პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საკუთარ ისტორიას ელენე გვიამბობს.
მოხდა ისე, რომ ბავშვთან ერთად სამშობიაროდან არავინ წამოგვიყვანა.
მრავალი წლის შემდეგ გადავწყვიტე ამ ყველაფრის მოყოლა, თუმცა ეს თემა ჩემთვის ახლაც კი ისეთივე მტკივნეულია, როგორც ადრე.
გოგონა დროულად დაიბადა, წონა – 3300 კგ, სიმაღლე – 50 სმ. ბავშვი დილის 5 საათზე დაიბადა.
ჩემი შვილი ჯანმრთელი უნდა დაბადებულიყო, მაგრამ ამას ხელი გარკვეულმა გარემოებებმა შეუშალა.
ძალიან მძიმე მშობიარობა მქონდა, ბებიაქალები ვერ გაუმკლავდნენ.
გამჭრეს, მაგრამ დააგვიანდათ… ბავშვს საშინელი ჰიპოქსია განუვითარდა, შემდეგ კი – ჰიდროცეფალია, პნევმონია… ცერებრალური დამბლა.
ეს საშინელი დიაგნოზი რომ მოვისმინე, მეგონა ვერ გადავიტანდი. ბავშვი ჯერ რეანიმაციაში იწვა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული და მხოლოდ თავის პატარა ხელებს ამოძრავებდა ოდნავ. ბევრს ვტიროდი, ექიმები კი მარწმუნებდნენ, რომ მასზე უარი მეთქვა, კიდევ გააჩენო. ამ ყველაფრის გაგების შემდეგ ჩემი ქმარი დიდხანს დუმდა, შემდეგ კი მითხრა, რომ ექიმები მართალს ამბობენ, მასზე უარი უნდა ვთქვათო. როდესაც ვუთხარი, რომ საკუთარ შვილს არასოდეს დავტოვებდი, ჩემმა ქმარმა უბრალოდ მითხრა, რომ ჩვენთან ერთად არ იცხოვრებდა და წავიდა.
ასე დავემშვიდობეთ ერთმანეთს. სამშობიაროდან სახლში დაბრუნებულს ძალიან გამიჭირდა. გოგონას ვიქტორია დავარქვი. მე მას ხშირად ველაპარაკებოდი და მეჩვენებოდა, რომ მას ყველაფერი ესმოდა, როდესაც საპასუხოდ თვალებს ახამხამებდა. ეს იყო ერთადერთი რამ, რაც მას შეეძლო. ყველა ექიმი შემოვიარე, მაგრამ, სამწუხაროდ, უფულოდ შორს ვერ წახვალ. უკვე იმედს ვკარგავდი…
დახმარება ჩემს ქმარს ვთხოვე, მაგრამ ის თავს მარიდებდა. მივხვდი, რომ არაფრის შეცვლა არ შემეძლო… ჩემთვის ბავშვზე უარის თქმა სიკვდილის ტოლფასი იყო… ჯობდა, უბრალოდ მოვმკვდარიყავი… კარი ბოლომდე გამოვაღე, რომ ვინმე შემოსულიყო. ფანჯრის რაფაზე მინდოდა ასვლა, როდესაც ჩემმა შვილმა დაიყვირა. ეს მისი პირველი ყვირილი იყო. მას შიოდა.
რაც მაშინ განვიცადე, სიტყვებით რთული გადმოსაცემია. ფანჯარა მივხურე და სიკვდილზე ფიქრი სამუდამოდ დავივიწყე. ასე, ბავშვით ხელში დიდხანს დავდიოდი და პირობა დავდე, რომ მას არასოდეს მივატოვებდი.
გადავწყვიტე, რომ დახმარება მეთხოვა. იმ დროს ინტერნეტი ასეთი პოპულარული არ იყო და არც სოციალური ქსელები არსებობდა. დავდიოდი და განცხადებებს სადარბაზოებში ვაკრავდი.
უამრავი გულისხმიერი ადამიანი გამოჩნდა, რომლებიც პროდუქტებითაც გვეხმარებოდნენ, ფულითაც და ტანსაცმლითაც. ცოტა ამოვისუნთქეთ და ცოტ-ცოტა განვაგრძეთ მკურნალობა. ცოტა ხნის შემდეგ ერთი მამაკაცი გავიცანი. პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს, მან უზარმაზარი თოჯინა მოიტანა და ცოტაოდენი ფულიც გვაჩუქა.
ის ყოველთვის ოცნებობდა, რომ მამა ყოფილიყო, მაგრამ არც შვილები ჰყავდა და არც ცოლი. ის ძალიან ნაზად უყურებდა ვიქტორიას, სხვებისგან განსხვავებულს, განსაკუთრებულს. კოტე ჩვენთან სულ უფრო ხშირად მოდიოდა, ჩვენთვის საჩუქრები მოჰქონდა. ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა და ის საცხოვრებლად ჩვენთან გადმოვიდა.
კოტე სამსახურში ძალიან დიდ დროს ატარებდა და ჩვენს განებივრებას ცდილობდა. მე კი სახლში ვიყავი, ჩვენს ქალიშვილთან ერთად. კოტე ყოველთვის ამბობდა, რომ ის “ჩვენი” ქალიშვილი იყო.
ჩვენ ისიც კი მოვახერხეთ, რომ რეაბილიტაცია გერმანიაშიც გავიარეთ.
ჩემმა შვილმა ძალიან ხანგძლივი და სერიოზული რეაბილიტაცია გაიარა, ახლა ეს ყველაფერი უკვე წარსულშია. ახლა ჩემი ქალიშვილი 25 წლისაა, მისი უმცროსი ძმა კი – ოცის. ჩვენს ოჯახზე უფრო ბედნიერი ოჯახი, ძნელად მოსაძებნია. ვიქტორიას ძალიან უყვარს მამამისი და ის პირველი თოჯინაც კი შენახული აქვს. გარდა ამისა, ჩვენი ქალიშვილი ცურვის ოსტატია.
სასწაული? არა, ჩვენ უბრალოდ ყველაფერი რწმენით, სიყვარულით და მოთმინებით გადავლახეთ…
ეს ჩემთვის ისევ მტკივნეული თემაა, მაგრამ ამ ყველაფერს იმისთვის ვყვები, რომ ბევრია ასეთი დედა, რომელიც დახმარების, ფულისა და ახლობლების გარეშე აღმოჩნდება ხოლმე. თუმცა, ყოველთვის შეიძლება შესაძლებლობის პოვნა, ბავშვის ფეხზე დასაყენებლად. ჩემი შვილი გამოჯანმრთელდა, მაგრამ არა 100%-ით, თუმცა ეს არანაირად არ აისახა მის მის მიღწევებსა და წარმატებებზე, როგორც სპორტში, ასევე პირად ცხოვრებაში.
ამიტომ, ყველას მინდა ვუსურვო, რომ არ დაკარგონ რწმენა საკუთარი თავისა და შვილის მიმართ. ნუ დაკარგავთ მოთმინებას, დააფასეთ და გიყვარდეთ ის ყველაფერი და ისინი ვინც გყავთ… ბედნიერებას გისურვებთ!