მშობლები ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ბავშვის ცხოვრებაში. დედის და მამის მოვალეობაა უზრუნველყონ შვილის ჯანმრთელობა და განვითარება. ასევე, აუცილებელია მის უსაფრთხოებაზე ზრუნვა და დაცვა გარე ფაქტორების მავნე ზეგავლენისგან. რაც უფრო იზრდება ბავშვი, ეს გავლენა უფრო მეტია – მეგობრები, თანაკლასელები, უბრალო ნაცნობები სხვადასხვა სახის გავლენას ახდენენ მის თვითშეფასებაზე, განვითარებასა და აზროვნებაზე.მოზარდისთვის თანატოლების აზრი უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე მშობლების. ეს მშობლის შეშფოთებას იწვევს და ფიქრობენ, როგორ დაიცვან შვილი პოტენციური საფრთხისგან და მავნე ზეგავლენისგან. ამ დროს მხედველობის მიღმა რჩებათ ერთი რამ, რაზეც დღეს პაპარაცის ამ სტატიაში ვისაუბრებთ.
მეგობრები ბავშვის ცხოვრებაში
ნეიროფიზიოლოგი, გამოყენებითი ფსიქოლოგიის სპეციალისტი კირილ ხმასკი ამბობს, რომ მშობლების აკრძალვები არ იცავს ბავშვს ცუდისგან. მისი ქცევა ყალიბდება მანამდე, სანამ ის იპოვის კონტაქტებს ოჯახს გარეთ. სწორედ ოჯახი აყალიბებს ბავშვში სტერეოტიპებს, პრიორიტეტებსა და მსოფლმხედველობას, ჩვევებს, მიმიკას, ქცევას. ის ღრუბელივით ისრუტავს იმ გარემოს წესებს, რომელშიც ის იმყოფება.
ნეიროფიზიოლოგიისა და ნეირობიოლოგიის დარგში ჩატარებული კვლევები ცხადყოფენ, რომ ადამიანის ქცევა გენეტიკურ დონეზე წინასწარ არის განსაზღვრული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ბავშვის მეგობრები იქცევიან მიუღებლად, მაშინ მათ ნახეს მსგავსი ქცევა ოჯახურ წრეში, მეგობრებსაც თავის მსგავსს ირჩევენ. ამგვარად, ბავშვის დასაცავად ცუდი ზეგავლენისგან მხოლოდ ერთი გზა არსებობს – აღზარდოთ ის ადამიანად, რომელსაც ეზიზღება ცუდი საქციელი. ეს ვარიანტი შესაძლებელია ერთი პირობით: მშობლები ვალდებულნი არიან გააანალიზონ თავიანთი ქცევა და აღმოფხვრან ნაკლოვანებები საკუთარი თავში.
როგორ მოვიქცეთ მოზარდებთან – მოზარდობის ასაკში ბავშვისთვის მეგობრები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მშობლები, რადგან ამ პერიოდში ბავშვი ეძებს საკუთარ თავს და თავის მსგავს სამეგობრო წრეს. შვილის ქცევის, უპირატესობებისა და გარეგნობის გაკრიტიკება ძირს უთხრის მის ნდობას მშობლების მიმართ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მშობლები ცდილობენ დაიცვან მოზარდები მეგობრების ცუდი გავლენისგან, ეს კიდევ უფრო აშორებს შვილს მათგან.პირველი რაც უნდა გააკეთოთ, ეს არის კრიტიკის შეწყვეტა. მაშინაც კი, თუ ბავშვი დაეთანხმება მშობლებს, რომ მეგობრები ცუდად იქცევიან, ის ქვეცნობიერად მაინც დაიცავს თავის მეგობრებს. უნდა გვესმოდეს, რომ თუ მშობელი აკრიტიკებს მეგობრებს, მაშინ აკრიტიკებს შვილს და ეს მხოლოდ ამძიმებს სიტუაციას.
იმისათვის, რომ მოიპოვოთ შვილის ნდობა, თქვენ უნდა ისწავლოთ მასთან ურთიერთობა და არ აუკრძალოთ ყველაფერი ერთად. ზოგჯერ მშობლები კრძალავენ აბსოლუტურად უაზრო რამეებს. ყოველთვის უნდა აუხსნათ თქვენი ქცევის მიზეზი, არ შეიძლება უბრალოდ თქვათ “მე არ მომწონს შენი მეგობარი, შეწყვიტე მასთან საუბარი”. აუცილებელია აუხსნათ საეჭვო მეგობრის კონკრეტული ქმედება, რომელიც თქვენს შეშფოთებას იწვევს: „არ მინდა შენს მეგობარივით უსიამოვნებაში გაეხვე, რადგან მე შენზე ვნერვიულობ“, „შენ კარგი მეგობრები გყავს, მაგრამ მათ კანონთან პრობლემები აქვთ. მე მინდა შენი დაცვა.”
მშობლებს უფლება აქვთ დაუწესონ გარკვეული წესები შვილებს. გვიან ღამემდე სეირნობა ან მეგობრებთან ღამით დარჩენა უნდა იყოს დამსახურებული. თუ ბავშვი მშობლების ნდობით ცუდად ისარგებლებს, ის უნდა დაისაჯოს, ოღონდ არა ფიზიკურად და არა ჩხუბით. დასჯა უნდა გამოიხატოს სეირნობის აკრძალვით, ტელეფონის ჩამორთმევით და ა.შ. ბავშვი პასუხისმგებელი უნდა იყოს თავის ქმედებებზე და იცოდეს, რომ ცუდი საქციელი გამოიწვევს უარყოფით შედეგებს. სჯობს ეს მშობლებმა დროულად გააკეთონ, ვიდრე დაელოდონ, სანამ ბავშვი კანონს დაარღვევს.
რჩევა რედაქციისგან: ყოველთვის დაინტერესდით თქვენი შვილის ცხოვრებით, ჰკითხეთ როგორ ჩაიარა დღემ და სჭირდება თუ არა რამეში დახმარება. ბავშვთან კავშირის გაწყვეტა ძალიან მარტივია და ძალიან რთულია ამ კავშირის აღდგენა. საჭიროა დიდი დრო, სიყვარული და მოთმინება. თუ მოზარდთან საერთო ენას ვერ პოულობთ, დაუკავშირდით ფსიქოლოგს, რომელიც დაგეხმარებათ ნდობის დაბრუნებაში.
თქვენ როგორი ურთიერთობა გაქვთ მოზარდ შვილებთან? გაგვიზიარეთ კომენტარებში.