სისხლიანი გრაფინია ბატორი დღიურში იწერდა თავისი 650 მსხვერპლის წამების პროცესებს

835

1560 წელს, უნგრეთში ცნობილი ბატორების ოჯახში დაიბადა გოგონა, რომელსაც ელისაბედი დაარქვეს. ეს გახლდათ არაფრით გამორჩეული გრაფინია, რომელიც, პოლიტიკური კავშირის დასამყარებლად, სხვა დინასტიის წარმომადგენელზე უნდა დაქორწინებულიყო.

იგი ისტორიაში შედის, როგორც ყველა დროის ყველაზე სასტიკი ქალი. სისხლიანი გრაფინია გინესის რეკორდების წიგნშიც კი შევიდა. იგი აღიარეს სერიულ მკვლელად, რომელიც, ქალებს შორის, რეკორდსმენი იყო, მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით.

ელისაბედის სასამართლო პროცესი 1611 წლის 1 იანვარს დაიწყო და 10 დღეზე მეტხანს გრძელდებოდა. 20 მოსამართლე, მზის ამოსვლიდან – ჩასვლამდე, 300-ზე მეტი მოწმის ჩვენებებს ისმენდა, მასობრივი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.

თავიდან ითვლებოდა, რომ გრაფინიამ აწამა და მოკლა 37 გოგონა, მოგვიანებით კი სასამართლომ მას 80 ადამიანის მკვლელობაში დასდო ბრალი. ერთ-ერთმა მოწმემ, ჟუჟანამ, სასამართლოს ამცნო დღიურის შესახებ, რომელშიც ბატორის თავისი მსხვერპლების სახელები ჰქონდა შეტანილი. აღმოჩნდა, რომ ქალს 650 ადამიანი მოუკლავს წამებით.

დღიური დღემდე არაა ნაპოვნი, თუმცა, სხვა მოწმეები ამტკიცებდნენ იმ ასობით გვამის შესახებ, რომლებიც გრაფინიას სასახლიდან 1600-11 წლებში გაიტანეს.

ელისაბედი პოლონელი მეფის, სტეფან ბატორის ბიძაშვილი იყო, მისი ძმები დიდებული მებრძოლები და მმართველები გახდნენ. ბატორის მამამ, დიორდმა, ქალიშვილი მიათხოვა ბარონ ფერენც ნადაშდის, რომელიც უნგრულ არმიანს თურქების წინააღმდეგ ომში მიუძღოდა.

ქალმა ფერენცს ოთხი შვილი აჩუქა და ერთი ბავშვი მოსამსახურისგან გააჩინა. სასტიკმა ბარონმა მკაცრად დასაჯა ცოლის საყვარელი: გაუკეთა კასტრაცია და ცოცხალ-მკვდარი მამაკაცი ძაღლებს მიუგდო საჭმელად. გაჩენილი ბავშვი მაშინვე მოკლეს, რათა მას, თავისი არსებობით, ცნობილი გვარი არ შეერცხვინა.

სანამ ქმარი ომში იყო, გრაფინია გიჟდებოდა მისთვის ნაჩუქარ ჩახტიცკის სასახლეში. ერთხელ მას, ახალგაზრდა მოსამსახურის მორიგი ცემის დროს, მოეჩვენა, რომ გოგონას დაღვრილი სისხლი გრაფინიას კანს აახალგაზრდავებდა.

იმ მომენტიდან, ელისაბედი სრულად შეიშალა – მან დაიწყო ახალგაზრდა გლეხების ხოცვა, სისხლის მისაღებად. გოგონები დიდხანს იტანჯებოდნენ: გრაფინიას უყვარდა მათი ჩხვლეტა ნემსებით, სხეულის ნაწილების მოჭრა, მოწვა და მოყინვა, შიმშილობა და მათრახით ცემა.

შემდეგ, გრაფინიას ერთგული მოსამსახურეები ახალგაზრდა მსხვერპლებს კაუჭებზე ჰკიდებდნენ, რათა მათ სისხლი დაეღვარათ, რომლითაც დიასახლისის ქვის აბაზანას ავსებდნენ. ბატორი თვლიდა, რომ გოგონების სისხლი მას აახალგაზრდავებდა და აძლიერებდა.

სასახლეში გლეხებს იტყუებდნენ იმ ჭორებით, რომ, თითქოს, კეთილი ქალბატონი მათ მანერებსა და ეტიკეტის წესებს ასწავლიდა, ხანდახან კი უბრალოდ სასახლეს ათვალიერებდნენ. როცა უკვე ძალიან ბევრი გოგონა დაიკარგა, მოსახლეობამ რაღაც იეჭვა და მღვდელს მიმართა, ამ უკანასკნელმა კი 1604 წელს ხელისუფლებას მიმართა გამოძიების დაწყების თხოვნით.

მეფე მარტიაშ II-მ მხოლოდ 1610 წელს ინება რეაგირება და ტიორდ ტურზო, უნგრეთის პალატის წევრი, საქმის გამომძიებლად დანიშნა. მომდევნო წლის განმავლობაში, სასამართლო ორგანოებმა დაკითხეს ასობით მოწმე და იპოვეს არსებითი მტკიცებულებები – ადამიანის სხეულის ნარჩენები.

1610 წლის 29 დეკემბერს, ელისაბედ ბატორი დააკავეს. მის მსახურებს: მომვლელ ილონა იოს, სახლის გამგებელ დოროთეი შემტესს, მოსამსახურე კატა ბენეჩკოსა და ჯუჯა იანოი უივარის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, თვითონ გრაფინია კი მის საკუთარ ოთახში გამოკეტეს.

სასახლის სარდაფებში იპოვეს ახალგაზრდა გოგონების ცხედრები და კიდევ რამდენიმე ნაწამები, თუმცა ცოცხალი მსხვერპლი.

3 წლის შემდეგ, ელისაბედი გარდაიცვალა. სიკვდილის წინ, იგი დაცვასთან ჯანმრთელობას უჩიოდა, თუმცა მას არაფრის გაკეთება არ შეეძლო: ბატორის ოთახის კარი დალუქული იყო და გარე-სამყაროსთან მხოლოდ პატარა ხვრელი აერთიანებდა, რომელიც საკვებისა და სასმლის შესაწოდებლად გამოიყენებოდა.

თანამედროვე ისტორიკოსებმა წამოაყენეს ვერსია, რომ გრაფინია ბატორის სასამართლო პროცესი პოლიტიკური თამაში იყო. იგი უბრალოდ მოწინააღმდეგეებმა მოაწყვეს, ყველა მკვლელობა და წამება კი მას მიაწერეს.

ამ ჰიპოთეზის სასარგებლოდ მეტყველებს მაშინდელი რელიგიური განსხვავებულობებიც – ბატორი პროტესტანტი იყო, ხოლო მეფე – კათოლიკე. თუმცა, ვერსია დამაჯერებლად ნამდვილად არ ჟღერს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს