მრავალწლიანი ასტრა უპრეტენზიო მცენარეა, მაგრამ ზრუნვა არ აწყენს – ასე უფრო დიდებულად გამოიყურება და უხვად ყვავილობს. ყურადღებას მოკლებული ყვავილიც იზრდება და ყვავილობს, მაგრამ უფრო მოკრძალებულად.
მრავალწლიანი ასტრას შერჩევის დროს უპირატესობა ნაადრევ ჯიშებს მიანიჭეთ, თუ ზაფხული და შემოდგომა ცივია, გვიანდელი ჯიშები ყვავილობას ვერ მოასწრებს.
რჩევები ასტრას გასაზრდელად
ნიადაგი
მრავალწლიანი ასტრასთვის თითქმის ნებისმიერი ნიადაგი გამოგადგებათ, თუმცა ყველაზე კარგად ნაკლებად მჟაავე, ზომიერად ნაყოფიერ, ღრმად დამუშავებულ და დრენაჟულ ნიადაგში იფურჩქნება. იქ, სადაც წყალი გუბდება, მცენარე კვდება. სასურველია, ყვავილები მზიან ადგილას დარგოთ, მაგრამ ნახევრად დაჩრდილულ ადგილზეც თავს კარგად იგრძნობს. ზედმეტად ჩაბნელებულ ადგილს მოარიდეთ.
მორწყვის რეჟიმი
მრავალწლიანი ასტრას სახეობები ხანგრძლივ გვალვას ვერ იტანს. ცხელ, მშრალ ამინდში ქვედა ფოთლები შეიძლება გაყვითლდეს და დაცვივდეს. კვირტობის პერიოდში მორწყვა განსაკუთრებით სჭირდება.
გამოკვება
გაზაფხულზე სრული მინერალური სასუქით გამოკვებეთ, მაგრამ მცირე დოზები გამოიყენეთ, რომ აქტიურად არ გაიზარდოს. ზაფხულის განმავლობაში სარეველები მოაშორეთ.
ზამთრისთვის მომზადება
სტაბილური ყინვების დაწყების შემდეგ (ღამით ნულოვანი ტემპერატურა. ჩვეულებრივ, შუა ოქტომბრიდან – ნოემბრის დასაწყისამდე) მრავალწლიანი ასტრას ღეროები მიწის დონეზე გადაჭერით, დაცვენილი ფოთლები შეაგროვეთ, ტორფის და კომპოსტის ნარევით მულჩირება გაუკეთეთ.
მრავალწლიანი ასტრა გადაფარვის გარეშე, ნაძვის ტოტების და ფოთლების დაფარვით ზამთრობს. რეკომენდებულია, მხოლოდ ძვირფასი ჯიშები დაფაროთ.
დაავადებები
მრავალწლიანი ასტრას მთავარი დაავადება ნაცროვანი სოკოა. ფოთლებსა და ღეროებზე თეთრი ნადები ჩნდება, ბუჩქის ქვედა ნაწილში ფოთლები ხმება და ყავისფერი ხდება. დროთა განმავლობში ფოთლები ცვივა, დაავადება მაღლა იწევს და ბუჩქი შიშვლდება, ზოგჯერ ნახევრამდე.
ნაცროვანი სოკოთი დაავადების მიზეზი ისეთივეა, როგორც სხვა ბაღის კულტურებში: მაღალი ტენიანობა და ნერგების გასქელება. სწორი განთავსების პირობებში ასტრა ნაკლებად ავადდება.
ნაცროვანი სოკოს დაავადების პირველივე ნიშნებზე მრავალწლიანი ასტრა სპილენძის შემცველი პრეპარატებით (სპილენძის სულფატი, ბორდოს სითხე) შეწამლეთ.