გათამამებული ბავშვი ნებისმიერი მშობლის ღამის კოშმარია. ჭარბი სიყვარული და ყველა სურვილის ასრულება, ხშირად, ბავშვისთვის დამღუპველ შედეგებს იძლევა. “მადლობის” ნაცვლად, მას პირზე მუდმივად “მინდა” აკერია. ხოლო, თუ განებივრებული ბავშვი სასურველს ვერ იღებს, ისტერიკას მოაწყობს. მუდმივი კაპრიზები სახლში ატმოსფეროს აფუჭებს და მშობლების ნერვებს წვრთნის. აგრეთვე, ანადგურებს თავად ბავშვის ცხოვრებასაც – მის დამოკიდებულებას თანატოლებისადმი, სკოლაში მოსწრებას. ახლა Paparazzi.ge-ის რედაქცია გაგარკვევთ, თუ როგორ უნდა მიხვდეთ დროულად, რომ ბავშვი ზედმეტად გაანებივრეთ.
განებივრებული ბავშვი
1. მხოლოდ ხალხშია თავაზიანი
თქვენი ბავშვით მეზობლები და უცნობები აღფრთოვანებული არიან: “როგორი თავაზიანი ბიჭია!” არასდროს ავიწყდება “გამარჯობა” და “მადლობა”, იღიმება და ტრანსპორტშიც ადგილს უთმობს ხალხს. ერთი შეხედვით, იდეალური ბავშვია, შესანიშნავად აღზრდილი! თუმცა, ვერავინ ხედავს მეორე მხარეს.
საქმე ისაა, რომ განებივრებული ბავშვი ხალხში ძალიანაც თავაზიანი შეიძლება იყოს. აი, სახლში კი – სრულიად საპირირსპირო პიროვნება. იგი ითხოვს სათამაშოებს, უზრდელობს და უფროსების შენიშვნებს ყურადღებას არ აქცევს. მშობლები მას მხოლოდ საუკეთესოს ყიდულობენ, დელიკატესებს აჭმევენ, ბავშვისგან კი ელემენტარული “მადლობაც” არ მოუსმენიათ.
2. ისტერიკა სახლის ხშირი სტუმარია
პატარა ბავშვებს თავიანთი გრძნობებისა და სურვილების სიტყვებით გამოხატვა არ შეუძლიათ. ამისთვის, ისინი ემოციებს მიმართავენ: ყვირიან, ტირიან და ზმუიან – ეს სავსებით ნორმალურია. მხოლოდ მაშინ უნდა შეშფოთდეთ, როცა ბავშვი სკოლამდელი ასაკიდან უკვე გამოვიდა, თუმცა, იატაკზე გაწოლასა და ფეხების რტყმას აგრძელებს, სასურველი რამის მოთხოვნასთან ერთად. როცა ისტერიკა მშობლებით მანიპულირების საშუალებად იქცევა, დამერწმუნეთ, თქვენ უკვე გაგინებივრებიათ ბავშვი და დროა, აღზრდის მეთოდებს გადახედოთ.
3. მშობლებისადმი უპატივცემულობა
არ ვამბობ, რომ მშობელი ეჭვშეუტანელი ავტორიტეტი იყოს, ხოლო სახლის ატმოსფერო არმიისას უნდა ჰგავდეს. თუმცა, დედისა და მამის მოსმენა და პატივისცემა აუცილებელი წესი და ნებისმიერი ოჯახის საფუძველია. ალბათ, ერთხელ მაინც დაკვირვებიხართ სიტუაციას, როცა ბავშვი უფროსებს თანატოლებივით ექცევა, ეუხეშება და ფამილარული ხდება. ეს იმის საიმედო ნიშანია, რომ ბავშვი უკვე განებივრებულია.
4. ფულის ფასი არ იცის
ფულის გამომუშავება რთულია – ბავშვმა ეს პატარობიდანვე უნდა ისწავლოს. მშობლები მთელი დღე სამსახურში იკარგებიან, ოჯახი ღირსეულად რომ უზრუნველყონ. თუმცა, განებივრებული ბავშვები, ხშირად, თვლიან, რომ ფული ჰაერიდან მოდის, და დედ-მამის ოფლით მოპოვებულ ფულს სინანულის გარეშე ფლანგავენ.
5. განებივრებული ბავშვები ხშირად იწყენენ
ფსიქოლოგები თვლიან, რომ ბევრი სათამაშო ბავშვს ზიანს აყენებს. მათი აზრით, თუ ბავშვს ძალიან ბევრი თოჯინა და მანქანა ჰყავს, ბავშვი ვერ კონცენტრირდება ერთ-ერთ მათგანზე. ეს ხელს უშლის ფოკუსის გამომუშავებასა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.
განებივრებულ ბავშვს არ უყვარს მარტო თამაში. იგი ყოველთვის ელოდება, რომ დედა, მამა, ბებია, ბაბუა, უფროსი და ან ძმა გაართობს. ამის გამო, პატარა ნებიერები ყოველთვის იწყენენ, ყურადღებას ითხოვენ, მაშინაც კი, თუ უფროსები თავიანთი საქმეებით არიან დაკავებული.
6. სახლში არაფერს აკეთებს
განებივრებულმა ბავშვებმა არ იციან, რა არის საშინაო საქმეები. ისინი მხოლოდ აკვირდებიან, როგორ გვის სახლს დედა, მამა კი ჭურჭელს რეცხავს. ბავშვი დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობის აღებას ბავშვობიდან უნდა მიაჩვიოთ. დამეთანხმებით, ნაგვის გატანა, სათამაშოების ალაგება და საწოლის გასწორება ნებისმიერ ბავშვს შეუძლია.
7. პარადოქსი: განებივრებული ბავშვი თავდაუჯერებელია
სახლში იგი სუპერგმირია, მის ყველა მიღწევას აპლოდისმენტებითა და წვეულებებით ხვდებიან. ბავშვი იზრდება იმ აზრით, რომ საუკეთესო, ყველაზე საყვარელი და ყველაზე-ყველაზეა.
ნამდვილ ცხოვრებაში, ბავშვი თანატოლთა კოლექტივში (ბაღში თუ სკოლაში) ხვდება და იგი მწვავე იმედგაცრუებას იწვნის. აღმოაჩენს, რომ მას ვიღაც სპორტში სჯობნის, ვიღაც უფრო სწრაფად კითხულობს, ვიღაცას უფრო ლამაზი ფეხსაცმელი აცვია ან უახლესი მანქანა-სათამაშო აქვს. ამის გამო, განებივრებული ბავშვი თავის ნაჭუჭში იკეტება და თვითშეფასება მნიშვნელოვნად ეცემა.
8. არ უყვარს შეჯიბრება
ბავშვობაში შეჯიბრება პიროვნებას თავისი შეცდომების გააზრების, მათგან გაკვეთილებისა და გამოცდილების მიღების უნარს უვითარებს. ფსიქიკის დაზიანების გარეშე წაგების უნარი, ალბათ, ადამიანის ყველაზე ძვირფასი თვისებაა.
განებივრებული ბავშვები და გოგონები ცდილობენ ისეთი თამაშებისთვის თავის არიდებას, რომლებშიც წაგება შეიძლება. მათ არ უყვართ ფეხბურთი, კალათბურთი და კლასობანა. ეს იმიტომ, რომ მათი ურყევი პირველობა საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში ჩვენ ყოველთვის სუპერგმირები როდი ვართ, ადრე თუ გვიან, წაგებაც უნდა ვისწავლოთ.
9. ვერ მართავს ემოციებს
განებივრებული ბავშვი ძალიან ემოციურია. ჩვენ უკვე ვახსენეთ ისტერიკამ რომელსაც იგი “მინდა”-ზე უარის თქმის შემდეგ აწყობს. თუმცა, ძალიან პრეტენზიული ბავშვი მხოლოდ მაშინ კი არ აწყობს ისტერიკას, როცა ტირის. თუ იცინის, ამას ისე აკეთებს, რომ მეზობლებს ესმით. თუ ნაწყენია, ეს მთელი დღე გრძელდება. გათამამებული ბავშვი ყურადღებას ითხოვს, ამიტომ, გრძნობების დემონსტრაცია მისთვის აქსიომაა.
ბავშვების აღზრდა რთული საქმეა. თუ ბავშვი ზედმეტ სიყვარულში გაახვიეთ, მალე მწარედ ინანებთ. ამიტომ, დაიცავით ბალანსი სიყვარულსა და დისციპლინას შორის, რათა ბავშვისგან პატივისცემა და გაგება დაიმსახუროთ.