დაიწყო მარწყვის სეზონი. გინდა დიდხანს დატკბე ახლადმოკრეფილი კენკრით და შეინახო ზამთრისთვის. სეზონის აქტუალური კითხვაა: რა ვუყოთ მარწყვს ყიდვის მერე? დღეს paparazzi.ge მოგიყვებათ მარწყვის გარეცხვის რამდენიმე მეთოდზე. განვიხილოთ ზოგიერთი რჩევა ინტერნეტიდან – რომელი შეიძლება ვცადოთ და რომელი დაუშვებელია პრაქტიკაში.
ალბათ გაგიგიათ, რომ თუ მარწყვს ჩადებთ მარილიან წყალში, იქედან გამოძვრებიან პატარა ჭიები. მართალია, ისინი ადამიანისთვის სრულიად უსაფრთხოა, მაგრამ სანახავად სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება და მარწყვის ჭამის სურვილიც წამში გაგიქრებათ.
ეს პროცედურა ინტერესის გამო შეგიძლიათ ერთხელ გააკეთოთ. ერთი პერიოდი ტიკ-ტოკის უამრავმა მომხმარებელმა სცადა მარწყვის იდუმალი მაცხოვრებლების ნახვა. ბევრისთვის ეს ნამდვილი შოკი აღმოჩნდა. ჩვენ ხომ მარწყვს გამდინარე წყალში ვრეცხავთ და წარმოდგენაც არ გვაქვს შიგნით მყოფ მწერებზე.
არიან სასოწარკვეთილი დიასახლისები, რომლებიც მარწყვის დამუშავების უფრო ხისტ მეთოდებს მიმართავენ. მაგალითად, მდუღარე წყლით გარეცხვა.(არც იფიქროთ!) დიახ, დიახ – ეს მეთოდი ნამდვილად არსებობს ინტერნეტ სივრცეში, მაგრამ მისი სარგებლიანობის რა გითხრათ?
საერთო ჯამში, მთელი ისტორიაა: ჯერ რეცხავთ მარწყვს გამდინარე წყალში – აცლით მტვერს და ჭუჭყს. შემდეგ ასხამთ მდუღარე წყალს – ანადგურებთ ყველა პათოგენურ ორგანიზმს. მაგრამ ამით არ მთავრდება მარწყვის წამება. მდუღარე წყლის მერე მარწყვს ყრით ყინულიან წყალში 5-15 წუთით.
გილოცავთ, ყველა პესტიციდი განადგურებულია! საკითხავია, რა დარჩა მარწყვისგან? თუ ვინმეს ეს მეთოდი გამოგიყენებიათ, იქნებ გაგვიზიაროთ შედეგი.
როგორ გავრეცხოთ მარწყვი
ყველაზე ადეკვატური მეთოდია მარწყვის ჩაყრა სოდიან ხსნარში. 1 ლიტრ წყალში გახსენით 10 გ. საჭმელი სოდა. მოათავსეთ მასში კენკრა 10 წუთით. შემდეგ გადაწურეთ და გარეცხეთ გამდინარე წყალში.
ეს ხერხი მხოლოდ მარწყვისთვის არ არის. სამწუხაროდ, ხილის, ბოსტნეულის, კენკრის, მწვანილის უმეტესობა პესტიციდებით არის გაჯერებული. პესტიციდი ჩვენი რეალობაა, რომელსაც ვერსად დავემალებით. ამიტომ უსაფრთხოებისთვის სოდიანი ხსნარი გამოიყენეთ. ბოსტნეული ჩააწყვეთ 40-60 წუთი, მწვანილი შეგიძლიათ უფრო დიდხანს. ამით არაფერი დაგიშავდებათ და უკეთესობას კი მალე იგრძნობთ.
იცოდეთ: პესტიციდების მავნებლობა მაშინვე შეიძლება ვერ იგრძნოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ არსებობს მომენტალური და გვიანი ეფექტი. რატომ უნდა გარისკოთ, როცა უბრალოდ სოდიან წყალში ჩალბობა შველის საქმეს.
იმედია, ძალიან არ შეგაშინეთ საშიში ამბების მოყოლით, გაითვალისწინეთ, რომ სიფრთხილე შეიარაღებას უდრის. ამიტომ შევაჯამოთ: რა ვუყოთ მარწყვს ყიდვის შემდეგ? გავრეცხოთ და ჩავყაროთ სოდიან წყალში. ეს სწრაფი, მარტივი და ეფექტური ხერხია.
ნუ დაკარგავთ დროს ტყუილად, დატკბით მარწყვის არომატით და სურნელით, მისი სეზონი ხომ ძალიან ხანმოკლეა?