ოთახის მცენარეები, რომელთაც უყვართ ჩრდილი: სია ფოტოებით და სახელებით

2957

ცოტა ხნის წინ საცხოვრებლად მაღალსართულიან კორპუსში გადმოვედით. ფანჯრები ეზოს გადაჰყურებს. ჩვენ მე-4 სართულზე ვცხოვრობთ, სახლი კი მაღალია. ამის გამო, ბინაში მზის პირდაპირი სხივები იშვიათი სტუმრებია. ჩემი ქოთნები ძალიან მენანებოდა, რადგან მათგან ნახევარი ასეთი ჩრდილს ვერ აიტანდა. სამაგიეროდ, ახლა ვიცი, თუ რომელ მცენარეებს უყვარს ჩრდილი.

ოთახის მცენარეების ნახევარი დავკარგე, სამაგიეროდ მეორე ნახევარი პირდაპირ აყვავილდა. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მცენარისთვის ჩრდილი უკეთესია. ადრე ვფიქრობდი, რომ მზე ყველას უყვარს, ამიტომ ფანჯრის რაფაზე მჭიდროდ ვაწყობდი. დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ რომელ მცენარეებს უყვარს ჩრდილი.

კალათეა

ასეთი ლამაზმანი ნებისმიერი ინტერიერის აქსესუარი გახდება. ხაზები ფოთლებზე მას უჩვეულოს და გამაოგნებელს ხდის. გსურთ კალათეა სახლში იქონიოთ, მაგრამ ფანჯრის თაროზე ადგილი აღარ გაქვთ? არ ინერვიულოთ: მცენარეს მზის პირდაპირი სხივები არ უყვარს. ნახევრად ჩრდილი მისთვის იდეალური ადგილი იქნება.

დრაცენა მარგინატა

ამ ეგზოტიკური მცენარის შემხედვარე ბევრი ფიქრობს, რომ დრაცენა მზეზე უნდა დადოს. ის ხომ პალმას ძალიან ჰგავს! პალმას კი სინათლე და სითბო უყვარს. ტროპიკულ მცენარესთან მსგავსების მიუხედავად დრაცენას ჩრდილი უყვარს. უფრო მეტიც, მზის სხივები ფოთლებს აზიანებს.

გვიმრა

გაშინაურებული ტროპიკული მცენარე ჩრდილში თავს კარგად გრძნობს. თუმცა მას მშრალი ჰაერი არ უყვარს. გვიმრის ფოთლები ხშირად დანამეთ, რომ ჯანსაღი იერით გაგახაროთ. განსაკუთრებული ყურადღება გათბობის სეზონის დაწყებისას სჭირდება.

ნეორეგელია

მცენარე თავისი მახასიათებლებით გვიმრას ჰგავს. ნეორეგელიაც ტროპიკებიდან შემოვიდა, ჩრდილი უყვარს და მშრალ ჰაერში ჭკნება. ტენიან ოთახში, მაგალითად, სააბაზანოში, თავს კარგად გრძნობს. თუ სააბაზანო ოთახის გაფორმება გსურთ, დროა ასე მოიქცეთ.

აგლაონემა

ყველაფერი, რაც ამ მცენარეს სჭირდება – ნაკლები სინათლე და მაღალი ტენიანობა. არ გადააჭარბოთ: მცენარე სიცივეში ან ორპირ ადგილას არ მოათავსოთ. ასევე არ დაგავიწყდეთ,  უხვად მორწყვა და ფოთლების დანამვა.

ფილოდენდრონი

ძალიან ლამაზი მცენარე, რომელიც თქვენს სახლში ნებისმიერ ოთახს დაამშვენებს. გულის მსგავსი ფორმები ნამდვილ სინაზეს წარმოადგენს. ფილოდენდრონი ისეთ ადგილას დადეთ, სადაც მზის სხივები არ მოხვდება. სხვათა შორის, მცენარე ჰაერს შესანიშნავად წმენდს.

დიფენბაჰია

თუ დიფენბაჰია გაზაფხული–ზაფხულის პერიოდში გინახავთ, ნამდვილად შეგიყვარდებათ. სწორედ ამ დროს მცენარეზე ნაზი, ღია ფერის ფოთლები ჩნდება, რომლების შეუდარებლად გამოიყურება. საუკეთესო ადგილი დიფენბაჰიისთვის – ფარდის უკან, სადაც გაფანტულ სინათლეს მიიღებს.

სანსევიერია სამზოლიანი

ძალიან ეფექტური, ამასთან უპრეტენზიო ოთახის მცენარე. ადვილად გადააქვს დაბალი და მაღალი ტემპერატურა, იშვიათი მორწყვა და ორპირი ქარი. ერთადერთი ტაბუ – ჭარბი ტენი. სხვათა შორის, მისი ხალხური სახელია „სიდედრის ენა“, თუ არ იცოდით.

ჰელქსინა

ჰელქსინა ქოთნებში ან დაკიდულ ქოთნებში თვალწარმტაცად გამოიყურება. კაშკაშა მწვანე პატარა ფოთლები ერთ დიდ გვირგვინად იკვრება. ყველაფერი, რაც გჭირდებათ – დანამვა და ხშირი მორწყვა. არანაირი მზის პირდაპირი სხივები!

სპატიფილუმი

ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი ლამაზი მცენარე ამდენად უპრეტენზიო აღმოჩნდებოდა. როგორც აღმოჩნდა, სპატიფილუმს მზის პირდაპირი სხივები არ სჭირდება. ოღონდ მორწყვა არ დაგავიწყდეთ!

ახლა უკვე იცით, რომელ მცენარეს უყვარს ჩრდილი. თუ თქვენი ფანჯარა მზიან მხარეს არ გამოდის ან ქოთნებით შემოსასვლელი ოთახის მოწყობა გსურთ, გამოსავალი არსებობს. ზემოთ მოცემული ოთახის მცენარეებიდან ნებისმიერი აირჩიეთ და დადეთ იქ, სადაც თქვენ მოგწონთ! ოღონდ მოვლის სხვა ასპექტები არ დაივიწყოთ: გამოკვება, გადარგვა, მორწვა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს