ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად ხდება, რომ ოჯახში გვიანი შვილი სწორედ იმ ჭიქა წყლის მიმწოდებლად იქცევა მოხუცი მშობლებისთვის. დიახ, შესაძლოა ეს უხეშად მოგეჩვენოთ, მაგრამ ქალიშვილი ან ვაჟი ავტომატურად კარგავს საკუთარი ნორმალური ცხოვრების უფლებას, იმ მიზეზით, რომ დედა ან მამა თავს სუსტად ან მიტოვებულად გრძნობენ და დახმარება სჭირდებათ. სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ისინი საკუთარ კარიერას უნდა აშენებდნენ ან ოჯახებს ქმნიდნენ.
ვინ არის ამაში დამნაშავე ან საერთოდ არის თუ არა დამნაშავე – ეს სხვა საკითხია. მთავრია – გარკვევა, თუ როგორ უნდა მოიქცე ასეთ შემთხვევაში. ასეა თუ ისე, ეს სიტუაცია ბევრისთვისაა ნაცნობი და ადამიანებს სურთ იცოდნენ, როგორ უნდა მოიქცნენ მსგავს შემთხვევაში. შესაძლოა, ვიღაცას მსგავსი რამ ჰქონდა პრაქტიკაში და საინტერსო იქნებოდა იმის მოსმენა, როგორ მოიქცა ის და ნანობს თუ არა საკუთარ გადაწყვეტილებას.
გვიანი შვილი ოჯახში
მშობლებმა ცხოვრებაში ყველაფერი მომცეს რაც საჭირო იყო და უფრო მეტიც კი. არ მაქვს მხედველობაში ბანალური ფაქტები, საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების სიყვარული, არა. მათ ძალიან კარგი განათლება მომცეს. საინტერსო და საჭირო ადამიანების გაცნობის შესაძლებლობა, მოგზაურობისა და ნებისმიერ კულტურულ ადამიანთან ნორმალური კომუნიკაციის შესაძლებლობა. მოკლედ, მსოფლიო მოქალაქედ მაქციეს.
ბუნებრივია, სწავლა ჩვენს დროში ფული ღირს, მაგრამ ჩემს მშობლებს იმ დროისთვის ფული ჰქონდათ. როდესაც დავიბადე, მამა 46 წლის იყო, დედა კი – 43-ის. დიახ, მე ვარ გვიანი შვილი ოჯახში. ამის გამო, ყველაზე საყვარელიც. არ დაგიმალავთ, მე მათამამებდნენ და ცდილობდნენ, რომ ჩემთვის ყველაფერი ყველაზე საუკეთესო ეყიდათ. ამის გამო, მართალია პრეტენზიული არ გავმხდარვარ, მაგრამ ზოგიერთი რამ ჩემთვის უცხოა და გაუგებარი.
მაგალითად, მე არ შემიძლია მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ევროპაში შეგიძლიათ ჩასხდეთ ცარიელ ტრამვაის ვაგონში, რომელიც ნელა მაგრამ მხიარულად მიგიყვანთ დანიშნულების ადგილამდე. იქ ბევრი მგზავრი არ არის და ეს პატარა თავგადასავალს უფრო ჰგავს. ჩვენთვის კი ეს ნამდვილი გამოწვევაა. დარჩები ცოცხალი შემდეგ გაჩერებამდე, თუ რომელიმე მოხუცი ქალი გადაგივლის თავისი ჩანთით ან თვალჩალურჯებული მამაკაცი, რომელიც ამ დროს იმის შემოწმებასაც შეეცდება, გიდევს თუ არა რაიმე ჯიბეში.
მე არ შემიძლია პროდუქტების ყიდვა იაფ სუპერმარკეტში. არის მოლები, სადაც სუფთა კალათის აღება შეგიძლია და პროდუქტების რიგებს შორის მშვიდად სიარული. სად გვეჩქარება? ცხოვრება ერთია. მაგრამ ზოგიერთ მაღაზიაში საქმე სხვაგვარადაა. ბინძური, სველი კალათი და საეჭვო ხარისხის პროდუქტები, არც ისე ახალი. რიგებში კი ხალხი დგას, ოფლიანი, ნამძინარევი. თუმცა 1 წამში 5 მეტრს გაირბენენ, თუ თავისუფალ სალაროს დაინახავენ.
შემდეგ საავადმყოფოები. თუმცა, ამის შესახებ უკვე ყველამ კარგად იცის. მესმის, რომ ფული თუ გაქვს, მომსახურებასაც მიიღებ, მაგრამ ზოგჯერ არის სიტუაციები, რომ საჭირო საბუთის მიღება შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოებრივ საავადმყოფოში. სხვაგან მას ვერ აიღებ. ასეთ შემთხვევებში, ყოველთვის ვიჭრები ექიმის კაბინეტში და მოლაპარაკებას ვცდილობ. ეს იმიტომ, რომ რიგში დგომა, სადაც ამდენი ადამიანი ახველებს და აცემინებს, ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია. ირონიულია, მაგრამ ასეთი საშიშროება ყველა მსგავს პოლიკლინიკაშია.
ჩემი მშობლები, როგორც უკვე მიხვდით, მოხუცები არიან. მათი ბიზნესიც დავიწყებას მიეცა და ფულიც. დარჩა კარგი ბინა და გარკვეული თანხა ანგარიშზე. მაგრამ ეს ის არ არის, რაც ადრე იყო. თუმცა, დამიჯერეთ, რომ გზაზე ხელგაშვერილები არ დგანან. მე ჩემს საქმეში წარმატებული ვარ, ამიტომ ჩვენთვის ეს არ წარმოადგენს ყველაზე დიდ პრობლემას.
ყურადღება. აი რა არ ჰყოფნით ჩემს მშობლებს. ჩვეულებრივი, ბანალური ყურადღება. ისინი ჩემგან ამას ძალიან აქტიურად მოითხოვენ. საქმე ისაა, რომ მე საზღვარგარეთ ვცხოვრობ. იქ ვსწავლობდი, იქ გავიჩინე მეგობრები, შეყვარებული. ჩემი ადგილი იქ არის. ბინას ვქირაობ, სადაც ჩემს მომავალ მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ. ჩემი მშობლების მთელი ქონება რომ გამეყიდა, მაშინ შევძლებდი მათთვის აქ რაიმე საცხოვრებელი ფართის ყიდვას, მაგრამ ისინი უარს აცხადებენ სადმე გადასვლაზე. ეს კი ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა მივატოვო და მათთან დავრჩე.
ჩემი პროფესია ძალზედ მოთხოვნადია. ეს ნიშნავს, რომ ერთი წელიც რომ დავკარგო, დავკარგავ სამსახურსაც და ცოდნასაც. ის უბრალოდ არააქტუალური გახდება ჩვენს მუდმივად ცვლად სამყაროში. იმას აღარ ვიტყვი, რომ არც ჩემი შეყვარებული დამელოდება.
დედას და მამას არ აინტერესებთ. მათთვის სულ ერთია. ისინი ორნი არიან, ერთნაირად ფიქრობენ, რომ მე უნდა ვიზრუნო მათზე, რაც არ უნდა მქონდეს ცხოვრებაში დაგეგმილი. მე ხომ მათი ერთადერთი ვაჟი ვარ. მათი საყრდენი. მე მათ დრო უნდა დავუთმო, მოვუყვე, როგორ ვარ, ისინი ხომ ასე იშვითად მხედავენ და ასე შემდეგ. მაგრამ აქ რომ ვიქნები რას ვუამბობ? როგორ დავლიე ბიჭებთან ერთად მეზობელ სადარბაზოში?
მე მათ ალტერნატივა შევთავაზე. გადავუხდიდი ფულს ქალს, რომელიც მოვიდოდა და მშობლებს მოუვლიდა. თუმცა, დამიჯერეთ, ჯანმრთელობა ძალიან კარგი აქვთ. ისინი ყოველთვის უარზე იყვნენ. უცხო ქალი რატომ უნდა მოვიდეს? ვაჟი რისთვის გვყავს? ის რომ ვაჟმა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი დედასთან და მამასთან ჯდომაში უნდა გაატაროს, ამას არა უშავს, ეს სხვა საკითხია.
ალბათ ცუდი ადამიანი ვარ, ცუდი შვილი. მაშინ, საერთოდ, რა საჭირო იყო ჩემი გაჩენა და ცხოვრების იმ კუთხით დანახვის შესაძლებლობის მოცემა, როგორც ახლა ვხედავ? ვისხდებოდით ახლა ერთად “საბჭოთა” ოროთახიანში, ერთში მშობლები, მეორეში – მე და ჩემი ცოლი და არანაირი პრობლემა არ გვექნებოდა. სათევზაოდ ვივლიდით, მეზობლებს ვეჩხუბებოდით, ყოველთვიურად კომუნალური გადასახადების მომატებაზე ვიწუწუნებდით. ცხოვრება კი არა, ზღაპარი.
ახლა კი გამოდის, რომ ერთ-ერთი უნდა დავთმო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი. ან მშობლები, უფრო სწორად მათი სიყვარული და დამოკიდებულება, ან საკუთარი ამჟამინდელი ცხოვრება და მომავალი. სხვა ვარიანტი არ არსებობს. წუწუნი არ მიყვარს და არც მეხერხება. მაგრამ მაპატიეთ, ეს სულის გამოძახილია. მეგობრებს ჩემი არ ესმით და მეუბნებიან, რომ დავრჩე და არაფერზე ვიფიქრო. მაგრამ მე მაქვს სინდისი, რომელიც მკარნახობს, რომ მშობლებთან უნდა ვიყო. რა იქნება მომავალში? ეს არავინ იცის.