ამბობენ, რომ პირველი ბლინი არ გამოდის. ღვეზელთან ასე დამემართა. ცომი კარგად ამოვიდა, ღვეზელი გაიზარდა და გემრიელი გამოვიდა. და მაინც ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გამომრჩა, რომელმაც მთელი შრომა წყალში ჩამიყარა. გამოცხობამდე ღვეზელებს ზემოდან არაფერი წავუსვი. ასე მკრთალი გამოვიდა, მადის აღმძვრელი სიწითლის გარეშე. ამის შემდეგ დედამ ინსტრუქცია ჩამიტარა, რა წავუსვა ღვეზელს შემდეგში.ახლა ასეთ შეცდომებს აღარ ვუშვებ. პატარა ექსპერიმენტიც ჩავატარე, რომელი პროდუქტი იძლევა საუკეთესო შედეგს. 2 ყველაზე პოპულარული მეთოდი: ათქვეფილი კვერცხი და კარაქი. Paparazzi თითოეულის უპირატესობასა და ნაკლოვანებაზე გიამბობთ. ბონუსად გთავაზობთ ღვეზელის ცომის რეცეპტს, რომელიც ყოველთვის გამოდის.
რა სჯობს წავუსვათ ღვეზელს გამოცხობის წინ
კვერცხი – დიასახლისების უმეტესობა (და პროფესიონალი კონდიტრები) ცომეულზე წასასმელად ათქვეფილ კვერცხს იყენებს. ხელმისაწვდომი პროდუქტია, რომელსაც პრაქტიკულად ყველა სამზარეულოში იპოვით. პროცესის სიმარტივის მიუხედავად, კვერცხის ჭიქურთან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.საქმე იმაშია, რომ კვერცხის ზედმეტად სქელი ფენა ან არასწორად შერჩეული კონსისტენცია ღვეზელს არა მხოლოდ მიმზიდველი ქერქით დაამშვენებს, არამედ გაამაგრებს.კვერცხის მასა სწორად რომ მოამზადოთ, კვერცხი ჩანგლით მსუბუქად ათქვიფეთ, სუფრის კოვზი წყალი და ცოტა შაქარი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და ღვეზელს წაუსვით. ასეთი ჭიქურით უფრო მოწითალო გახდება.
კარაქი – თუ ფუნთუშაში რამდენიმე კალორიის დამატება არ გაშინებთ, მაშინ ცომეულზე წასასმელად კარაქი გამოიყენეთ. კვერცხისგან განსხვავებით კარაქში გადაჭარბება რთულია. პროდუქტის წინასწარ გალღობა არ დაგავიწყდეთ.კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ღვეზელს გამდნარი კარაქი არა ცხობის წინ, არამედ მომზადებამდე ცოტა ხნით ადრე უნდა წაუსვათ. მომზადებამდე ზუსტად 10 წუთით ადრე ღუმელიდან გამოიღეთ და სილიკონის ფუნჯით გამდნარი კარაქი წაუსვით. კვლავ ღუმელში დააბრუნეთ. კარაქის ჭიქური ფუნთუშებს პრიალა ბზინვარებას მიანიჭებს.
საფუარის ცომი ღვეზელისთვის – ღვეზელი შეუდარებელი რომ გამოვიდეს, პროდუქტები არ დაზოგოთ. კარაქსა და რძეზე მომზადებული ღვეზელი ბევრად გემრიელია, ვიდრე მარგარინსა და წყალზე. სხვათა შორის, გირჩევთ, მარგარინი საყიდლების სიიდან საერთოდ გამორიცხოთ. პროდუქტი მავნებელი და ორგანიზმისთვის სახიფათოა.
ინგრედიენტები:
- 4 ჭიქა ფქვილი
- 1-2 ს/კ შაქარი
- 4 ს/კ კარაქი
- 20 გრ ახალი საფუარი
- 0,5 ჩ/კ მარილი
- 1 ჭიქა რძე
- 1 კვერცხი
მომზადების წესი:
- დიდ თასში თბილი რძე, საფუარი, მარილი, შაქარი და კვერცხი აურიეთ. გაცრილი ფქვილი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. 5-8 წუთით მოზილეთ.
- თუ ძალიან მაგარი ცომი გამოვიდა, ცოტა რძე დაუმატეთ და მოზელა გააგრძელეთ. როცა ცომი გლუვი და ერთგვაროვანი გახდება, მსუბუქად შემთბარი კარაქი დაუმატეთ და კიდევ ერთხელ აურიეთ. თასზე პირსახოცი დააფარეთ და 2-2,5 საათით გააჩერეთ.
- ამოსული ცომი ჩაზილეთ და კიდევ 40 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ კვლავ ჩაზილეთ და ფქვილ მოყრილ მაგიდაზე გადაიტანეთ.
- ცომი ძეხვივით დააგუნდავეთ, ნაჭრებად დაჭერით, ბურთები გააკეთეთ და 5 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ თითოეული ნაჭერი წრეებად გააბრტყელეთ.
- ნებისმიერი შიგთავსი დაუმატეთ და ღვეზელი გააკეთეთ. საცხობ ფორმას მცენარეული ზეთი წაუსვით ან პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და ღვეზელები მასზე გადაიტანეთ. ღვეზელები ზუსტად 5-6 სმ–ით დააშორეთ.
- 20 წუთით გააჩერეთ. კვერცხი წაუსვით და 180-200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით აცხვეთ.
შინაურულ ცომეულს ერთი მინუსი აქვს. გაჩერება რთულია, სანამ ყველაფერს არ შეჭამთ. განსაკუთრებით, თუ მოწითალო ქერქი ასე გიზიდავთ. როგორი სიამოვნებაა ფინჯანი ჩაის ან ყავის დალევა ახალგამომცხვარ ღვეზელთან ერთად. თქვენ რას უსვამთ ცომეულს?