ვკითხულობ: “გამარჯობა! მე ანა მქვია. 67 წლის ვარ და ვარ ქვრივი. არც ერთხელ არაფერი არ დამიწერია და უცხო ადამიანებისთვის ჩემი პრობლემების შესახებ არაფერი მითქვამს. ვხედავ, რომ სხვადასხვა ისტორიებს წერენ შვილებზე, რძლებზე, მშობლებზე, დებზე და ძმებზე. მესმის, რომ მხოლოდ მე არ ვშფოთავ ზრდასრული შვილების გამო. შესაძლოა, ეს არც არავის აინტერესებდეს, მაგრამ ამ ამბის გაზიარებით, შესაძლოა, თავი უკეთ ვიგრძნო ან რაიმე გამოსავალი მოვიფიქრო…
ვაჟის ისტორია
მე და ჩემმა ქმარმა ორი შვილი გავზარდეთ. 6 წელია, რაც მის გარეშე ვცხოვრობ. სერგო ცოცხალი რომ ყოფილიყო, ალბათ ეს პრობლემა არ იარსებებდა… ჩემს ისტორიაში უფრო მეტად ჩემს ვაჟზეა საუბარი, მაგრამ ქალიშვილსა და რძალზეც უნდა გიამბოთ.
ვალერი 37 წლის ასაკში დაქორწინდა. ცოლად მოიყვანა ქალი, რომელსაც ორი შვილი ჰყავს. მე წინააღმდეგი ვიყავი. საკუთარი შვილების გაზრდაც არ არის მარტივი, არათუ სხვისი შვილების. თანაც ისინი პატარები არ იყვნენ, უკვე სკოლაში დადიოდნენ. მან არ დამიჯერა, ჩემი ცხოვრებაა და ჩემი გადასაწყვეტიაო. დაქორწინებამდე ის ჩემთან ცხოვრობდა და გადაწყვიტა, რომ გალინა და თავისი შვილები ჩემს სახლში მოეყვანა. სახლი არც გალინას არ აქვს.
აქვე გეტყვით, რომ ჩემი ქალიშვილის გათხოვების შემდეგ ჩვენ და ჩვენმა მძახლებმა ახალგაზრდებს ბინა ვუყიდეთ. ფულით თავად ახალგაზრდებიც დაგვეხმარნენ. ისინი ახლაც ხშირად მეხმარებიან. მე და ჩემი მძახალიც ვეხმარებით მათ, რითაც შეგვიძლია. ბავშვი გამოგვყავს სკოლიდან, ხატვაზე და ცეკვაზე დაგვყავს.
ვალერი არაერთხელ ცდილობდა ჩემს დარწმუნებას, რომ დიდ ოჯახში ცხოვრება კარგი იქნებოდა, მხიარულად ვიცხოვრებდით. არაფერიც! ამასთანავე, მე არ მჯეროდა, რომ გალინას ჩემი შვილი გულწრფელად უყვარდა. მე მას ვუთხარი, რომ მშვიდად ცხოვრება მინდოდა და მარტო ვიცხოვრებდი, მათ კი ვურჩიე, რომ ბინა კრედიტით ეყიდათ. მით უმეტეს, რომ თავად ამბობდნენ, რომ ორივეს გარკვეული დანაზოგი ჰქონდათ, რომელიც არა მარტო პირველადი შენატანისთვის, არამედ რამდენიმე შემდეგ გადახდაზეც ეყოფოდათ. მათ ამაზე უარი განაცხადეს. ოროთახიანი ბინა იქირავეს, დაბალ ფასად.
გალინამ ეს იმით ახსნა, რომ არ უნდოდა ბინის გაყოფა განქორწინების შემდეგ, რომლისაც ვითომ ეშინოდა. მე არ მიგრძნობინებია მისთვის, რომ ამის არ მჯეროდა. თუმცა, საკუთარ სახლში მაინც არ მივიღე.
ზარი ვაჟთან
რამდენიმე დღის შემდეგ ჩემს ვაჟს დავურეკე და ვუთხარი, რომ გალინასი არ მჯეროდა და მათ ჩემს ბინაზე არც უნდა ეოცნებათ. ზოგადად, ისე მოქცევაც შემიძლია, რომ მათი ფეხი ჩემს სახლში აღარ იყოს. ამ საუბრის შემდეგ არც მე წავსულვარ მათთან და არც ისინი მოსულან ჩემთან. მხოლოდ, ვურეკავდით ხოლმე ერთმანეთს და ეგ იყო.
ახალი წლისთვის მოვიდნენ და მოსაკითხიც მომიტანეს. უქმეებსა და დღესასწაულებზე საოჯახო ვახშამს ვმართავდით. ხან ჩემთან ვიკრიბებოდით, ხან მძახლებთან. ჩემმა შვილიშვილმა და გალინას შვილებმა საერთო ენა მაშინვე გამონახეს. ძალიან კარგი, მათ ხომ არაფერი აქვთ გასაყოფი… ერთხელ ჩემმა რძალმა მთხოვა, რომ ჩემი ბინისთვის სურათები გადაეღო. დავინტერესდი, რისთვის უნდოდა და მითხრა, რომ აქ რემონტის გაკეთებას აპირებდნენ. მე რემონტზე არაფერი მითქვამს, არაფერი მითხოვია…
გადავწყვიტე, კარგად ჩავძიებოდი და ვალერიმ მითხრა, რომ რადგან მის დას სახლი უკვე აქვს, ეს ბინა მისი უნდა გამხდარიყო… გაოგნებული ვიყავი, მაგრამ მოთმინება მოვიკრიბე და ვთხოვე, რომ ამ თემას აღარ დაბრუნებოდნენ.
რამდენიმე დღის შემდეგ ვალერი ხელოსნებთან ერთად მოვიდა. ამ დროს ვეღარ მოვითმინე და ყველაფერი ჩემს ქალიშვილს ვუამბე. მან თავის ძმას დაურეკა და შეატყობინა, რომ თავის წილზე უარის თქმას არ აპირებდა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ორი მემკვიდრე იქნებოდა, მაგრამ მაგ დრომდე ჯერ ძალიან შორი იყო. მან მათ ურჩია, რომ ბინა კრედიტით ეყიდათ და ჩემთვის თავი დაენებებინათ.
დიახ, ბინა იყიდეს. იმ საუბრის შემდეგ ისინი ჩემთან აღარ მოდიან და არც მირეკავენ. ეწყინათ… ნება მათია. მაგრამ, ნუთუ მართალი არ ვარ?…”
აი, ასეთი ისტორიაა. თითქოს, მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დედას თავისი ბიჭის საკუთარ ბინაში შეშვება, მარტივია. მაგრამ, ნამდვილად ამაშია საქმე?