ანთურიუმი ეფექტური გარეგნობის გამო ყოველთვის მომწონდა. ამ მცენარის დახმარებით ინტერიერში აქცენტების გაკეთება მარტივად შეიძლება. ყვავილს შეძენის დროს მოვლის ინსტრუქცია ახლდა. სიმართლე რომ ვთქვათ, მცენარე კინაღამ გავანადგურე. როცა ჩემი და მესტუმრა და ყვავილის მდგომარეობა ნახა, პირადი ინსტრუქცია ჩამიტარა და მასწავლა, თუ როგორ მეზრუნა ანთურიუმზე. ცოტა ხანში მცენარე აყვავილდა. გიზიარებთ რჩევებს, რომ თქვენც იგივე შეცდომა არ დაუშვათ.
ანთურიუმის სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკაა. მას ტენიანობა უყვარს და სიცივეს ვერ იტანს. მცენარე სახლის პირობებში სწორი მოვლის შემთხვევაში სათანადოდ ყვავილობს. სხვათა შორის, ამ მეთოდით შეგიძლიათ შეამოწმოთ, ყვავილს შინაურული ზრუნვა მოსწონს თუ არა. თუ ანთურიუმი გაზაფხულიდან შემოდგომამდე ყვავილობს, თქვენ ყველაფერს სწორად აკეთებთ.
დატენიანებული ჰაერი
ანთურიუმს ნოტიო ჰაერი მოსწონს, ამიტომ ზამთრის პერიოდში ამას ყურადღება უნდა მიაქციოთ. ჰაერის დასატენიანებლად ქოთნებს შორის წყლით სავსე ბოთლი დადეთ, მუდმივად ჰაერი დანამეთ ან სპეციალური დამატენიანებელი საშუალება გამოიყენეთ.
იმის მიუხედავად, რომ მცენარეს ნოტიო ჰაერი უყვარს, ნიადაგში სითხის დაგროვებას ვერ იტანს. სწორედ ამიტომ, კარგი დრენაჟი დაგჭირდებათ.
გამოკვება
ანთურიუმის გამოკვება პირდაპირ წლის სეზონზეა დამოკიდებული. ზაფხულში თვეში რამდენჯერმე შეგიძლიათ გამოკვებოთ, რადგან ის ზრდის ფაზაში იმყოფება. აი, წლის ცივ სეზონზე თვეში მხოლოდ ერთხელ უნდა გამოკვებოთ.
აყვავებული მცენარეებისთვის მზა ნარევი შეარჩიეთ. ნარევით დანამეთ ან სასუქი ნიადაგს დაუმატეთ. ორქიდეას გამოსაკვები საშუალებები გამოგადგებათ.
ზამთრის მშვიდი ფაზა
ზამთარში მცენარე გადარგვით ან ხშირი გამოკვებით არ უნდა შეაწუხოთ. ორპირ ქარს და გათბობის ბატარეას მოაშორეთ, სასურველია ტემპერატურა 18 გრადუსს არ აჭარბებდეს. თუ ანთურიუმს გათბობის ბატარეებს არ მოაშორებთ, ზაფხულში ყვავილობა შეგიძლიათ დაივიწყოთ.
გადარგვა
როგორც კი ანთურიუმს შეიძენთ, მისი გადარგვა იჩქარეთ, თუნდაც უკვე შესაფერისს ქოთანში იყოს. გადარგვის დროს მცენარის ფესვები დაათვალიერეთ და დაზიანებული ან დამპალი ნაწილები მოაშორეთ. გადაჭრილი ფესვები სოკოს საწინააღმდეგო საშუალებით დაამუშავეთ. გადარგვის დროს ძველი მიწა ახლით ჩაანაცვლეთ, რომელიც მკვებავი ნივთიერებებით სავსე იქნება.
კარგი სადრენაჟო ფენის გაკეთება არ დაგავიწყდეთ. შემდეგ მცენარე ცენტრში ჩარგეთ და მიწა მოაყარეთ, ოდნავ დატკეპნეთ. ანთურიუმი განათებულ ადგილას დადეთ, მაგრამ მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ. არ ინერვიულოთ, თუ დაუყონებლივ არ აყვავილდება: მცენარეს გასაფესვიანებლად დრო სჭირდება.
მორწყვა
აქ ოქროს შუალედი უნდა დაიცვათ, ანთურიუმს არც სიმშრალე და არც ზედმეტი მორწყვა არ უყვარს. ზაფხულში ზომიერად, ნიადაგის გაშრობის მიხედვით მორწყეთ, ზამთარში კვირაში ერთხელ. თბილი წყალი გამოიყენეთ, ეს ახალი ყვავილების და ფოთლების ფორმირებას ხელს შეუწყობს.
სხვათა შორის, არსებობს ცრურწმენა, რომ ანთურიუმი სახლიდან უსიამოვნებას და ნეგატივს განდევნის. მხოლოდ იმ პირობით, თუ მცენარე ნაჩუქარია. ხალხური სახელის „მამაკაცის ბედნიერება“ მიუხედავად, ყვავილს ქალებისთვის არა ნაკლები სიხარული მოაქვს. თქვენ გაქვთ სახლში ანთურიუმი? მასზე როგორ ზრუნავთ?