მე მქვია მარიამი. მე, როგორც ყველა ქალი, ვოცნებობდი, გავმხდარიყავი დედა, მინდოდა ჯანმრთელი შვილი მყოლოდა.როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ ტესტზე დიდი ხნის ნანატრი ორი ზოლი დავინახეთ, ძალიან გაგვიხარდა. ექვსი კვირის შემდეგ მივედი გინეკოლოგთან და დავრეგისტრირდი. მე-12 კვირაზე წავედი და გავიკეთე პირველი ექოსკოპიური გამოკვლევა. საოცრად ამაღელვებელი იყო: როცა ჩემი ბავშვის გულის ცემა გავიგე.
მაგრამ ექიმის სახის გამომეტყველებით მივხვდი, რომ ჩემს შვილს რაღაც ჭირდა. ექიმმა სამედიცინო ტერმინებით დაიწყო ლაპარაკი, მაგრამ გავიგე ყველაზე მნიშვნელოვანი: შესაძლებელია ჩემი შვილი დაუნის სინდრომი ჰქონოდა.
შოკში ვიყავი! როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? ექიმმა გამგზავნა დამატებით გენეტიკურ გამოკვლევაზე, შემდეგ საჭირო გახდა კიდევ ერთი ექოსკოპიის გაკეთება დიაგნოზის დასადასტურებლად.კლინიკიდან ძლივს გამოვედი, მწარედ ვტიროდი. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა.
და თუ დიაგნოზი დადასტურდება, რა უნდა ვქნა? აბორტი? მე და ჩემი ქმარი ხომ ვოცნებობდით შვილზე, მაგრამ ქმარს სურს ასეთი ბავშვი? მე გადავწყვიტე საერთოდ არაფერი მეთქვა მისთვის. მომდევნო ორი კვირა გავატარე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების შესახებ ინფორმაციის მოძიებაში. სარეაბილიტაციო ცენტრშიც კი წავედი, სადაც ასეთი ბავშვების დედებს ვესაუბრე. მივხვდი, რომ ეს ჩვეულებრივი ბავშვები არიან, ისინი მხოლოდ ცოტათი ჩამორჩებიან განვითარებაში სხვებს. სხვა შემთხვევაში ისევე იქცევიან, როგორც სხვა ბავშვები: თამაშობენ, საუბრობენ. მათი დედები ბედნიერები იყვნენ, რომ მაინც გადაწყვიტეს ბავშვის შენარჩუნება და აბორტი არ გაიკეთეს.
გადავწყვიტე, რომ თუ ყველაფერი დადასტურდებოდა და ექიმები შემომთავაზებდნენ აბორტს, მაშინ ამაზე არ დავთანხმდებოდი. უკვე ვგრძნობდი, როგორ მოძრაობდა ჩემი შვილი ჩემში და მივხვდი, რომ ვერ მოვკლავდი.დიაგნოზი დადასტურდა: უნდა მყოლოდა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი. ამ ხნის განმავლობაში უკვე შევეჩვიე ამ აზრს და ამიტომ სიახლე არ გამკვირვებია.პირდაპირ ვერ გავბედე ამის შესახებ ჩემს ქმრისთვის მეთქვა და გადავწყვიტე შორიდან მომეარა. მოვუყევი ამბავი ქალზე, რომელიც თითქოს ჩემთან ერთად იჯდა კლინიკაში რიგში. მას დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი უნდა ჰყოლოდა და გადაწყვიტა მისი დატოვება.
ჩემმა ქმარმა მოისმინა ეს ამბავი. შემდეგ კი თქვა, რომ ასეთი ბავშვის მოშორება სჯობდა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ და არ მეთქვა სიმართლე მისთვის.მეგონა, როცა ჩვენი შვილი დაიბადებოდა, ქმარი შეეგუებოდა. დანიშნულ დროს ბიჭი გავაჩინე. ჩემს ქმარს გავუგზავნე შვილის ფოტოები, სადაც არ ჩანდა, რომ ბავშვს რაღაც სჭირდა.
სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ ვუთხარი, რომ ბავშვს პრობლემა ჰქონდა. ძალიან გაბრაზდა, ყვიროდა, რომ ეს ექიმებს როგორ გამოეპარათ! სწორედ მაშინ ვაღიარე, რომ თავიდანვე ყველაფერი ვიცოდი და ვერ ვუთხარი, რადგან მე არ შემეძლო მისი მოკვლა.
- არ მინდა და არ შემიძლია შენთან ცხოვრება. მე ვერ მივიღებ ამ ბავშვს! შენ მომატყუე! შენ გადაწყვიტე ყველაფერი ჩემს გარეშე! მე შენთან არ ვიცხოვრებ!
- მაგრამ რა ეშველება ჩვენს შვილს? მას სჭირდება ზრუნვა და ყურადღება, მამა სჭირდება! – ვცდილობდი ამეხსნა ჩემი ქმრისთვის.
- ავადმყოფი ბავშვი არ უნდა გაგეჩინა! შენ თვითონ გადაწყვიტე მისი დატოვება! ჰოდა, მიხედე!
და ის წავიდა და მე დავრჩი ერთი თვის ავადმყოფი ბავშვით ხელში. მთელი წელი გავიდა. მე და ჩემმა შვილმა დიდი გზა გავიარეთ. ბიჭუნა ვითარდება და იზრდება.მე და ჩემი ქმარი საბოლოოდ დავშორდით. დედამთილ-მამამთილიც არ ურთიერთობენ ჩემთან. ყველაფერში დედა მეხმარება. ვნანობ თუ არა ბავშვის დატოვებას? არა, არ ვნანობ, ვნანობ მხოლოდ იმას, რომ შემეშინდა და ქმარს სიმართლე მაშინვე არ ვუთხარი.
ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ მყავს შვილი, რომელიც ძალიან მიყვარს.