მჭვარტლისა და წებოვანი ცხიმის მოცილება სამზარეულოდან მარტივია, მთავარია მონდომება

0
759

ჩამჯდარი ცხიმის მოშორება სამზარეულოს ზედაპირიდან სასიამოვნო საქმე ნამდვილად არ არის, ამიტომ ხშირად ფეხს ვითრევთ ხოლმე და კიდევ უფრო ვირთულებთ საქმეს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით, როგორ გაწმინდოთ თქვენი სამზარეულო ცხიმისგან ისე, რომ არ დააზიანოთ ზედაპირები.

როგორ მოვაშოროთ ცხიმი სამზარეულოს ზედაპირებიდან

დასაწყისისთვის განვიხილოთ ის შეცდომები, რომელიც სამზარეულოს დაბინძურებას იწვევს და დალაგების პროცესს ართულებს.

  • საწმენდი საშუალების დატოვება ზედაპირებზე დიდი ხნით – ჩვენ გვგონია, რომ სწორად ვიქცევით, როცა ქიმიურ საშუალებას ვასხურებთ ზედაპირზე და ვტოვებთ ხანგრძლივად. სინამდვილეში, პირდაპირ ავეჯზე მისხურება არ არის სწორი, მითუმეტეს დიდხანს დატოვება.
  • წყალი მეტალის ნაწილებზე – ტენი არ არის საწმენდი საშუალება და არ უნდა ხვდებოდეს მეტალის ნაწილებს. ერთი-ორჯერ შეიძლება არაფერი დაემართოს, მაგრამ სისტემატიურად თუ მოხვდება, დაიჟანგება. ასეთი ადგილები უმჯობესია, გაწმინდოთ ქაღალდის ხელსახოცით, ან დასველების შემთხვევაში, გაამშრალოთ.
  • ეტიკეტზე მითითებული ინფორმაციის იგნორირება – ყურადღებით გაეცანით საწმენდი საშუალების ეტიკეტს, დარწმუნდით, რომ პროდუქტს იყენებთ მითითებულ ზედაპირზე სწორად. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ნატურალური ხის ავეჯთან პრიალა ზედაპირით. ასეთი ზედაპირები ადვილად ზიანდება სოდითაც კი, რომელიც თითქოსდა უწყინარი საშუალებაა.
  • დიდი ხნის გაუწმენდავი სამზარეულო – რეგულარულად უნდა წმინდოთ სამზარეულოს ნიჟარა, უჯრები, ქურა, კარადები და თაროები. სწორედ ამ უკანასკნელზე გროვდება ცხიმის ფენა, რომელიც რთული მოსაშორებელია. ამიტომ მინიმუმ ორ კვირაში ერთხელ გაწმინდეთ თაროები და კარადის თავები საპნიანი ხსნარით.

რჩევები სამზარეულოს დალაგებისას

  1. გამოიყენეთ რბილი სარეცხი საშუალებები – როგორც ქიმიური ხსნარები,  ისე ტილო, ღრუბელი, ჯაგრისი, კარადებისთვის ცალკე, ქურისთვის და ნიჟარისთვის ცალკე. უხეში ნივთები დაკაწრავს ზედაპირებს და მტვრის ბუდედ გადააქცევს.
  2. ორჯერ გაწმინდეთ ზედაპირები. მას შემდეგ, რაც მოაცილეთ ავეჯს ჭუჭყს და ცხიმს, კიდევ გაწმინდეთ რბილი, სუფთა ტილოთი. ასე მოაშორებთ საწმენდი საშუალებების ნარჩენებს და სისველეს.
  3. გაანიავეთ კარადები. მას შემდეგ, რაც კარადას გაწმენდთ, ცოტა ხანი ღია მდგომარეობაში დატოვეთ, რომ კარგად განიავდეს.
  4. გამოიყენეთ სოდა, ძმარი და სხვა ნატურალური საშუალებები. არ იჩქაროთ ქიმიური საშუალებების გამოყენება. ცხიმებთან საბრძოლველად სცადეთ სოდა, ძმარი ან ნიშადურის სპირტი – ხელმისაწვდომი და სრულიად უსაფრთხო საშუალებები.

საწმენდი საშუალებების ხალხური რეცეპტები

  1. ცხიმს და ჭუჭყს კარგად უმკლავდება ნარევი სოდით. აიღეთ სოდა და წყალი 1:2. მიღებული ფაფისებური მასით დაამუშავეთ ცხიმის ლაქები და რამდენიმე წუთში მოწმინდეთ.
  2. ასევე, შეგიძლიათ შეურიოთ სოდა თხევად საპონს 1:1. ის კარგად წმენდს ცხიმის ლაქებს კარადის ფასადებზე და კაფელზე. საკმარისია წაუსვათ 10 წუთი და მოაცილოთ სველი ტილოთი.
  3. შუშის ზედაპირებს იდეალურად ასუფთავებს ჩვეულებრივი ძმარი. შეურიეთ ის წყალს 1:2 და გამოიყენეთ.
  4. კიდევ ერთი ეფექტური და ნატურალური საშუალება ცხიმის წინააღმდეგ: შუშის ჭურჭელში ჩაასხით 150 მლ. სალიცილის სპირტი და დაუმატეთ 2 ს/კ ჭურჭლის სარეცხი ჟელე. გადაიტანეთ პულივიზატორიან ბოთლში. მიასხურეთ დაბინძურებულ ზედაპირებს, გააჩერეთ 10 წუთი და ჩამოწმინდეთ.

თქვენ როგორ უმკლავდებით ცხიმებს სამზარეულოში? გაგვიზიარეთ კომენტარებში.