თამარი ტაქსიში ყოველთვის უკან ჯდებოდა: ასე მძღოლს ერთით ნაკლები მიზეზი მიეცემოდა საუბრის წამოსაწყებად. თითონ კი იჯდა და გაღიზიანებული ფიქრობდა: “რა ბედი მაქვს?! ბავშვობიდან ვშრომობ, დასვენების გარეშე. ახლა კი სავსებით ჯანმრთელი და შრომისუნარიანი მამაკაცის შენახვა მიწევს, რადგან ის ჩემს შვილს ძალიან უყვარს. ის აღიარებს, რომ აგერ უკვე მეშვიდე წელია, უგონოდ უყვარს. ის თითქოს მაგებინებს, რომ მერე რა, რომ ზარმაცია, სამაგიეროდ ნახე, როგორი კეთილი, მზრუნველი და მხიარულია… დიახ, რა თქმა უნდა, სხვის ხარჯზე, განსკუთრებით კი – სიდედრის ხარჯზე მხიარულად ყოფნა ძალიან მარტივია, – ამოიკვნესა ქალმა. – ჩემთვის, როგორია უცხო მამაკაცის რჩენა და კიდევ დამატებით, დედამისისაც?”
მამაკაცის რჩენა
კარი დაკეტა, დაღლილი ჩამოჯდა და ფეხსაცმელები გაიხადა, ქურთუკი კარადაში დაკიდა და შხაპი მიიღო იმ იმედით, რომ მალე ჩაეძინებოდა. დედის მოქსოვილი პლედი დაიფარა – ჯერ ადრიანი გაზაფხული იყო – და იგრძნო, როგორ გაეხვია სითბოში ნაზად, თითქოს დედის ხელები ეხვეოდა, მან თვალები დახუჭა. “ღამე მშვიდობის, დედიკო. ცოცხალი რომ ყოფილიყავი, ერთად მოვიფიქრებდით რამეს, ახლა კი…” – თამარმა კიდევ ერთხელ ამოიკვნესა და ლოტოსის ფორმის ღამის სანათი აანთო. ვერაფრით ვერ იძინებდა.
დედა ადრე დაქვრივდა და მას მარტო ზრდიდა. ადგილობრივ საავადმყოფოში მომუშავე ექთანს მცირე ხელფასი ჰქონდა. ის სახლებშიც დადიოდა მასაჟების, ნემსების და გადასხმების გასაკეთებლად და ეს ცოტას შველოდა, მაგრამ მაინც უწევდა შემოდგომასა და გაზაფხულზე მეზობლების ბოსტნებში მუშაობა და შემოდგომა-ზამთრის სეზონზე კი – პლედების ქსოვა. ის ახარებდათ, რომ ვალები მაინც არ ჰქონდათ…
თამარმა ჭრა-კერვა შეისწავლა. მას ძალიან უყვარდა ფასონების გამოგონება და თავისთვის, დედამისისთვის და მეგობრებისთვის კაბების შეკერვა. თამარი გათხოვდა, გოგონა შეეძინა. სწორედ დეკრეტულში რომ გადიოდა, მაშინ დაიკეტა შაქრის ქარხანა, რადგან მისი პრივატიზაცია მოხდა. ამ ქარხანაში კი – მათი ქალაქის ზრდასრული მაცხოვრებლების თითქმის 50% მუშაობდა. თამარის ქმარი სამსახურის გარეშე დარჩა და სულ უფრო ხშირად დაიწყო სმა. ბოლოს საქმე განქორწინებამდე მივიდა. თამარი ბავშვთან ერთად დედამისთან დაბრუნდა.
ისინი ძალიან ბევრს მუშაობდნენ. ეკა გაზარდეს, განათლება მისცეს. შემდეგ კი – თამარის დედა ავად გახდა და ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა…
ქალიშვილის ქორწილი
მისი ქალიშვილი გათხოვებას აპირებდა, თამარს კი დანაზოგიდან არაფერი დარჩენოდა. კაბის ფასონი თამარმა თავად გამოიგონა და შეკერა. სხვა დანარჩენისთვის კი – ფული ისესხეს. თამარმა გადაწყვიტა, რომ ეს ვალები თავად უნდა გაესტუმრებინა, ქორწილში შემოსული ფული კი – სიძეს და ქალიშვილს გადასცა. თამარი იტალიაში წავიდა.
სენიორა სოფიას მოვლისას, თამარს დედის რჩევები ახსენდებოდა. თითქმის ყველა სალათს ის ნიახურს ამატებდა, ქალს მასაჟს უკეთებდა და მასთან ერთად ბევრს სეირნობდა და ცეკვავდა, ლექსებს ასწავლიდა, თითების ვარჯიშებს აკეთებინებდა… 6 თვის შემდეგ სოფიამ შენიშნა, რომ ლექსების უმეტესობა ზეპირად ახსოვდა. ის დიდი დაფიქრების გარეშე სწორად ამბობდა თავისი ნაცნობების სახელებს, სეირნობისას სცნობდა მეზობლებს, მათ შვილებს და შვილიშვილებს. თამარს ხელფასი გაუზარდეს. ერთხელ სენიორა დაინტერესდა, სად ყიდულობდა თამარი ტანსაცმელს და აღფრთოვანდა, როდესაც გაიგო, რომ თამარი თავად იკერავდა.
მამაკაცის და მისი მშობლების რჩენა: გონივრულია თუ არა ეს
ცოტა ხნის შემდეგ სოფიას შვილებმა თამარს უთხრეს, რომ შეეძლო შეეკერა ტანსაცმელის მისთვის, სენიორა სოფიასთვის და თავად მათთვისაც, თუ მას სურვილი ექნებოდა. ამის შემდეგ ის სამშობლოში უფრო მეტ ფულს აგზავნიდა, ქორწილის ვალი გაისტუმრა და კიდევ უფრო ხშირად უგზავნიდა ფულს თავის ქალიშვილს…
სახლში დაბრუნების შემდეგ, თამარი, მისი შვილი და სიძე მძახლებს ესტუმრნენ. სწორედ იქ ნახა მან ის, რის გამოც ვერ იძინებდა. მძახლების სამზარეულოში მან ნახა მიკროტალღური ღუმელი, გაზქურა და მაცივარი, რომელიც იტალიიდან გამოგზავნილი ფულით იყო ნაყიდი.
ეკამ ნახა, რომ დედამისი შეშფოთებული იყო და როგორც კი შესაფერისი მომენტი გამონახა, დედას დაელაპარაკა: “კარგი რა, დედა! რა მოგივიდა?! გაზქურა და მიკროტალღური ღუმელი დათოს მშობლებს მაშინ ვაჩუქეთ, როდესაც მათ სამზარეულო გაარემონტეს. შემდეგ კი მაცივარი გაუფუჭდათ და ჩვენი მივეცით, ჩვენთვის კი ახალი ვიყიდეთ”.
ქალს უნდოდა ეთქვა, რომ ეს საქციელი ქურდობაზე უარესი იყო, მაგრამ ეკა ორი თვის ორსული იყო და მისი განერვიულება არ უნდოდა. ეკა დედამისს ახლოს მიუჯდა და ჩასჩურჩულა: “დათოს ახალი მანქანა უნდა, უფრო ძლიერი და გამძლე, ალბათ ჯიპი. ხომ იცი, როგორ უყვარს ალპინიზმი და სპელეოლოგია. გამოქვაბულებამდე მისასვლელად და მთაში ასასვლელად ძლიერი მანქანაა საჭირო. დაგვეხმარები? თანხის ნაწილი უკვე გვაქვს…”
თამარს ხმა არ ამოუღია, ქალიშვილს ხელზე მოეფერა და სახლში წასასვლელად წამოდგა. შინაგანად აღელვებული იყო: “მუქთახორა! ეკას კი არ ესმის, რომ მას იყენებენ… როგორ ავუხილო თვალები?! ზარმაცი სიძე თავს უფრთხილდება, მუშაობით თავს არ იღლის, ჰობისთვისაც იტოვებს დროს. მადა გაეხსნა! აი, რა უნდა მოუხერხო სიძეს, რომელიც ჩემი ფულით ვერ ძღება?!
ქალი ამ ყველაფერზე ფიქრობდა და ლოტოსის ფორმის სანათის ციმციმს უყურებდა: ყვავილის ფურცლები მოწითალო შუქებით ანათებდა და ნელა ქრებოდა, ფოთლები კი – ნაზი მწვანე ელფერით ანათებდა. მას თანდათან ჩაეძინა… იქნება თუ არა დილა, საღამოზე ბრძენი?