ზოგჯერ წყვილში ოჯახურ საქმეებზე საუბრები, რომელიც თითქოს გამუდმებით მეორდება, ურთიერთობებში დიდ ცვლილებებს იწვევს:
-როგორც მივხვდი, ზამთრის საბურავებისათვის ფულს არ უნდა ველოდო, არა? – იკითხა მარიმ ერთ დილით.
მან ახლახან გაიღვიძა, აკაკი კი უკვე სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა.
-მარი! შენ იცი ჩემი მდგომარეობა. იმ თვეში პრემია არ მიმიღია და გაურკვეველია, რა ბედი ეწევა კვარტალურ პრემიას. ბავშვების ხარჯები კი – მუდმივია.
ქალმა თავი დაუქნია. სხვა პასუხს არც ელოდა.
აკაკი მაშინვე ჩაეხუტა მას:
-არ გეწყინოს, შვილები მყავს და ისინი მუდმივად საჭიროებენ ფინანსურ ინვესტიციებს.
-ეს შენი ცხოვრებაა, აკაკი! შენი ფული, შენი შვილები, შენი გადაწყვეტილებები.
-კარგი, შენ უკვე იბუტები! – გაიღიმა კაცმა. – მოდი, რამე სასიამოვნოზე ვილაპარაკოთ! მიყვარხარ. და მალე ჩემი ცოლი გახდები! მერე უკვე სხვა ცხოვრება გვექნება – ახალი ბინა. ახალ მანქანას ვიყიდით! მშვენიერი იქნება!
მამაკაცმა ისევ აკოცა საყვარელ ქალს და სამზარეულო დატოვა.
მარიმ ახლებურად შეხედა ბინას. რამდენი წელია, რაც აქ ცხოვრობს? შვიდი, არა რვა წელი. ეს ნიშნავს, რომ ბებია 10 წლის წინ გარდაიცვალა.
თუ მარტო როგორმე ახერხებდა 33 კვ.მ – ში ცხოვრებას, ორი ადამიანისთვის უკვე სივიწროვე იყო. რომ აღარაფერი ვთქვათ სამზე! ასე რომ, ამ ბინის გაყიდვის და ოროთახიანი ბინის ყიდვის იდეა ნამდვილად კარგი იყო.
-მარი, არასწორად იქცევი! ბინა უნდა იყიდო ზაფხულში, როცა სიმშვიდეა. და გაყიდო ახლა – გაზაფხულზე.
მისი მეგობარი და თანამშრომელი, როგორც ყოველთვის, ყველა საკითხში ექსპერტი იყო.
-როგორ გავყიდო ბინა, რომელშიც ვცხოვრობთ გაზაფხულზე და როგორ ვიყიდო ახალი ბინა ზაფხულში?
-შენს გულის რაინდს სახლი არ აქვს?
-კი, მაგრამ მისი შვილების დედა და თავად შვილები ცხოვრობენ იმ ბინაში.
-მაგარი პრინცი გიპოვია! – გაიცინა მეგობარმა. – შენთან ცხოვრობს, ალბათ ალიმენტებს იხდის, ბავშვებს ანებივრებს. სახლში საჭმელი მაინც მოაქვს? თუ შენ ინახავ? კარგად მოწყობილა!
მარი დუმდა. მსგავსი საუბარი პირველი არ იყო და კამათს აზრი არ ჰქონდა. მისი მეგობარი გარკვეულწილად მართალი იყო. მაგრამ, როგორც ამბობენ, გარკვეული ნიუანსები არსებობდა.
-რატომ ვერ ყიდით იმ ბინას? იპოთეკა უკვე გადახდილია, იქ გაქვს 1/2 წილი, რომელსაც შენ არ იყენებ. თუ გაყიდი ფული შენც გექნება, დავამატებთ ჩემი ბინის გაყიდვით მიღებულ ფულს და მარტივად შევძლებთ ნორმალური ბინის ყიდვას. ყოველგვარი სესხის გარეშე, გიჟური საპროცენტო განაკვეთებით!
-მარი, უკვე ასჯერ აგიხსენი. ეს ბინა არის ჩემი ვაჟებისთვის. მათ უნდა ჰქონდეთ სახლი. და ეს ბინა მათი სახლია. რატომ უნდა შევიტანო ცვლილებები მათ ცხოვრებაში, საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა და ასე შემდეგ?
-იმისთვის, რომ ბედნიერად ვიცხოვროთ! – ამოიოხრა მარიმ.
აკაკი უცებ დასერიოზულდა. ოდნავ გაბრაზდა კიდეც.
-ბავშვების ხარჯზე ბედნიერი ვერ იქნები! – მკაცრად უპასუხა და გატრიალდა.
„არა და არა“ – სიმწრით დაასრულა ქალმა საუბარი გონებაში. მან სცადა. ახლა კი შეუძლია თავისუფლად იმოქმედოს.
რამდენიმე კვირის შემდეგ
სახლში მიდიოდნენ. ჩუმად იყვნენ, ბოლო დროს ხშირად ასე ხდებოდა. მაგრამ ამჯერად მარი არ აპირებდა ჩუმად ყოფნას.
-აკაკი, ბინაზე უნდა დაგელაპარაკო.
-რა? როდის ვნახავთ? ქორწილის დღეც ახლოვდება.
-სამ თვის შემდეგ. ჯერ ჩემი სახლი უნდა გავყიდოთ.
-და რაზე გინდოდა საუბარი?
-გადავწყვიტე, რომ ბინა ხელის მოწერამდე ვიყიდო.
მარი ნებისმიერ რეაქციას ელოდა, მაგრამ აკაკის დუმილმა ცოტა შეაშინა.
-აი, თურმე რა ყოფილა? და შეგიძლია მითხრა, რატომ?
-იმიტომ, რომ შენ შვილები გყავს. ვისზეც ხარჯავ შენი ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს. და თუ ერთად ავიღებთ იპოთეკას, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.
-მარი, შენ ტყუილის თქმა არ გეხერხება. როცა არ უნდა შეიძინო ბინა, იპოთეკის გადახდა მაინც ქორწინებაში მოგვიწევს. მაგრამ შენ გინდა, რომ მანამდე იყიდო. რატომ?
ქალმა ღრმად ჩაისუნთქა.
-მე არ მინდა, რომ შენს შვილებს ჩემს ბინაზე რაიმე პრეტენზია ჰქონდეთ.
-ჩვენს ბინაზე!
-ჩემს ბინაზე, – მკაცრად შეასწორა მარიმ. – იპოთეკის გარეშე, ღირებულების თითქმის 50%-ს – ჩემი ბინის გაყიდვით მიღებული ფულით ვიხდი.
-მაგრამ იპოთეკას ერთად გადავიხდით. ეს ჩვენი ბინაა!
-ყოფილ მეუღლესთან და შვილებთან შენს ურთიერთობაში მე არ ვერევი. ეს შენი ცხოვრებაა. მაგრამ ასევე არ მინდა, რომ ჩემს ბინაზე შენს მემკვიდრეებს ჰქონდეთ რაიმე პრეტენზია.
-სწორედ ამიტომ გადაწყვიტე იპოთეკის აღება და სესხის ჩემი ფულით გადახდა?!
-არ ინერვიულო, მსგავსი არაფერი მოხდება. მარიმ ჩანთიდან საქაღალდე ამოიღო. – აი, წაიკითხე.
-ეს რა არის?
-საქორწინო კონტრაქტი. შენ არ იქნები ვალდებული, რომ გადაიხადო ჩემი იპოთეკა.
-უკვე ესეც გაქვს? მაგარია! ამისთვის დიდხანს ემზადებოდი?
-ბინის გაფართოებისთვის შენთან შეხვედრამდეც ვემზადებოდი. და თუ ხელშეკრულებაზეა საუბარი – ერთი კვირის წინ!
-შენ უბრალოდ მაგდებ შენი ცხოვრების ნაწილიდან!
-მე შენთან ვარ. და შენ ჩემთან ცხოვრობ. მე უბრალოდ ცხოვრება გაგიადვილე. განაგრძე ბავშვებზე ზრუნვა, როგორც ყოველთვის.
-მაგრამ ეს არ არის სამართლიანი! მე მაინც გადავიხდი შენს იპოთეკას ირიბად. უბრალოდ მომიწევს მეტი სასურსათო პროდუქტის ყიდვა და მეტი გადასახადის გადაიხდა, ვიდრე ახლა.
-და? შენ საქორწინო ხელშეკრულების გარეშეც კი ვერ მიიღებ წილს ჩემს ბინაში.
-ეს ვიცი!
-და… თუ რატომ ვაკეთებ ამას, ეს უკვე აგიხსენი.
-მაგრამ მე მინდა, რომ მემკვიდრეობა დავუტოვო ჩემს შვილებს!
-დაუტოვე. მაგრამ არა ჩემი ბინის ხარჯზე.
-მე ასე არ შემიძლია. შენ ჩვენ შორის ბარიერებს ქმნი. უკვე. ჯერ კიდევ ქორწილამდე.
-მაგრამ მე არ შემიძლია დავუშვა, რომ ჩემთვის უცხო ადამიანებს რაიმე კავშირი ჰქონდეთ ჩემს ქონებასა და ფულთან!
-ჩემი შვილები შენთვის უცხოები არიან?
-რომელთა დედა მე არ ვარ? შენი სიკვდილის შემდეგ? დიახ.
-გასაგებია! იქნებ ქორწილი ცოტა ხნით გადავდოთ?
-რაღას უნდა ველოდოთ? – უცებ გათამამდა მარი. – მე აზრს არ შევცვლი. თუ წინააღმდეგი ხარ ამ შეთანხმების, მაშინ საერთოდ გავაუქმოთ.
-დამნაშავედ ნუ გამოგყავარ! მინდა, რომ ცოლად მოგიყვანო! მაგრამ არა ასეთი პირობებით.
-კარგი, მაშინ ისევ ისე გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც ახლა ვცხოვრობთ. ამით იმ ფულსაც დავზოგავთ, რაც ქორწილისთვის უნდა დაგვეხარჯა.
-შენ მხოლოდ ფულზე ფიქრობ!
-ისევე, როგორც შენ! რა არის ამაში ცუდი?
ამ საუბრის შემდეგ მათი ურთიერთობა სწრაფად გაუარესდა. და როგორც კი მარიმ, ბანკიდან წინასწარი თანხმობის მიღების შემდეგ, ბინის გაყიდვა დაიწყო, აკაკი სხვაგან გადავიდა.
სად და ვისთან – მარის არ გაურკვევია, მას ისედაც ბევრი საზრუნავი ჰქონდა.
გული კი … ოდესმე ტკივილი გაქრება…