როგორც წესი, სახლის პირობებში დანებს საკუთარი ხელით ლესავენ. თუმცა, ზოგიერთ სამზარეულოში, ბლაგვი დანები ჩვეულებრივი მოვლენაა და დიასახლისების უმრავლესობას ასეთი ინსტრუმენტი არ მოსწონს. თუ ოჯახის უფროსი საკუთარ მოვალეობებს ვერ უმკლავდება, ქალს უწევს, რომ ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოს ანუ, მოიფიქროს, როგორ გალესოს დანები დამოუკიდებლად.
დანების გალესვა საკუთარი ხელებით
ადრე, ასეთი პრობლემა უფრო მარტივად გვარდებოდა: ქალაქის ქუჩებში ხელოსნები დადიოდნენ და დაჰქონდათ ურიკა სალესი დანადგარით. ეს სპეციალისტები ყველა მსურველს დანებსა და სხვა საჭრელ იარაღებს ულესავდნენ. ხელოსნის ზარის გაგონებაზე დიასახლისები რიგში დგებოდნენ, რათა სამზარეულოს დანები გაელესათ. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა სტაციონარული სახელოსნოები, სადაც ინსტრუმენტებს სპეციალურ ელექტრო მანქანებზე ლესავდნენ.
არც ისე დიდი ხნის წინ, ქალაქში მცხოვრებ დიასახლისს შეეძლო კიბის უჯრედში გასულიყო, რათა დანა ბეტონის საფეხურზე გაელესა. სოფელში ამ მიზნით ქალები ელექტროგადამცემი ხაზის უახლოეს ბეტონის საყრდენთან მიდიოდნენ.
მაგრამ მალე მოქალაქეებმა დანების გალესვა სახლიდან გაუსვლელად დაიწყეს. ამას ხელი შეუწყო თვითლესვადი პირების გამოგონებამ და სხვადასხვა სახის ხელსაწყოს გამოგონებამ, რომელსაც შეეძლო სწრაფად და უპრობლემოდ გაელესა ნებისმიერი დანა.
დანებს ლესავენ ჩვეულებრივი სალესით ან მოდური სალესების დახმარებით. ამ ხელსაწყოს ყველა თავისი გემოვნების მიხედვით ყიდულობს, რადგან მაღაზიებში ასეთი საქონლის ასორტიმენტი ძალიან დიდია და მუდმივად ფართოვდება.
როგორ გავლესოთ დანები
სპეციალური სალესის არარსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დანები ხელთ არსებული მასალების გამოყენებით გალესოთ.
1.დაგჭირდებათ კერამიკული ჭურჭელი. დანის საჭრელი პირი რამდენჯერმე უნდა გადაატაროთ თეფშის ან ჭიქის ძირზე ყველაზე უხეშ ადგილს – მყარი ზედაპირი სალესის ფუნქციას შეასრულებს.
2. დანის პირის გასალესად გაუპრიალებელი შუშის კიდეც გამოდგება. საჭიროა დანის გასმა უხეში კიდის გასწვრივ, როგორც ამას სალესი ქვის შემთხვევაში აკეთებთ. სალესად შუშის პატარა ნატეხის გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ საჭიროა უსაფრთხოების წესების დაცვა და ხელთათმანების გამოყენება.
3. დანების გასალესად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფრჩხილის ქლიბი. ამისთვის, დანის პირი ქლიბის უხეშ ზედაპირს გაუსვით.
4. დანების გალესვა ბრტყელი ქვითაც შეიძლება, რომელსაც გლუვი ზედაპირი აქვს. დანა რამდენჯერმე უნდა გადაატაროთ ორივე მხრიდან, სახელურიდან დანის წვერამდე. დანის გალესვის კიდევ ერთი გზა: რამდენჯერმე გატარეთ ის, ორ ერთმანეთს მიბჯენილ ქვას შორის.
5. გამოცდილი შეფ-მზარეულები დანების გალესვას მათი საჭრელი ზედაპირების ერთმანეთზე ენერგიულად გადასმით ახერხებენ.
6. სალესის ფუნქციას შეასრულებს ასევე ორად გადაკეცილი ზუმფარის ქაღალდი. შუაში ათავსებენ დანას, ხელებით აჭერენ და დანას იღებენ. ამას რამდენჯერმე იმეორებენ.
7. სამზარეულოს დანის გასალესად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კუთხსახეხის ძველი დანა. დანა რამდენჯერმე უნდა გადაატაროთ აბრაზიულ ზედაპირს.
გვირჩევენ, რომ ზოგიერთი სალესი ქვა წყლით ან ზეთით დავასველოთ, მაგრამ არიან ექსპერიმენტატორებიც, რომლებიც გვირჩევენ არა მხოლოდ თავად სალესის დასველებას, არამედ დანის პირის მარილიან სითხეში ხუთი წუთის განმავლობაში გაჩერებას, რათა ის უფრო ეფექტურად გაილესოს.
ხსნარის მოსამზადებლად, ერთ ლიტრ წყალში უნდა გახსნათ 2 სუფრის კოვზი ქვის მარილი. არ არის რეკომენდებული ამ პროცედურის ჩატარება იმ დანების შემთხვევაში, რომელთა საჭრელი ზედაპირები საეჭვო ხარისხის ფოლადისაგან არის დამზადებული.
დანების დამოუკიდებლად გალესვის შესასწავლად, რეკომენდებულია სწავლა იაფ მოდელებზე, რომელთა გაფუჭებაც არ დაგენანებათ.