პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ნათიას ისტორიას გიამბობთ.
ნათიას ტკივილისგან გაეღვიძა. შეუძლებელი იყო მარჯვენა მხარეს ხელის შეხება. ზურგზე დაწოლა სცადა, მაგრამ ტკივილი გაუარესდა.
მის გვერდით, საწოლის უმეტეს ნაწილზე მისი ქმარი იწვა, ძალიან ახლოს, მაგრამ ძალიან უცხო და შორეული… თითქმის 15 წელი იცხოვრეს ერთად, რომელთა მანძილზეც ნათია თანდათან უბრალო მოახლედ გადაიქცა.
ტკივილის შეტევა მშვენიერ და ჯერ კიდევ ახალგაზრდა სახეზე გრიმასად გადაიქცა. დაღლილი თვალების კუთხეებში ქალს ცრემლები უბრწყინავდა.
უნდა ადგეს და ქალიშვილი ბაღში წასაყვანად გაამზადოს. ფანჯრების მიხედვით თუ ვიმსჯელებდით, გარეთ ჯერ კიდევ საკმაოდ ციოდა, მისი ქურთუკი კი სეზონს არ შეესაბამებოდა. თბილი ქურთუკის ყიდვა უნდოდა, მაგრამ ქმარმა უთხრა: „ასე, ჩვენ ფულს ვერასოდეს შევაგროვებთ! მალე გაზაფხული მოვა, ამ პერიოდს როგორმე გადააგორებ!”. გადააგორა…
სიცხემ აუწია. ის თავის ქმარს შეეხო.
-ვასიკო, მაშო საბავშვო ბაღში უნდა წაიყვანო, მე არ შემიძლია, რაღაც ძალიან ცუდად ვარ…
ქმარმა თვალების გახელის გარეშე უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა:
-ბაღში, შემდეგ აფთიაქში, შემდეგ კიდევ რაღაც…
-ვასიკო, ბართი მომეცი, ცოტაოდენ თანხას გამოვიტან ანალიზებისთვის…
-კი, როგორ არა… სადილამდე რომ არაფერი დატოვო? საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ყველაფერს უფასოდ გაგიკეთებენ.
ქალს ცრემლები ნაკადულივით სდიოდა. კიდევ რას ამბობდა მისი ქმარი მას უკვე აღარ ესმოდა. სრულიად უცნობი ადამიანისთვის იმის ახსნა, რომ პოლიკლინიკის რიგებში გაჩერებას ვერ შეძლებდა, აზრი არ ჰქონდა.
ბავშვის ოთახამდე ძლივს მიაღწია და ნამძინარევ მაშოს ჩაცმაში დაეხმარა. სანამ ბავშვს აცმევდა თავი ძალიან სტკიოდა და სივრცეში ორიენტაცია ძლიან უჭირდა. გაჭირვებით მიხვდა, რომ დადგა ის შავი დღე, რომლისთვისაც თავისი მწირი ხელფასიდან თანხას ზოგავდა. მან თავისი მოკრძალებული დანაზოგი აიღო და ქალიშვილთან ერთად გარეთ გავიდა. ცივმა ქარმა ოდნავ გამოაფხიზლა.
ჯგუფში, სანამ მაშოს გამოუცვალა, მან კინაღამ გონება დაკარგა, აღმზრდელი დაეხმარა:
-ავად ხართ, სასწრაფო გამოვიძახოთ!
-არა, ახლა პირდაპირ ექიმთან მივდივარ…
ექიმის კარის წინ თვალებში გაჩენილმა წრეებმა ოთახში შესვლის საშუალება არ მისცა. გონს კაბინეტში მოვიდა. ის დივანზე იწვა.
-მწვავე პიელონეფრიტი გაქვთ. ასეთი ტემპერატურის შემთხვევაში კი – მხოლოდ ინექციები! ჩვენ ტკივილგამაყუჩებელს და ანტიბიოტიკების პირველ დოზას გაგიკეთებთ. კიდევ ათი ინექცია დაგჭირდებათ.
-დიახ, რა თქმა უნდა, მე გადავიხდი…
-და კიდევ, უფრო თბილად ჩაიცვით, მითუმეტეს, თქვენი თირკმელებით! ზაფხული ხომ არ არის!
ქალს ცრემლები წამოუვიდა. ექიმი მიხვდა, რომ უხერხულ თემას შეეხო და შემრიგებლურად უთხრა:
-კარგი, ნუ ტირით, შორს ცხოვრობთ?
-როგორმე მივალ, გმადლობთ…
ორი ინექციის შემდეგ მან შვება იგრძნო. აფთიაქში შევიდა, წამლები იყიდა და სახლში წავიდა. კარი გააღო, მისი ქმარი სამზარეულოში ხმაურობდა. დივნამდე მივიდა, საბანი გადაიფარა, თერმომეტრი აიღო და თვალები დახუჭა.
ათი წუთის შემდეგ ოთახში მისი ქმარი შევიდა:
-როგორც იქნა! შიმშილით კინაღამ მოვკვდი! ცოლი ცოცხალი მყავს და სამსახურში ბუტერბროდებით უნდა ვიარო? საღამოსთვის მაინც გააკეთე რამე!
თერმომეტრი ქმარს გაუწოდა. 39.7.
-და რა, ახლა მთელი დღე უნდა იწვე და მე კი საღამოს ისევ ერბოკვერცხი უნდა შევწვა? მთელი დღე შრომობ, ცოლს კი თავი ხელში ვერ აუყვანია!
ნათია კედლისკენ შეტრიალდა და ქმრის წასვლას დაელოდა. დიდი ხნის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ძალა შემატა. მან თავის უფროსს დაურეკა და რამდენიმე დღით დაეთხოვა. მისი მეუღლისგან განსხვავებით, უფროსმა მხოლოდ ის ჰკითხა, სად უნდა მოეძებნა რამდენიმე საბუთი და უთხრა, რომ სამსახურში არ მისულიყო, სანამ მკურნალობის კურსს არ დაასრულებდა.
საღამოს ქმარმა სახლის კარი თავად გააღო, რითაც ძალიან უკმაყოფილო იყო, რადგან ამას ჩვეულებრივ ნათია აკეთებდა ხოლმე. მან უკვე გააღო პირი პრეტენზიის გამოსათქმელად, მაგრამ ბინაში ბნელოდა. შუქის ანთების შემდეგ, ის სწრაფად მიხვდა, რომ ბინაში არავინ არ იყო.
სამზარეულოში მას ლამაზად გაწყობილ მაგიდაზე მდიდრული ვახშამი დახვდა. მაგიდაზე წერილიც იდო: “გემრიელად მიირთვი!” ოდნავ ქვემოთ კი ეწერა: “რამდენიმე დღის შემდეგ რეესტრის ოფისს მივაკითხავ.”
ქმარი მოვლენების ასეთ განვითარებას არ ელოდა, მან სცადა ნათიასთან დარეკვა, მაგრამ ისინი ერთმანეთს უკვე სასამართლოში შეხვდნენ.
ახლა მაშოს უკვე ახალი მამა ჰყავს. ძველს კი ქალიშვილის დაბადების დღე ხანდახან ახსენდება, ხანდახან არა…
პ.ს.
ნათიას მეგობარი სხვა ქალაქში გათხოვდა და საცხოვრებლად თავის ქმართან გადავიდა. მან თავისი ბინა იქამდე არ გაყიდა, სანამ სასამართლოები არ დასრულდა. მას ნათიასგან ფული არ აუღია, უბრალოდ სთხოვა, რომ ბინისთვის მიეხედა, სადაც დედა-შვილმა 6 თვის მანძილზე იცხოვრა. და კიდევ, ნათიას მეგობარმა მას უთხრა: როგორც იქნა, რამდენ წელს ითმენდი! ცხოვრებას მაინც ნახავ!