როცა მეყვავილე დაქალმა ჩემი ორქიდეას დამჟღნარი ფოთლები დაინახა, ამიკრძალა ნიადაგის განოყირება. თურმე, ჩემს ლამაზმანს ასე ვერ დავიცავ. კლასიკური სასუქის ნაცვლად, ექსპერტმა ფესვგარეთა სასუქის კურსის ჩატარება მირჩია და ჩემი ყვავილისთვის შესაფერისი სასუქის შერჩევაც კი შემომთავაზა.
როგორც აღმოჩნდა, ორქიდეას ფოთლის სასუქი გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე ფესვებისა. აგრეთვე, ასე ყვავილი უფრო სწრაფად იღებს და ითვისებს ვიტამინებსა და მიკროელემენტებს. რა თქმა უნდა, ეს სასუქი ყველა ორქიდეას როდი მოუხდება. Paparazzi.ge-ის რედაქცია გეტყვით, როგორ უნდა შეარჩიოთ სასუქი კონკრეტულად თქვენი ყვავილისთვის.
რომელ ორქიდეას სჭირდება ფოთლის სასუქი?
- მცენარეს, რომელიც ახლახან გადარგეთ. მაგალითად, თუ ორქიდეას ქოთანი გამოუცვალეთ და სტრესული ფაქტორის შემცირება გსურთ.
- სუსტ ორქიდეას. თუ ყვავილის ფოთლებმა სიმკვრივე დაკარგა და თეთრი ნადებით დაიფარა. ფესვგარეთა სასუქი სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებაა.
- ორქიდეას, რომლის ფესვებიც დაზიანებულია, ან რომელსაც ფესვი საერთოდ არ აქვს. როცა ყვავილი რეანიმაციას ექვემდებარება, ფოთლების სასუქი ერთადერთი საშუალებაა კვების მისაღებად.
თვითნაკეთი სასუქი
- გლუკოზას ხსნარი: გახსენით 1 აბი გლუკოზა 1 ლ წყალში. ასეთი სასუქი დაავადებული ორქიდეას რეანიმაციისთვის გამოდგება.
- ვიტამინების ხსნარი: 1 აბი B1, B3, B6 ან B12 გახსენით 1 ლ წყალში. B1 და B12 გამოიყენეთ ზრდის სტიმულირებისთვის, B3 – დაავადების გადატანის შემდეგ აღსადგენად, ხოლო B6 – იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.
- ქარვის მჟავის ხსნარი: 1 გ მჟავა გახსენით 1 ლ წყალში. ეს ორქიდეას აღდგენის მძლავრი სტიმულატორია, დაავადების შემდეგ.
როგორ გავანოყიეროთ ორქიდეა ფოთლის გავლით?
- ჩაასხით ხსნარი პულვერიზატორში და შეანჯღრიეთ.
- ფოთლები დაასველეთ: მორწყეთ ან გაწმინდეთ წყალში დასველებული ბამბით.
- შეაშხეფეთ ფოთლებს ორივე მხრიდან სასუქი ხსნარი. იგი არ უნდა მოხვდეს ყვავილს ან ძირითადი ღეროს დასაწყისს.
აგრეთვე, შეგიძლიათ ხსნარში ბინტი ან ბამბის დისკები ჩაალბოთ. ისინი დაადეთ ფოთლებს ორივე მხრიდან. როცა ბამბები გაშრება, მოაშორეთ. ეს საშუალება ხსნარს ფოთლებზე უფრო დიდხანს აჩერებს.
გახსოვდეთ:
- წაუსვით ხსნარი მხოლოდ ფოთლებს, მოერიდეთ ყვავილებსა და საყვავილეებს.
- სასუქი დილით გამოიყენეთ, ფოთლებმა გაშრობა რომ მოასწროს კომფორტულ ტემპერატურაზე. ღამით პროცედურის ჩატარებას არ გირჩევთ.
- არ შეაშხეფოთ ფოთლებს ხსნარი, თუ ორქიდეა მზეზე დგას. ეს დამწვრობას გამოიწვევს.
- გამოიყენეთ სასუქი კვირაში 1-2-ჯერ.
რა თქმა უნდა, ფოთლის გასანოყიერებლად არამხოლოდ ხალხური, არამედ პროფესიონალური საშუალებებიც გამოიყენება. თუმცა, გახსოვდეთ, რომ მკვებავი ხსნარის კონცენტრაცია ფოთლის სასუქისთვის 2-3-ჯერ უფრო სუსტი უნდა იყოს, ვიდრე ფესვებისა.
თქვენ რით ანოყიერებთ ორქიდეას? რას ითვალისწინებთ სასუქის შერჩევისას?