პატარა სამზარეულოს დაგეგმარება მარტივი არაა. 6 კვ.მ.-ში ყველაფერი საჭირო რომ დაატიონ და კომფორტზე უარის თქმა რომ არ მოუხდეთ, დიასახლისებს რთულ კომპრომისზე უხდებათ წასვლა.
საბედნიეროდ, მცირე ფართში საკმარისი დონის კომფორტის მოწყობა სავსებით შესაძლებელია. უბრალოდ, უნდა განსაზღვროთ, რის გარეშე ვერ იცხოვრებთ, სხვა ყველაფერი კი მოიშოროთ ოთახიდან. რა შედის ამ ყველაფერში? კითხვაზე პასუხს Paparazzi.ge-ის რედაქცია გასცემს.
პატარა სამზარეულოს დაგეგმარება
სამზარეულოს დიდი მაგიდა
თუ სამზარეულოში ბინის მობინადრეები მხოლოდ საუზმობენ და ვახშმობენ, თანაც სხვადასხვა დროს, ორმაგი ოჯახისთვის სამყოფ მაგიდაზე უარის თქმა ძალიან ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება.
ალტერნატივად შეგიძლიათ განიხილოთ სამზარეულოს ზედაპირის გაგრძელება, ჩამოსაშლელი მაგიდა კედელზე ან განიერი ფანჯრის რაფა.
ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება არღვევს გამათბობლიდან წამოსული თბილი ჰაერის თავისუფალ ცირკულაციას. თუმცა, თუ ბინაში იატაკი დათბობილია, ეს ნაკლად არ ჩაითვლება.
თაღოვანი გამწოვი
ასეთ გამწოვს, როგორც წესი, მოდური დიზაინი, დიდი ფასი, იშვიათად გამოსაცვლელი ფილტრი აქვს, თუმცა, ისედაც პატარა სამზარეულოში ძვირფას ადგილს იკავებს.
მათგან განსხვავებით, ჩაშენებული მოდელები ხელმისაწვდომი ფასითა და კომპაქტური ზომებით გამოირჩევა, დაზოგილ ადგილს კი ჭურჭლის შესანახავად გამოიყენებთ.
სტაციონარული მიქსერი
სოლიდური და მრავალფუნქციური საყოფაცხოვრებო მოწყობილობა მრავალი დადებითი თვისებით გამოირჩევა: მაღალი სიმძლავრე, საიმედო თავაკები, მრავალი ოპერაციის შესრულების უნარი, ხელების გარეშე მუშაობა…
თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, ამ ყველაფერს ერთი უარყოფითი მხარე ძლევს: სიდიდე. სტაციონარული მიქსერი სამზარეულოს ისედაც პატარა ზედაპირის უდიდეს ნაწილს დაიკავებს. ჩაანაცვლეთ იგი ხელის მოდელით.
იმავეს ვიტყვით სტაციონარულ ბლენდერზე. დოქიანი ბლენდერი უმკლავდება სმუზის, კოქტეილების, ბავშვთა კვების მომზადებას, სამაგიეროდ, ხელის მოდელები უფრო უნივერსალურია და ნაკლებ ადგილს იკავებს.
ფაიფურის თეფშები, რომელიც ბებიებისგან შემოგვრჩა, ღვინის დოქები, ჭიქებისა და ჩაიდნების ნაკრები – მთელი ეს სიმდიდრე მაინცდამაინც სამზარეულოში არ უნდა შეინახოთ. თუ ამ ჭურჭელს რამდენიმე წელია არ იყენებთ, იქნებ, არც გჭირდებათ?
იგივე ეხება პლასტმასის კონტეინერებს, უცნაურნახატებიან ფინჯნებსა და დეკორატიულ თეფშებს. ისინი ხომ ლოდინში იმტვერება, გროვდება, სარგებელი კი არ მოაქვს. თითქოს, წვრილმანია, მაგრამ სამზარეულოდან მათი მოშორება კომფორტსა და სიამოვნებას მოგიტანთ.