რატომ ვკრთებით, როცა დაძინებას ვცდილობთ

1333

დიდი ალბათობით, თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც განუცდია ე.წ. ჰიპნოტური ბიძგი. ეს ის მომენტია, როცა დაძინების დროს მკვეთრად და უნებურად ვკრთით, შემდეგ კი გვეღვიძება. ტვინსა და კუნთოვან აქტივობას შორის ურთიერთკავშირი ძილის დროს დღემდე ამოუცნობია.

მოსაზრება იმის შესახებ, თუ რატომ ხდება ეს, არაერთია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ, როცა ადამიანი იძინებს, მისი კუნთები თანდათან დუნდება. ამ პროცესში ჩვენი ორგანიზმის ერთბაშად ორი სისტემა მონაწილეობს, თავად ჩაძინების პროცესი კი ერთიდან მეორეში ტალღოვანი გადასვლის დროა.

ადამიანთაგან ძალიან ცოტას თუ შეუძლია დაწოლისთანავე ჩაძინება – გადასვლის პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვს. სწორედ მის დროს, ორგანიზმში რაღაც დარღვევა ხდება და ადამიანი კრთება, იღვიძებს. მეცნიერები თვლიან, რომ ხშირად, ეს იმ ადამიანებს ემართებათ, ვისაც ძილის უკმარისობა ან სტრესი აწუხებთ.

თუმცა, არსებობს უფრო საინტერესო ჰიპოთეზებიც. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, ჰიპნოტური ბიძგი რეფლექსია, რომელიც პრიმატებისგან გამოგვყვა. მათ, როგორც იცით, ხეებზე სძინავთ, მტაცებლის მსხვერპლად რომ არ იქცნენ. კრთომა აღვიძებს ორგანიზმს და არ აძლევს ჩამოვარდნის საშუალებას.

საინტერესო ვერსია წამოაყენა ბრიტანელმა სომნოლოგმა, ნერინა რამლაჰანმა. ქალბატონი თვლის, რომ კრთომა ნერვულ სისტემაში წარმოქმნილი გაუმართავობის ნიშანია. როცა ადამაინი იძინებს, წყვეტს მოძრაობას, ტვინი კი არასწორად აღიქვამს კუნთებისგან გამოგზავნილ სიგნალს.

ტვინი ამ დროს თვლის, რომ კიდურებთან კავშირი დაკარგა ან ორგანიზმი დაღუპვის საფრთხეშია. ამიტომაც გზავნის მყისიერ სიგნალს, რომელიც ჩვენში ძრწოლას იწვევს. ამის მიზეზად სომნოლოგი ძილის დარღვევებს, სტრესს, დაგროვილ დაღლილობას ან გაუწყლოებას მიიჩნევს.

დაძინების დროს კრთომა გავრცელებული და, ხშირად, უსაფრთხო მოვლენაა. თუმცა, თუ მსგავსი რამ ხშირად გემართებათ, ეს უკვე ცუდის ნიშანია და აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს