ექსპერტმა განმარტა, რატომ ჭაღარავდება თმა სინამდვილეში და შესაძლებელია თუ არა ამ პროცესის როგორმე უკუქცევა

201

ჩვენს ლამაზ კულულებს ერთ დღეს კეთილშობილი ჭაღარა შეერევა. ეს ბუნებრივი პროცესი თითოეულ ჩვენგანს შეეხება – ზოგს ადრე, ზოგს მოგვიანებით. საშუალოდ, თმა 35 წლის შემდეგ იწყებს გათეთრებას, თუმცა ალბათ შეგხვედრიათ ძალიან ახალგაზრდა გოგონები ჭაღარა თმის ღერებით. ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ ჩნდება სერიოზული კითხვა. შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმის ფესვზე ზემოქმედება და მისთვის ბუნებრივი ფერის დაბრუნება შეღებვის გარეშე?

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამის შესახებ გიამბობთ!

ჭაღარა თმის ფესვი

თმის ფერზე პასუხისმგებელია პიგმენტი მელანინი, რომელიც გამომუშავდება კანის უჯრედების მელანოციტების მიერ. ასაკთან ერთად მათი მუშაობა ნელდება, ამიტომ ჩვენი თმა ფერს კარგავს და ჭაღარავდება.

თითოეული ჩვენგანი განსხვავებულად ჭაღარავდება. დიდ გავლენას ახდენს არა მხოლოდ ასაკი, არამედ გენეტიკა, მკაცრი დიეტები და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა (მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობა). მოდით შევხედოთ თითოეულ ფაქტორს ცალ-ცალკე.

რატომ ჭაღარავდება თმა?

თუ დედათქვენი ან თქვენი ბებია გვიან გაჭაღარავდა, დიდი შანსია, თქვენც მოიგოთ გენეტიკური ლატარია. ამ პროცესზე გავლენას ახდენს Bcl-w და Bcl2 გენები – ისინი პასუხისმგებელნი არიან მელანოციტების უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. კიდევ ერთი გენი, IRF4, არეგულირებს მელანინის გამომუშავების ინტენსივობას.

თუ დიდ ინდუსტრიულ ქალაქში ცხოვრობთ, იშვიათად იყენებთ ულტრაიისფერი სხივებისაგან დამცავ კრემს და ეწევით, თქვენ გემუქრებათ ადრეული გაჭაღარავება. ეს ფაქტორები ასტიმულირებს ჟანგბადის აქტიური ფორმების გამომუშავებას, რომლებიც შეიცავენ თავისუფალ რადიკალებს. ეს ნაერთები აზიანებს მელანოციტებს და იწვევს თმისა და კანის ადრეულ დაბერებას.

დიეტის მოყვარულები ხშირად განიცდიან ბიოტინის, ვიტამინების E, D, B12, თუთიის და სპილენძის ნაკლებობას. ეს ნივთიერებები აჯანსაღებს თმას და ხელს უწყობს მელანინის გამომუშავებას. ახლა თქვენ იცით, რას იწვევს მათი დეფიციტი.

თუ გიჭირთ დიეტის “მიტოვება”, აუცილებლად ჩართეთ თქვენს რაციონში საჭირო ვიტამინები და მიკროელემენტები – საკვების ან ბიოლოგიური დანამატების სახით. მაგალითად, ვიტამინი B12 არის ქათმის ხორცში, ღვიძლში და თირკმელებში, ზღვის თევზში, კვერცხში, ყველში, იოგურტსა და რძეში. მაგრამ, ნუ იყიდით ვიტამინებს დაუფიქრებლად, რათა არ ავნოთ თქვენს ჯანმრთელობას! აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ნაადრევი ჭაღარა შეიძლება იყოს შინაგანი ორგანოების გარკვეული დაავადებების და დერმატოლოგიური პათოლოგიების შედეგი. ეს შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ვიტილიგო, პერნიციული ანემია, ნეიროფიბრომატოზი, ბუდობრივი ალოპეცია და აკრძალული ნივთიერების უკანონო გამოყენება. თმის ფერზე ასევე გავლენას ახდენენ მედიკამენტები, რომლებიც არეგულირებენ ჰორმონალურ ბალანსს.

მეცნიერები ასახელებენ ნაადრევი გაჭაღარავებისა და ნაოჭების გაჩენის კიდევ ერთ მიზეზს. ეს არის სტრესი! სტრესი არღვევს ჰორმონალურ ბალანსს და აშორებს პიგმენტის წარმომქმნელ უჯრედებს თმის ფოლიკულებიდან. ეს არის ცუდი და ასევე კარგი ამბავი.

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმის მოშორება თმის შეღებვის გარეშე?

დერმატოლოგები ადასტურებენ: ჭაღარა – ხშირად ცალმხრივი პროცესია. მაგრამ ზოგიერთ სიტუაციაში შესაძლებელია თავდაპირველი ფერის დაბრუნება. დამაიმედებლად ჟღერს!

თუ ჩვენი მშვენიერი თმა სტრესის ან მკაცრი დიეტის გამო გაჭაღარავდა, ამის მიხედვით ვმოქმედებთ. დროს ვუთმობთ ჩვენს საყვარელ ნერვულ სისტემას, ვისვენებთ, მივდივართ ფსიქოთერაპევტთან და ვარეგულირებთ ძილს. მივდივართ კონსულტაციაზე დიეტოლოგთან და ვივსებთ B12 ვიტამინის და სხვა საკვები ნივთიერებების დეფიციტს. ასე, ეტაპობრივად ვზრდით თმის ბუნებრივი ფერის დაბრუნების შანსებს.

სხვა სიტუაციებში საკუთარი წვლილის შესატანად მზადაა მედიცინა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს წამლის ტოფაციტინიბის მეორადი სასარგებლო თვისებები. ის ძირითადად გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ, მაგრამ ასევე ინიშნება პაციენტებისთვის თმის ცვენის დროს. ტოფაციტინიბმა აჩვენა საკუთარი ძალა ალოპეციის მკურნალობაში და მეცნიერები ახლა იკვლევენ მის პოტენციალს ჭაღარა თმასთან საბრძოლველად.

რა თქმა უნდა, ყველას გვსურს შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა, ჯანმრთელობა, ელასტიურობა და სხეულის სიძლიერე. მეორე მხრივ, იგივე ჭაღარა თმა ზედიზედ რამდენიმე წელია ტრენდულია! უცხოელი ცნობილი სახეები ჭაღარა თმას აღარ მალევენ: ისინი იკეთებენ მელირებას ან თმას ვერცხლისფრად იღებავენ. ეს ძალიან მდიდრულად და ელეგანტურად გამოიყურება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს