ჩემი მშობლები ჩეჩნები არიან. მამამ 106 წელი იცოცხლა და 11 ცოლი ჰყავდა. ჩემი დაბადების შემდეგ ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მე მამასთან დავრჩი. მისი მეორე მეუღლე ებრაელი ქალი სოფია იყო, რომელმაც ნამდვილი დედობა გამიწია. მე მიშა მქვია, მაგრამ დედაჩემისთვის ყოველთვის მოიშე ვიყავი.
ეზოში ბიჭები დამცინოდნენ, მეუბნებოდნენ: “საინტერესო ოჯახი გყავს, მოიშე: დედა ებრაელი გყავს, მამა კი – ჰიტლერელი”. ძლიერ და ვაჟკაც ჩეჩნებს აქ ასე ეძახდნენ.
დედას ორი საუკეთესო მეგობარი ჰყავდა: ფირა და როზა. ისნი ჩვენზე უკეთესად ცხოვრობდნენ და ყოველ ჯერზე, როდესაც დედა მათთან მიდიოდა, ჩემთვის რაიმე გემრიელი მოჰქონდა. ის თვითონ არ ჭამდა, მე მაძლევდა. ვეკითხებოდი, შენ რატომ არ ჭამო და მეუბნებოდა, რომ თვითონ არ უნდოდა.
ცეკვა ბავშვობიდან მიყვარდა. სკოლის შემდეგ ცეკვის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა ქარხანასთან არსებულ სტუდიაში. ამის სანაცვლოდ ხორცის კომბინატიდან ძვლებს მატანდნენ. დედაჩემი ამ ძვლებს ხორცებს აცლიდა და კატლეტებს ამზადებდა. მას შეეძლო, რომ საერთოდ არაფრისგან სადილი მოემზადებინა. ის ძალიან გემრიელად ამზადებდა და ყოველთვის სწყინდა, თუ არ შევჭამდი.
ერთხელ ქორწილში დაგვპატიჟეს. დედამ მითხრა: “ხვალ ქორწილში მივდივართ, წესიერად შეჭამ. იცოდე, არ მოგერიდოს, სახლში ასეთი საჭმელი არ გვაქვს. და კიდევ, მოიშე, როდესაც გთხოვენ, რომ იცეკვეო, ადექი და იცეკვე. როდესაც გთხოვენ, იმღერეო, მაშინ იმღერე, მაგრამ თავი აქეთ-იქით არ ატრიალო. დედაშენს უყურე და მისთვის იმღერე”. დედაჩემის რჩევებს ყოველთვის ყურადღებით ვუსმენდი და ვასრულებდი კიდეც. შემდეგ მე და დედაჩემს გვაქებდნენ და ამბობდნენ: “ყოჩაღ, სოფია! რა კარგად აღგიზრდიათ ებრაელი ბიჭი. სხვა ბავშვები მხოლოდ რუსულად მღერიან, თქვენსას კი მშობლიური ენა არ დაუვიწყებია.”
შედეგად, სამსახური შემომთავაზეს ყირგიზეთის ოპერისა და ბელეტის თეატრში, რის შემდეგაც შემოსავალი გამეზარდა. მანამდე ძალიან ღარიბულად ვცხოვრობდით.
წარმოდგენების შემდეგ ყველას ყვავილებს ჩუქნიდნენ, მე კი არა. დედა ყოველთვის მეკითხებოდა:
– მოიშე, რატომ არის, რომ სხვებს ყვავილებს ჩუქნიან, შენ კი არა?
– იმიტომ, რომ ჩვენ ნათესავები არ გვყავს, დედა.
– მერე რა? ყვავილებს მაყურებელი არ ჩუქნის?
– არა, დედა, ნათესავები.
ერთხელ სახლში დაბრუნებულმა ვნახე, რომ დედაჩემი საწოლის ქვეშ რაღაცას ეძებდა.
– დედა, მანდ რა გინდა? ადექი, მე თვითონ ავიღებ, თუ რამე გჭირდება.
– მოიშე, იცი, შენს ფეხებს ვხედავ. ხოდა, ისე მოიქეცი, რომ ეს ფეხები აქ აღარ ვნახო.
მე ოთახიდან გამოვედი, მაგრამ კარის ჭრილში დავინახე, რომ დედამ საწოლის ქვეშიდან რაღაც შეკვრა ამოიღო, გახსნა და ფული აიღო.
– ფული რად გინდა, დედა?
– დაკრძალვისთვის ვაგროვებდი, დედა ღირსეულად რომ დაგემარხა. არაუშავს, როგორმე დამმარხავ.
მეორე დღეს პირველივე აქტის შემდეგ დიდი თაიგული მაჩუქეს. მეორე აქტის შემდეგ – კიდევ ერთი. როდესაც მესამე აქტი დასრულდა და ისევ თაიგული მომართვეს, მივხვდი, რომ ეს დედაჩემის ნამოქმედარი იყო. რაც არ უნდა იყოს, იმ დღის შემდეგ თეატრში ყველამ დაიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ უამრავი ყვავილი მომართვეს და ამის შემდეგ მაყურებელმაც დაიწყო ჩემთვის ყვავილების მორთმევა.
დედას ძალიან უხაროდა და მეუბნებოდა, რომ ადამიანები, როგორც იქნა, მიხვდნენ, რომ მე ყვავილებს ვიმსახურებდი.
დედას ყოველთვის უნდოდა, რომ ცოლად ებრაელი გოგო მომეყვანა, მაგრამ მე სომეხი ნინა შემიყვარდა. მე მას დიდხანს დავდევდი, შემდეგ კი ქორწილი გადავიხადეთ. დედა ნინას არ ეჩხუბებოდა, მაგრამ არც ემეგობრებოდა. ჩვენი ქალიშვილის დაბადების შემდეგ რძალ-დედამთილს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა. დედას თავისი შვილიშვილი ძალიან უყვარდა.
მახსოვს, ერთხელ დედამ მითხრა: “ იცი, მოიშე, ნინა ცუდი გოგო არ არის, მაგრამ ებრაელი მაინც უკეთესი იქნებოდა”.
ჩემმა ებრაელმა დედამ 91 წლამდე იცოცხლა. ის განსაკუთრებული ქალი იყო, რომელმაც სხვისი შვილი თავის შვილებზე მეტად შეიყვარა. მე ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, რაც მან ჩემთვის გააკეთა. მე ის არასოდეს დამავიწყდება. საკუთარი დედა კი არასოდეს მინახავს…