ეკა სახლში მივიდა და დაღლილი საწოლზე დაეშვა. ბოლო სამმა დღემ მას ძალა გამოაცალა. დედის გარდაცვალება, დაკრძალვა. ნათესავები, რომლებიც ისე განიცდიდნენ, თითქოს დედა ბოლო ორი წლის მანძილზე ავად არ ყოფილიყო.
მამა, რომელმაც კვლავ დაიწყო მშობლის სიყვარულის გამოვლენა. თითქმის ხუთი წლის შემდეგ, რაც ეკა და დედამისი მიატოვა და თავისზე 15 წლით უმცროს ქალბატონზე დაქორწინდა.
და ეს, ჯერ კიდევ საქმე მემკვიდრეობამდე არ მისულა! რა მოხდება, როცა ყველა გაიგებს?
მობილურმა დარეკა და ეკრანზე მამამისის სურათი გამოჩნდა.
– ეს მართალია? – გუშინდელი ასეთი მზრუნველი მამის ხმა, დღეს უკვე მრისხანებას აფრქვევდა.
“დაიწყო”, გაიფიქრა ეკამ და შინაგანად მოემზადა.
ოთხი წლის წინ
ეკა და მამამისი ნოტარიუსის კაბინეტიდან გამოვიდნენ. მანქანამდე ხუთი წუთი იყო და მამამ 5-ჯერ მაინც გაიმეორა თავისი სათქმელი.
– დედას არაფერი არ უთხრა. ეს შენი საჩუქარია და არა მისი. და გახსოვდეს: არა უადრეს ორი წლისა.
ეკამ კიდევ ერთხელ გაუმეორა კითხვა, რომელიც აწუხებდა:
– შენი ამჟამინდელი მეუღლე რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით? ბინის გაზიარება ქმრის ქალიშვილთან, რომელიც მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს, არც თუ ისე სასიამოვნო ამბავია.
მამამ სადღაც შორს გაიხედა.
– არაფერს. მას სანერვიულო არაფერი აქვს. ჩვენი სახლი შენდება. სანამ შენ გადმოხვალ, ჩვენ უკვე იმ სახლში ვიქნებით.
საუბარი მამასთან
– ანუ, ეს სიმართლეა? – გაუმეორა კითხვა მამამ.
– დიახ, სიმართლეა. წარმომიდგენია, როგორ გაუკვირდა დედაჩემის დას, როცა ნოტარიუსთან მივიდა.
– მაგრამ ჩვენ ასე არ შევთანხმებულვართ! – აღშფოთდა მამა. – შენ ჩემს ბინაში მიიღე წილი, დედის ბინიდან არაფერი უნდა მიგეღო!
– მე ამას არ დაგპირებულვარ. თქვენი ურთიერთობა მე არ მეხებოდა. შენ ნახევარი მომეცი, დედამ კი ანდერძით ყველაფერი მე დამიტოვა.
– მაგრამ მე მას ჩემი წილი განზრახ ვაჩუქე, რომ თქვენ მაგ ბინაში მშვიდად გეცხოვრათ. შენ კი გადაწყვიტე, რომ მისგანაც მიგეღო და ჩემგანაც!
ეკამ მხრები აიჩეჩა.
– რა არის ამაში ცუდი? შენ გიყვარვარ, დედასაც ვუყვარდი. მე მისთვის არ მითქვამს, რომ შენ საკუთარი წილი მაჩუქე. შენ კი ანდერძის შესახებ არ გითხარი. ყველა პირობა შევასრულე. რით ხარ უკმაყოფილო?
– იმით, რომ მეც მომატყუე და დედაშენიც! უბრალოდ, საკუთარი მიზნებისთვის გამოგვიყენე.
ეკა ნელ-ნელა ბრაზდებოდა.
– სისულელე. მე უბრალოდ თქვენი სიყვარულის მატერიალიზაცია მოვახდინე. და კარგად გამოვიდა.
მამა დუმდა, არ ესმოდა, როგორ შეეძლო ასეთი ქალიშვილის გაზრდა.
ამასობაში ეკამ განაგრძო:
– კარგი, ეს ყველაფერი ლირიკაა. ახლა პრაქტიკაზე გადავიდეთ. მე მაქვს წილი ბინაში, სადაც მინდა ცხოვრება. დედის გარდაცვალების შემდეგ აქ დარჩენას აზრი არ აქვს.
მეორე წილი შენი ცოლისაა. გთავაზობთ, რომ ეგ წილი მომყიდოთ. თქვენ მაინც ახალ სახლში ცხოვრობთ. ასე მე ბინის სრულუფლებიანი მფლობელი გავხდები და საბინაო პრობლემა მოგვარებული მექნება.
– ფული საიდან გაქვს?
– დაგავიწყდა? მე ახლა მემკვიდრე ვარ! დედის ბინა ჩემი იქნება და მალე გავყიდი. იმ ფასად, რამდენადაც მე მინდა გაყიდვა, მყიდველი მალე გამოჩნდება. ასე რომ, დაფიქრდი! უფრო ზუსტად – შენი ცოლი დაფიქრდეს.
მამამ თავი დაუქნია.
– რა მერკანტილური ხარ. დედაშენი ახლახან გარდაიცვალა და შენ უკვე წილების გამოსყიდვაზე ფიქრობ.
ეკამ უბრალოდ გაიღიმა.
– უბრალოდ საკუთარ თავზე ვზრუნავ, ობოლი ვარ.
– მაგრამ. შენ მე გყავარ!
ქალიშვილმა ხმამაღლა გაიცინა.
– მამა, მოდი არ გვინდა. წილის ჩუქების შემდეგ მხოლოდ ხანდახან გახსენდებოდი. სწორედ მე გაიძულებდი, რომ პერიოდულად ყურადღება მოგექცია ჩემთვის. ასე რომ, საკუთარ ცხოვრებას ვიწყობ, შენსას რომ არ შევუშალო ხელი. შენი მეუღლის პასუხს ველოდები.
მამის ცოლი ქმარზე ბევრად რაციონალური აღმოჩნდა. ბინაში თავისი წილი მშვიდად მიჰყიდა თავის გერს და ისე განაგრძო ცხოვრება, თითქოს არაფერი მომხდარიყო.
მას შემდეგ ეკას მამასთან ურთიერთობა მხოლოდ დღესასწაულებზე აქვს. სხვა მიზეზები საერთოდ არ არსებობს.