ოთახის მცენარე ინტერიერს ამშვენებს, მყუდროებას მატებს და ადამიანისთვის სარგებელი მოაქვს. სწორი მოვლის პირობებში უხვი ყვავილობით დაგაჯილდოებთ. დამწყებთათვის სუკულენტები შესაფერისია. განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება და გარეგნულად ლამაზია. კრასულა, ბარაქის ხე, ყველაზე გავრცელებული სუკულენტია. ამბობენ, რომ კრასულას აყვავილება თითქმის შეუძლებელია, თუმცა მორწყვის რეჟიმის დაცვით ლამაზი ყვავილებით აუცილებლად გაგახარებთ. Paparazzi გიამბობთ, როგორ იზრუნოთ ფულის ხეზე სწორად, რომ აყვავილდეს.
ფულის ხე – კვერცხისებრ კრასულას ხალხში ფულის ხეს უწოდებენ და ფინანსების მოზიდვის უნარს მიაწერენ. მას, როგორც ფულის თილისმას, ნათესავებს და მეგობრებს ხშირად ჩუქნიან. კარგი ნიშანია, თუ ფულის ხე ყვავილებით დაიფარა. სწორი მოვლის პირობებში სუკულენტი მარტივად ყვავდება. ამ საკითხში სწორი მორწყვა დიდ როლს თამაშობს.
კრასულას მორწყვა – მცენარეს ზედმეტი ტენიანობა არ სჭირდება, ამიტომ დანამვა საჭირო არაა. ზედმეტად არ მორწყათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიღუპება. მიწის ტენიანობა 5 სმ სიღრმეზე ხის ჩხირით შეამოწმეთ. თბილ სეზონზე კვირაში 2–ჯერ, ხოლო ცივ სეზონზე თვეში ერთხელ მორწყვა საკმარისია. წყალი ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე დღე გააჩერეთ. ზოგჯერ გამოკვებეთ. სარწყავ წყალს სუკულენტებისთვის განკუთვნილი სასუქი დაუმატეთ.
კრასულას გადარგვა და გამრავლება – სუკულენტი ნელა იზრდება. ქოთნის ხშირად გამოცვლა არ სჭირდება. გადარგვისას ფესვებს მიწა არ მოაშოროთ. მიწიანად ახალ ქოთანში ჩადეთ, ცარიელი ადგილები შეავსეთ და მორწყეთ. სადრენაჟო ფენა აუცილებლად დაუმატეთ.
გამრავლების რამდენიმე მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ბუჩქის დაყოფა ერთ–ერთია. კრასულა რამდენიმე დამოუკიდებელ მცენარედ შეგიძლიათ დაყოთ, თუ ძალიან გაიზარდა. კალმიდან, ტოტიდან ან ფოთლიდან მარტივად შეგიძლიათ გაზარდოთ. ადვილად ფესვიანდება. თესლითაც მრავლდება. ამ მეთოდს ყველაზე ხშირად სელექციონერები იყენებენ, რადგან შრომატევადი პროცესია. სანამ კრასულას სახლში მოიტანთ, იცოდეთ, რომ მიწის ზედმეტად დატენიანება ფესვების ლპობას იწვევს. მას მავნებელი მწერები ხშირად თავს ესხმის.
განათება – მცენარეს კარგი განათება სჭირდება, მაგრამ არა მზის პირდაპირი სხივები, რომელსაც მისი ფოთლების დაწვა შეუძლია. სამხრეთ–აღმოსავლეთ ან სამხრეთ–დასავლეთ მხარეს ადგილი მიუჩინეთ. ქოთანი მზისკენ ხშირად ატრიალეთ, ასე ლამაზ ფორმას არ დაკარგავს. სურვილისამებრ, ხე შეგიძლიათ გადაჭრათ და გვირგვინის ფორმა დამოუკიდებლად შეცვალოთ.
კრასულა არა უმეტეს 28 გრადუს სითბოში თავს კარგად გრძნობს. ზაფხულში აივანზე ან გარეთ გაიტანეთ. შემოდგომა–ზამთარში 1–2 თვით სეზონური დასვენება სჭირდება. ამ პერიოდში 10-15 გრადუსი ტემპერატურა საკმარისია. მორწყვა დროებით შეწყვიტეთ. ასეთ სტრესულ პირობებში 3 წელზე უფროსი ასაკის მცენარეზე კოკრები გამოჩნდება. ვერ გეტყვით, რომ ფინანსები გაიზრდება, მაგრამ კრასულას ყვავილობა ნამდვილად გაგახარებთ.