ლობიო ჩვენი რაციონის შესანიშნავი ცილოვანი ნაწილია. მისი კულტივირების სიმარტივე ლობიოს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის, თუმცა მაინც გასათვალისწინებელია გარკვეული წესები. ამიტომ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით როდის და როგორ უნდა დარგოთ ლობიო ღია გრუნტზე.
როგორ დავრგოთ ლობიო
ლობიო უპრეტენზიო მცენარეა და კარგად გრძნობს თავს ღობის გასწვრივ, ან კიტრის რიგებს შორის. არის სითბოს მოყვარული და არ უყვარს სიცივე.ნიადაგი ლობიოსთვის უნდა იყოს ფხვიერი და არ უნდა იყოს მჟავე, ასევე, არასასურველია აზოტის ჭარბი რაოდენობა. საქმე იმაშია, რომ ლობიო თავად აგროვებს აზოტს და მისი სიჭარბე გამოიწვევს მწვანე მასის განვითარებას და დაჩაგრავს ნაყოფს.ერთი და იმავე ადგილას რეკომენდებულია დათესოთ ლობიო 3-5 წელიწადში ერთხელ. კარგია თუ წინამორბედი კულტურა იქნება კიტრი, სტაფილო, ჭარხალი, კარტოფილი.
დათესვის დრო – დათესვის დროის განსაზღვრისას გაითვალისწინეთ ჰაერის ტემპერატურა. ლობიოს თბილი ამინდები უყვარს და აფუჭებს ყინვა.ასევე გასათვალისწინებელია ნიადაგის ტემპერატურა. ლობიოს თესლი განვითარებას იწყებს +10 გრადუსზე. თუ ტემპერატურა დაბალია, თესლის გაღვივება და მოსავლის რაოდენობა მკვეთრად მცირდება.
თესლის მომზადება – უხვი მოსავლის მისაღებად საჭიროა შეარჩიოთ ჯანსაღი და მაღალი ხარისხის თესლი. ასევე აუცილებელია ლობიოში მავნებლების არსებობის გამორიცხვა. აიღეთ 5 გრ. მარილი, გახსენით ნახევარ ჭიქა წყალში. შემდეგ ამ წყალში ჩაყარეთ თესლი.ჯანსაღი ლობიო წყალში ჩაიძირება, ხოლო გაფუჭებულები კი ზედაპირზე ამოვლენ. თესლის მალე გასაღვივებლად საჭიროა დარგვამდე მისი დალბობა და გათბობა. შეგიძლიათ ჩაყაროთ თერმოსში თბილ წყალთან ერთად და გააჩეროთ ასე 10-15 წუთი. ასე თესლი უფრო სწრაფად აღმოცენდება.
მორწყვა და კვება – კვირტების გამოსვლამდე მორწყეთ არაუმეტეს კვირაში ერთხელ. -5 ფოთლის სტადიიდან მორწყვა უნდა შეწყვიტოთ და განაახლოთ მხოლოდ ყვავილობის დაწყებისას. პირველი სასუქი საჭიროა მისცეთ დათესვიდან მე-12 დღეს. გახსენით წყალში 2 ს/კ ორგანული სასუქი და მოასხით 3 ლიტრი კვადრატულ მეტრზე.მეორე კვებისთვის გამოიყენეთ მინერალური სასუქი. გააზავეთ 1 ს/კ 10 ლიტრ წყალში. ეს უნდა გააკეთოთ პირველი კვებიდან მე-12 დღეს. კარგ ეფექტს იძლევა ზრდის სტიმულატორის მიცემა 20 დღეში ერთხელ.
როგორ დავიცვათ ლობიო მავნებლებისგან – თუ ლობიოს თესლი არ აღმოცენდება, შეამოწმეთ რა ხდება მიწის ქვეშ. ნახავთ, რომ მარცვლები გახვეულია თეთრი ჭიების ბურთში. ეს არის ნემატოდები, რომლებიც ანადგურებენ თესლს.
ლობიოს მოსავლის აღება – ლობიო საჭმელად ვარგისია, როდესაც თესლი პარკში იწყებს ზრდას. შემდეგ მწვანე საფარი იწყებს ხმობას და მარცვლები სრულყოფილად ფორმირდება. ლობიოს მოსავალი მზად არის ასაღებად. უნდა მოჭრათ მთლიანად ბუჩქი და დადოთ ბოლომდე გასაშრობად. უმჯობესია ფესვები მიწაში დატოვოთ – ის შესანიშნავი სასუქი იქნება.
თქვენ გიცდიათ ლობიოს მოყვანა? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.