მამის ცუდი განწყობა გავლენას ახდენს მისი შვილების ინტელექტუალურ განვითარებაზე

440

ბუზღუნა მამა, რომელსაც არ შეუძლია თავისი ემოციების გაკონტროლება, ნეგატიურ გავლენას ახდენს თავისი შვილების კოგნიტურ და ემოციურ განვითარებაზე. მართალია, ეს საქციელი მამაკაცებისთვის უფროა დამახასიათებელი, თუმცა, დედის სიბრაზეც არანაკლებ ვნებს ბავშვის განვითარებას. ხოლო, თუ ორივე მშობელი ბრაზიანია – ვნება მრავალჯერ იზრდება.

სამწუხაროდ, კონფლიქტის დროს, დამაჯერებელი დასკვნებისა და გონივრული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ ყვირილი. ხოლო, როცა სამსახურში უსიამოვნებებია, მამები ბავშვებზე იყრიან ჯავრს: თავისუფლდებიან უარყოფითი ემოციებისგან. ეს ჩვევაში გადასდით.

შედეგები ბავშვისთვის

მამის ყვირილი ბავშვში პატივისცემას არა, მხოლოდ შიშს იწვევს. ასე მშობლები იგებენ ბრძოლას, თუმცა აგებენ ომს, თანაც ერთბაშად რამდენიმე ფრონტზე: შედეგები გავლენას ახდენს ბავშვის პიროვნების ფორმირებაზე, აისახება მის ჯანმრთელობაზე, მშობლისა და ბავშვის სამომავლო ურთიერთობებზე.

ბავშვი ყველაფერს პირდაპირ იგებს: მამა ყვირის, ესე იგი არ ვუყვარვარ. ხოლო თუ ყველაზე ძვირფას ადამიანს არ ვუყვარვარ, ესე იგი დანარჩენი ადამიანები უფრო ვერაგები არიან და არ იმსახურებენ ნდობას. შედეგი პროგნოზირებადია: ჩნდება გაღიზიანებადობა, შფოთვა, ტირილისაკენ მიდრეკილება, ფობიები, მავნე ჩვევები, სხვა ზრდასრულებთან და თანატოლებთან ურთიერთობის სირთულეები.

მოზარდებში დაძაბულობას იწვევს მომდევნო ყვირილის მოლოდინი, ასეთ სტრესს კი ქცევის ორი შესაძლო სტრატეგიის გამოწვევა შეუძლია:

  • ცუდი ქცევა და წესების დარღვევა – ბავშვი წინააღმდეგობას უწევს, რამდენადაც იცის, რომ ორივე შემთხვევაში უყვირიან, ასე კი ცდილობს, ყვირილი დაიმსახუროს მაინც;
  • სურვილი, ასიამოვნოს უფროსებს – ბავშვი ეცდება, გააკეთოს ყველაფერი, რასაც მშობლები ელიან, თუნდაც ტყუილისა და ცუდი საქციელის ფასად.

ბავშვებში, სქესობრივი მომწიფების ასაკთან მიახლოვებისას, შეიძლება გაჩნდეს მუდმივი ტყუილების, აგრესიულობის სინდრომი, პრობლემები კანონთან და მრავალი სხვა.

გრძელვადიან პერსპექტივაში, ქრონიკულ სტრესს ფსიქოსომატური დაავადებების პროვოცირება შეუძლია.

აგრესია, როგორც მაგალითი

ოჯახური მიკროკლიმატი მჭიდროდაა კომუნიკაციის მეთოდებთან დაკავშირებული. თბილი, სანდო ურთიერთობის შენება იმ მშობლებთან, რომლებიც ყვირიან, ბავშვს უჭირს – უბრალოდ ემოციურად იკეტება.

ამის შედეგია ურთიერთობების საერთო გაუარესება, რაც სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის მავნეა. უფროსები, ხშირად, ვერ იაზრებენ ბავშვის ჩაკეტვის მიზეზს და უფრო ღიზიანდებიან. ასე ჩნდება ჩაკეტილი წრე.

ბავშვის საზოგადოებასთან ურთიერთობა დამოკიდებულია ოჯახში მის ურთიერთობაზე.

ყვირილი, როგორც ოჯახური კომუნიკაციის საშუალება, იწვევს ჩვევის ფორმირებას. ბავშვი მას სოციალურ ცხოვრებაში გადმოიტანს და მომავალში თავის ბავშვებს უყვირებს.

გარშემო სამყაროს მიმართ უნდობლობა ხელს უშლის ბავშვს სიცოცხლით ტკბობაში, სხვა ადამიანებთან სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და მეგობრობაში. ეს იწვევს სირთულეებს რომანტიკული და მეგობრული ურთიერთობების შექმნაში, ზრდასრულობისას.

კიდევ ერთი შედეგი – დამოკიდებულება და ინფანტილურობაა. ახლო ადამიანების მხარდაჭერის დეფიციტი იწვევს უსიყვარულობის შეგრძნებას. ამ შემთხვევაში, რთულია პასუხისმგებლიანობის ფორმირება – ბავშვი ეცდება, პასუხისმგებლობა ყოველთვის სხვებს გადააბაროს.

მსხვერპლის კომპლექსი – ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო შედეგია. ბავშვი თავს გრძნობს უსარგებლოდ სამყაროსთვის, ხდება მგრძნობიარე, წვრილმანი მიზეზი საკმარისია მისი ტანჯვისთვის, მოითხოვს აქტიურ ყურადღებასა და სიბრალულს მათგან, ვინც გარს ახვევია.

როგორ გავუმკლავდეთ ამას?

იმისათვის, რომ ურთიერთქმედების ახალი ფორმატი შექმნათ, უნდა გაიგოთ ყვირილის წარმოქმნის მიზეზი. პირველ რიგში, ასეთი ქცევა – სკაუთარ თავსა და ემოციურ მდგომარეობაზე კონტროლის დაკარგვაა. ნეგატიური გრძნობები ზედაპირზე ამოტივტივდება, მათი ადრესატი კი ხდევა ბავშვი – ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან პატარაა იმისთვის, რომ შეტევა მოიგერიოს ან აღკვეთოს მსგავსი აფეთქებები.

საკუთარ ქცევაზე მუშაობა ძალიან რთული და დამღლელია. თუმცა, არსებობს რეკომენდაციები, რომლებიც დაგეხმარებათ ყვირილთან ბრძოლაში:

  • გამღიზიანებლის მოშორება. თუ ყვირილის მიზეზი სტრესი და საერთო გაღიზიანებაა, ეცადეთ, გამორიცხოთ სიბრაზის გამომწვევი მექანიზმები;
  • დროის დაგეგმვა. დღის მკვეთრი განრიგი საშუალებას მოგცემთ, არსად გეჩქარებოდეთ, რაც კიდევ ერთ გამღიზიანებელს აგარიდებთ თავიდან;
  • შედეგების ვიზუალიზაცია. თუ გრძნობთ, რომ სადაცაა აფეთქდებით, წარმოიდგინეთ, რამდენად ვნებთ ბავშვს: მას ეშინია, ტირის, სლოკინებს. ასეთი სურათი სწრაფად გამოგაფხიზლებთ და მოგცემთ ემოციების კონტროლის საშუალებას;
  • მედიკამენტოზური მხარდაჭერა. თუ გაღიზიანებადობისა და შფოთვის დონე ძალიან მაღალია, მიმართეთ სპეციალისტს – იგი დამამშვიდებელ საშუალებას გამოგიწერთ. მთავარია, “დასახმარებლად” ალკოჰოლს არ მიმართოთ;
  • “მაყურებლების” ვიზუალიზაცია. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანების გარემოცვაში ხართ, ან სტუმრები მოვიდნენ. როგორც კი ყვირილის სურვილი გაგიჩნდებათ, დაფიქრდით იმაზე, რომ გარშემომყოფები მოგისმენენ;
  • პირობითი ნიშნის გამომუშავება. შეუთანხმეთ ბავშვს საკვანძო სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც იგი წარმოთქვამს, როცა იგრძნობთ, რომ კონტროლს კარგავთ. მაგალითად: “მიყვარხარ, ნუ გეშინია.” ეს დროებით შეგაჩერებთ;
  • გრძნობების გახმოვანება. ნუ შეგრცხვებათ უარყოფითი შეგრძნებებისა, დაუფარავად თქვით: “ძალიან გაბრაზებული ვარ.” “შენმა საქციელმა გამაბრაზა.” მსგავსი ფრაზები უფრო კონსტრუქციულია, ვიდრე ყვირილი.

თუ ზემოთჩამოთვლილთაგან არც ერთი საშუალება არ გეხმარებათ, აუცილებლად მიმართეთ ფსიქოთერაპევტს.

ხოლო თუ თავი ვერ შეიკავეთ და მაინც იყვირეთ, ბოდიში მოიხადეთ: გულწრფელი ბოდიში არაფერს დააკლებს მშობლის ავტორიტეტს, თუმცა ჩაახშობს კონფლიქტს, ასევე, დაგეხმარებათ ბავშვთან გულწრფელი ურთიერთობის შექმნაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს