:
- მაღალი ტენიანობის დროს;
- +16° C-ზე მაღალ ტემპერატურაზე;
- ობის სპორები შენობის ჰაერშია და დასასახლებლად ხელსაყრელ პირობებს ეძებს;
- ნებისმიერ სველ ტანსაცმელში;
- დავიწყებულ სველ ნივთებში სარეცხ მანქანაში ან ტაშტში;
- ერთად დალაგებულ ნივთებში – სველი ნივთები მშრალთან ერთად;
- ერთად დალაგებულ ნივთებში – ჭუჭყიანი ნივთები სუფთასთან ერთად;
- ორთქლით დაუთოების შემდეგ იმწამსვე კარადაში შეწყობილ ნივთებში;
ეს ყველაფერი გულისხმობს სარეცხ მანქანაში დავიწყებულ თეთრეულს ან ოდნავ სველ პირსახოცს ან არასაკმარისად გამშრალ თეთრეულს, პირსახოცს კარადაში – სპორები კომფორტულ პირობებში გამრავლებას იწყებენ. ამასთან ობის აღმოჩენა საკმაოდ გვიან ხდება. სოკო შეიძლება არა მხოლოდ ტანსაცმელზე, არამედ თავად კარადის კედლებსა და ავეჯის თაროებზე დასახლდეს.
საზიზღარი სუნის და ტანსაცმლის გაფუჭების გარდა ობი ჯანმრთელობას ზიანს აყენებს განსაკუთრებით მათ, ვისაც გამოხატული ალერგიული ფონი აქვთ – შეიძლება ძლიერი დახრჩობა გამოიწვიოს.
მიზეზების ცოდნით ტანსაცმლის და თეთრეულის კარადებში ახალი ობის გაჩენას თავიდან აიცილებთ.
მოშორების მეთოდები
ვებრძვით ობს კარადებში
პირველ რიგში, როგორც კი კარადის თაროებზე ობს შენიშნავთ, ეს ადგილი დაამუშავეთ მშრალი კბილის ჯაგრისით (ხელზე რეზინის ხელთათმანი უნდა გეცვათ) ან ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის უხეში ზედაპირით (ბუნებრივია, ახალი და მშრალი ღრუბელი). ყველა ხილული სოკოს დასახლების მოშორება სცადეთ.
შემდეგ დაამუშავეთ იმ საშუალებით, რომელსაც სწრაფად იპოვით:
- წყალბადის ზეჟანგი. ფერად მასალაზე არ გამოიყენოთ. დაამუშავეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ, შემდეგ გადაწმინდეთ.
- ძმარი. ძმრით დაობილი ადგილი დაამუშავეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ. შემდეგ გადაწმინდეთ.
- სოდა. დაობილი ადგილი დაასველეთ, სოდა მოაყარეთ, კარგად გაწმინდეთ, რომ სოდა გაიხნას, ნახევარი საათით გააჩერეთ, შემდეგ გადაწმინდეთ.
- ნიშადურის სპირტი. თანაბარი პროპორციით წყალს აურიეთ და ადგილი კარგად დაასველეთ. 1,5 საათით გააჩერეთ, შემდეგ გადაწმინდეთ.
რა უნდა გააკეთოთ, თუ ობის სუნი მკვეთრად გამოხატული არაა, მაგრამ არის
პირველ რიგში, თუ შმორის და ობის სუნი ძლიერ გამოხატული არაა და სოკოს მიცელიუმის ადგილი ხილული არაა, ასე მოიქეცით:
- უბრალოდ მთელი კარადა შეანჯღრიეთ, თაროები და კედლები ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებით დაამუშავეთ.
- ტანსაცმელი მზეზე გაიტანეთ და ქუჩაში გაანიავეთ.
რა უნდა გააკეთოთ ტანსაცმელზე ობის ძლიერი სუნის დროს
სანამ ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებებიდან რომელიმე ვარიანტს გამოიყენებთ, თქვენი ძალები და შედეგები შეაფასეთ. თუ ნივთი ძვირადღირებული და თქვენთვის ძვირფასია, სჯობს ქიმწმენდაში წაიღოთ, სადაც პროფესიონალური საშუალებებით ლაქებს და უსიამოვნო სუნს ქსოვილის დაუზიანებლად მოგაშორებენ.
აბრეშუმი და მატყლი
- სკიპიდარი და ღია ფერის თიხა. ტამპონი სკიპიდარში დაასველეთ და ფრთხილად ბოჭკოების დაჭიმვის გარეშე ქსოვილის ნაკვეთი გაწმინდეთ. ობის ლაქა ხსნარით კარგად უნდა დაასველოთ. შემდეგ ლაქას თიხა მოაყარეთ და ქაღალდის პირსახოცი დააფინეთ, ხელით დააწექით. თბილი (არა ცხელი) უთოთი ქაღალდის პირსახოცი რამდენჯერმე დააუთოეთ. ნივთი დელიკატური მეთოდით გარეცხეთ.
- ნიშადურის სპირტი წყალში 1:15 პროპორციით. ამ ხსნარში ქსოვილი ნახევარი საათით ჩაალბეთ. შემდეგ დელიკატურად გარეცხეთ. ასეთი რეცხვის შემდეგ რამდენჯერმე გაავლეთ.
თეთრი ნივთები
- წყალბადის ზეჟანგი. საშუალებაში დასველებული ტამპონით ქსოვილი გაწმინდეთ, ნახევარი საათით გააჩერეთ, შემდეგ ჩვეული მეთოდით გაწმინდეთ.
- არაყი ლიმონით. 1 ჩ/კ ლიმონის წვენი (გადაწურეთ) 1 ს/კ არაყს აურიეთ. ხსნარში დასველებული ტამპონით ქსოვილის ნაწილი გაწმინდეთ, ნახევარი საათით გააჩერეთ, შემდეგ ჩვეული მეთოდით გაწმინდეთ.
სელი, ბამბა, ნარმა
- მარილი და ნიშადური. ამ ქსოვილის თეთრეული შეგიძლიათ დიდ ქვაბში ნახევარ ჭიქა მარილთან და რამდენიმე ჩაის კოვ ნიშადურთან ერთად აადუღოთ. შემდეგ კარგად გაავლეთ და ქუჩაში გააშრეთ.
- ძმარი და მარილი. ობის ლაქები ძმარში კარგად დაასველეთ, ნახევარი საათით გააჩერეთ, შემდეგ მარილი მოაყარეთ, კიდევ ნახევარი საათით გააჩერეთ. შემდეგ ჩვეული მეთოდით გაწმინდეთ, კარგად გაავლეთ და ქუჩაში გააშრეთ.
- მათეთრებელი. მითითებული ინსტრუქციით ჩაალბეთ და გარეცხეთ.
ფერადი ქსოვილები
- ნიშადურის სპირტი. წყალთან პროპორცია 1:1. ხსნარის მოქმედება ქსოვილის პატარა ნაკვეთზე მოსინჯეთ. ხსნარით ობის კვალი კარგად დაამუშავეთ, ნახევარი საათით გააჩერეთ. შემდეგ ფერადი ქსოვილისთვის განკუთვნილი არომატული ფხვნილით გარეცხეთ და რამდენჯერმე კონდიციონერით კარგად გაავლეთ.
- ლიმონის წვენი. წყალთან პროპორცია 1:1. ხსნარის მოქმედება ქსოვილის პატარა ნაწილზე მონიშნეთ. ხსნარში დასველებული ტამპონით გაწმინდეთ, ნახევარი საათით გააჩერეთ, შემდეგ ჩვეული მეთოდით გარეცხეთ.
- თუ ქსოვილის გარეცხვა არ შეიძლება, რეკომენდებულია მხოლოდ მშრალი წმენდა.
- სოდა. სოდა გამოიყენეთ შემდეგი მეთოდით: ტანსაცმელი ბრტყელ ზედაპირზე დადეთ და ობის კვალი სოდით დაფარეთ როგორც შიდა, ასევე გარე მხრიდან. მთელი ღამე გააჩერეთ. შემდეგ რბილი ჯაგრისით ფრთხილად მოაშორეთ და ქუჩაში გაანიავეთ.
- არაყი. არაყი პულვერიზატორში ჩაასხით და ნაწარმი შიგნიდან დანამეთ. ქუჩაში გასანიავებლად დაკიდეთ.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები ვერ დაგეხმარათ, ქიმწმენდას მიმართეთ.
ნესტის და ობის სუნთან ბრძოლა ხალხური მეთოდებით
ობის და ნესტის სუნი ჩვენს ბებიებსაც აწუხებდათ. სწორედ ამიტომ, ობის და ნესტის მოსაშორებელი ხალხური მეთოდები დღემდე პოპულარულია:
- ხახვი. ხახვის წვენი ობის ახალ ლაქას წაუსვით, ნახევარი საათით გააჩერეთ და გაწმინდეთ. გამდინარე წყალი კარგად გაავლეთ.
- რძისმჟავე პროდუქტები. არა მხოლოდ ახალ ობს, არამედ ჩამჯდარ ლაქებს უმკლავდება. კეფირში ან დოში რამდენიმე საათით ჩაალბეთ. შემდეგ ჩვეული მეთოდით გარეცხეთ.
- ყავა. მუქ ნივთებზე ლაქების მოშორებას დაფქული ყავის და თბილი წყლის ფაფით შეძლებთ. ნახევარი საათით წაუსვით, შემდეგ გარეცხეთ და გააშრეთ.
ნესტის და ობის პროფილაქტიკა
ერთხელ ობის და ნესტის სუნთან შეჯახების შემდეგ, განმეორებით მისი ნახვა არ მოგინდებათ. თითოეულ ნაწარმს დამუშავების თავის მეთოდები აქვს – ეს დროს გართმევთ და ნერვიულობას იწვევს.
მსგავსი პრობლემები თავიდან რომ აიცილოთ, პროფილაქტიკის ზომები არსებობს, ასევე რეკომენდაციები ნივთების მოსავლელად და შესანახად.
- ბინა რეგულარულად გაანიავეთ;
- კარადის კარები რეგულარულად გააღეთ და გაანიავეთ;
- ნივთები კარგად გააშრეთ;
- ორთქლით ახლახანს დაუთოებული ნივთები კარადაში არ დაკიდოთ;
- ჭუჭყიანი და სუფთა ნივთები სხვადასხვა ადგილას შეინახეთ;
- ნივთები, რომელთაც ხშირად იყენებთ, სუფთა ნივთებისგან მოშორებით შეინახეთ;
- კარადის თაროებზე არომატული ბალახებით სავსე ტომსიკები დადეთ. ამ მიზნით რეკომენდებულია: ლავანდა, პიტნა.
- სარეცხი მანქანის კარი და ფხვნილის ჩასაყრელი განყოფილება გააღეთ და გააშრეთ. ასევე რეზინის და საფენების მდგომარეობა შეამოწმეთ.
ობის, ნესტის და შმორის სუნის ტანსაცმლიდან მოშორება რთული არ იქნება, თუ ზემოთ მოცემულ ინფორმაციას გამოიყენებთ. მას აუცილებლად გაუმკლავდებით!