დედამთილი რძლის წინააღმდეგ – ტიპური ცხოვრებისეული ისტორია. რატომღაც ისე ხდება, რომ ქალები რთულად ეგუებიან და უჭირთ საყვარელი ვაჟის გაშვება. თუმცა, ასეთი ისტორიების ფინალი განსხვავებულია. ჩვენი დღევანდელი ისტორიის გმირს ეგონა, რომ მთელს ცხოვრებას დედამთილთან დალაპარაკების გარეშე გაატარებდა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად გამოვიდა.
პაპარაცის რედაქცია დღეს ამ ისტორიას გაგიზიარებთ, თქვენ კი – დასკვნები თავად გამოიტანეთ.
დედამთილი წინააღმდეგია
როდესაც მე და ირაკლიმ დაქორწინება გადავწყვიტეთ, ჩემი მშობლები ცოტა ყოყმანობდნენ და ჩემს დარწმუნებას ცდილობდნენ, რომ ჯერ ინსტიტუტი დამემთავრებინა და გათხოვებაზე მერე მეფიქრა. მაშინ ვუთხარი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი და ისინი მაშინვე დათანხმდნენ. ერთი რამ მასევდიანებდა: ჩემი მომავალი დედამთილი ჩვენი ქორწინების წინააღმდეგი იყო.
არ მახსოვს, ვინ მითხრა, რომ მარტოხელა დედები თავიანთ შვილებზე ძალიან ეჭვიანობენ, როგორც ჩანს, სიმართლე ყოფილა. ჩემმა დედამთილმა დასაწყისშივე არ შემიყვარა და იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ სხვისგან ვიყავი ფეხმძიმედ, მის შვილს კი – თავბრუ დავახვიე, რათა გავთხოვილიყავი. თუმცა, ეს ორსულობა მე და ირაკლიმ გაცნობიერებულად დავგეგმეთ და ნებაყოფლობით ვიქორწინეთ.
არასასიამოვნო ინციდენტი ჯერ კიდევ ქორწილის დროს მოხდა. ჩვენ ტრადიცია გვაქვს, რომ სიძემ სიდედრს ფეხები უნდა დაბანოს და შემდეგ ახალი ჩექმა ან კალოში ჩააცვას, მთავარია, რომ სასაცილო და მხიარული იყოს. იმ საღამოს ჩემმა დედამთილმა განაცხადა: “ჩემი ბიჭი ფეხებს არავის არ დაბანს!” თამადამ მისი გადარწმუნება ვერ შეძლო. მას შემდეგ მძახლებს შორის შავმა კატამ გაირბინა.
ექვსი თვის შემდეგ სამყაროს ქალიშვილი, მაშო, ვაჩუქე. დიდი ხნის მანძილზე ჩემი დედამთილი არც მე მცნობდა და არც თავის შვილიშვილს. მე და ჩემი ქმარი ბინას ვქირაობდით, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დედამთილის ბინა ცარიელი იყო. ჩვენ მას ფულის გადახდაც კი შევთავაზეთ, მაგრამ ის წინააღმდეგი იყო და კატეგორიულად გამოგვიცხადა, რომ ჩემი და ჩემი შვილის ნახვა არ სურდა.
ჩვენ მშვიდი ცხოვრება არ გვქონია. მე და ირაკლი მუდმივად ვჩხუბობდით, ურთიერთობებს ვარკვევდით, ხან ვშორდებოდით, ხან ვრიგდებოდით. ამ მიზეზით, პერიოდულად ჩემს მშობლებთან ვცხოვრობდი. როდესაც ვრიგდებოდით, ცალკე საცხოვრებელს ვეძებდით. სადაც არ უნდა გვეცხოვრა, ყველგან ჩემი დედამთილის უხილავ ყოფნას ვგრძნობდი. რაც არ უნდა მეთქვა დედამისზე, ირაკლი ყოველთვის შეურაცხყოფას მაყენებდა. ერთხელ განქორწინებაც კი შემომთავაზა. მაშინ ვუთხარი, რომ მისთვის გზა ხსნილი იყო, ქალიშვილს კი – თავად გავზრდიდი. მაშინ ოფიციალურად არ გავყრილვართ, მაგრამ 2 წლის მანძილზე ცალ-ცალკე ვცხოვრობდით.
მამაჩემმა მე და ჩემს ქალიშვილს პატარა სახლი გვიყიდა. იმ დროს მე და ჩემი ქმარი ერთად არ ვცხოვრობდით, მაგრამ ზოგჯერ ვხვდებოდით ერთმანეთს, “დასალაპარაკებლად”. მალე სახლის გარემონტება დავიწყე და ირაკლიმ დახმარება შემომთავაზა. ეს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ისევ ერთად დავიწყეთ ცხოვრება.
შვილიშვილთან შერიგება
მოულოდნელად, ჩემი დედამთილი ძალიან ავად გახდა. ჩემთვის წვრილმანები არავის გაუმხელია, მაგრამ ვხვდებოდი, რომ მდგომარეობა კრიტიკული იყო. ირაკლის მოუწია, რომ დედამისისთვის მეტი ყურადღება დაეთმო და მე წინააღმდეგი არ ვყოფილვარ. ჩემმა ქმარმა მთხოვა, რომ დედამისი ყველას ერთად მოგვენახულებინა, რადგან მას ჩვენი შვილის ნახვა უნდოდა.
მინდოდა მისთვის იმის შეხსენება, რომ ადრე ჩემს დედამთილს არც ჩემი და არც შვილიშვილის ნახვა არ უნდოდა და თავის სახლში არ გვიშვებდა, ახლა კი – უცებ გაახსენდა ჩვენი არსებობა, როდესაც მიხვდა, რომ ცხოვრება ძალიან სწრაფად მიედინება. თუმცა, დროულად მოვედი გონს და ქმარს დავპირდი, რომ მეორე დღეს ბებიის სანახავად ყველა ერთად წავიდოდით.
დედამთილს შვილიშვილის ნახვა მართლა ძალიან გაუხარდა, თუმცა მისი სიყვარული საკმაოდ გვიან გამოვლინდა. მე კარგად მექცეოდა, მაგრამ თავშეკავებულად. მართალი გითხრათ, მეც ვგრძნობდი გარკვეულ დაძაბულობას, მაგრამ ვცდილობდი არ მეჩვენებინა. ყოველ მორიგ მისვლაზე ვხედავდი, რომ ჩემი დედამთილი სულ უფრო უკეთ გამოიყურებოდა.
რამდენიმე თვის შემდეგ ირაკლიმ შემატყობინა, რომ დედამისს რემისია ჰქონდა და მკითხა, წინააღმდეგი ხომ არ ვიყავი, რომ ბებია შვილიშვილის სანახავად მოსულიყო. მე დედამისის მიმართ პატივისცემის გამო დავთანხმდი და ჩემმა დედამთილმა დღესასწაულებზე ჩვენთან სიარული დაიწყო და ჩვენც გვეპატიჟებოდა თავისთან. მე შვილიშვილი ბებიის წინააღმდეგ არ განმიწყვია, თუმცა არ ვიცი, იმსახურებს თუ არა ის სიყვარულსა და პატივისცემას.