ფულის თემა ოჯახში ყოველთვის მნიშვნელოვანია. მამაკაცი და ქალი ფინანსების საკითხს სხვადასხვა კუთხით უყურებენ, ეს საიდუმლოს არავისთვის არ წარმოადგენს. საქმე ხასიათში სულაც არ არის, უბრალოდ ბუნების მიერ ასეა დაწესებული. ოჯახის ბიუჯეტი შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ ქმრის ხელფასისგან ან ასევე ცოლის ხელფასისგანაც. რას ცვლის ეს ფაქტი?
სინამდვილეში, ძალიან ბევრს. მეუღლეებს შორის ურთიერობა იმის მიხედვითაც ყალიბდება, თუ ვის უფრო ბევრი შემოაქვს ერთობლივ ცხოვრებაში. სტატისტიკურად, ქალი, რომელიც მუშაობს, არასოდეს დამალავს თავის უკმაყოფილებას. ამას კი შეიძლება მოჰყვეს სხვა არადადებით მოვლენათა ჯაჭვი, რასაც არც თუ იშვიათად მოჰყვება განქორწინება. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საკუთარ ისტორიას ნინა გაგვიზიარებს.
შემოსავალი ოჯახის ბიუჯეტში
გამარჯობა. მინდა ჩემი ისტორია გაგიზიაროთ. საქმე ისაა, რომ ახლა დეკრეტულ შვებულებაში ვარ. ქორწინებამდე, მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს დიდხანს ვხვდებოდით. ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა. სხვა წყვილებს, რომ ვუყურებდი, ვხვდებოდი, რომ მათ ჩვენნაირი კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ. მათ ურთიერთობებში ადგილი ჰქონდა ტყუილს, ერთი მეორის გამოყენებას და ასე შემდეგ. ჩვენ კი ერთმანეთის მიმართ აბსოლუტურად გულწრფელები ვიყავით.
ასე რომ, როდესაც მან ხელი მთხოვა, უყოყმანოდ დავთანხმდი. იმ დროისთვის ორივე ვმუშაობდით. მე ოდნავ ნაკლები შემოსავალი მქონდა, მაგრამ ფული გვყოფნიდა. ჯერ კიდევ ქორწილამდე, როდესაც ერთად ვცხოვრობდით, ჩვენ გვქონდა შეთანხმება: ხარჯი შუაზე უნდა გაგვეყო. რა თქმა უნდა, პროცენტულად. ვიმეორებ, მე უფრო ნაკლები შემოსავალი მქონდა.
ჩემი ოჯახური ცხოვრება სრულიად მაწყობდა. ჩვენ ქორწილამდეც კარგად ვცხოვრობდით და დიდი განსხვავება არ შემიმჩნევია. ეს გაგრძელდა ზუსტად იქამდე, სანამ დავორსულდებოდი. დეკრეტული შვებულების აღება მომიწია და ამის შემდეგ ჩემი ქმარი ძალიან შეიცვალა. თუ ადრე ყველაფერს ერთად ვწყვეტდით, ახლა მან თავი უფროსად წარმოიდგინა. ვცდილობდი, რომ ამისთვის ყურადღება არ მიმექცია, რადგან იმ დროისთვის მხოლოდ ბავშვის დაბადებაზე ვფიქრობდი.
ბიუჯეტი დაზარალდა
ჩვენი ვაჟის დაბადების შემდეგ სიტუაცია გაუარესდა. მინდოდა, რომ ჩემი შვილის გვერდით, რაც შეიძლებოდა მეტი დრო გამეტარებინა, რადგან ჩვენ ერთმანეთს მინიმუმ ერთი წლის მანძილზე მაინც არ უნდა დავშორებულიყავით. ამ ასაკის ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დედის სახე, გარეგნობა და სუნიც კი. თავად დაფიქრდით, ასე არ არის? თუმცა ჩემი ქმარი შემეწინააღმდეგა. ის მოითხოვს, რომ სამსახურში დავბრუნდე, ჩვენი შვილი კი – აღსაზრდელად დედამთილს ჩავაბაროთ. მიზეზი, ოჯახის ბიუჯეტია, რომელიც დაზარალდა და ახლა ამას როგორმე უნდა ვუშველოთ.
მე არ მინდა სამსახურში გასვლა. მინდა, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო ჩემს შვილთან ერთად. თანაც, არც იმით ვარ აღფრთოვანებული, რომ ჩემი დედამთილი ჩვენს სახლში იქნება. ეს არ არის კარგი იდეა. სიზარმაცე არაფერ შუაშია. არ ვიცი, როგორ მოვიქცე ამ სიტუაციაში. არასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ქმარი ფულის თემაზე როდესმე მისაყვედურებდა. და რაიმე რომ დამემართოს? ის ჩვენზე ზრუნვაზე უარს იტყვის? ეს ნორმალურია?
ოჯახის ბიუჯეტი: რჩევა
რა ურთიერთობაც არ უნდა ჰქონდეს ცოლ-ქმარს, ფული ფულია. და თუ ბიუჯეტს თანაბრად გაინაწილებთ, შედეგი არც ისე დადებითი იქნება. პირიქით, მამაკაცი მიეჩვევა მოვლენების ასეთ განვითარებას და ვეღარ შეძლებს მოვლენების გათვალისწინებას, რომლებიც შეიძლება მოხდეს მომავალში. ეს ისტორია სწორედ ამაზე მეტყველებს. ყველაფერი კარგად იყო ზუსტად იმ მომენტამდე, სანამ პირველი სირთულეები არ გაჩნდებოდა.
თუ ქალი საერთოდ არ ჩადებდა ფულს ოჯახის ბიუჯეტში ან მისი ინვესტიცია მნიშვნელოვნად მცირე იქნებოდა, მაშინ მამაკაცი უფრო მომზადებული იქნებოდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალი მთელი ცხოვრება მამაკაცის კისერზე უნდა იჯდეს. არავითარ შემთხვევაში. თუ ის სახლში ზის, მაშინ მან სახლის საქმეები უნდა შეასრულოს. ეს ნორმალურია, ბალანსია. მაგრამ თუ ქალი მუშაობს და ოჯახის ბიუჯეტშიც შეაქვს წვლილი, მაშინ მისგან დამატებით რაიმეს მოთხოვნა უსამართლო და არასწორია.
არავინ საყვედურობს ქმარს, რომ ის სამსახურის შემდეგ ჭურჭელს არ რეცხავს. ეს ნონსენსია. მაშინ რატომ უნდა იმუშაოს ქალმა ორმაგად? ამას შეიძლება მოჰყვეს ის, რომ ქალი უბრალოდ ძალიან გადაიღალოს. ლამაზი და საინტერესო პიროვნება შეიძლება რაღაც საშინელებად გადაიქცეს. ვის სჭირდება ასეთი ქორწინება?
უბრალოდ დააკვირდით გარშემომყოფებს. თითქმის ყველა ეზოში არის რამდენიმე გაბოროტებული მოხუცი ქალი. ვინ არიან ისინი? ისინი, ვინც დღე და ღამ მუშაობდნენ და საღამოს ოჯახის საქმეებს აკეთებდნენ. რაღაც მომენტში ნერვებმა ვეღარ გაუძლო და ქალი გადაიქცა ურჩხულად, რომელიც ნებისმიერი წვრილმანის გამო ეჩხუბება თავის ქმარს. ღირდა კი ამად?
რა თქმა უნდა, თითოეული ოჯახის ფინანსური შესაძლებლობების გაანალიზება შეუძლებელია. არც არის საჭირო, რადგან თითოეულმა ოჯახმა თავად უნდა გადაჭრას საკუთარი ფინანსური პრობლემები. მაგრამ, ერთ რამეს გირჩევთ, რომ ნუ გექნებათ თქვენი ცოლის, როგორც ბიუჯეტში სერიოზული თანხის შემომტანის იმედი. არასოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე იმედგაცრუებული დარჩებით.