ლამაზი, სწორი თითები, თანაბარი ტონის დაჭიმული კანი და ხელებზე მშრალი კანის არარსებობა არის შედეგი, რომლის მიღწევაც მხოლოდ კრემების დახმარებით შეუძლებელია. რაც არ უნდა წამახალისებელი იყოს მწარმოებლის დაპირებები კრემის შეფუთვაზე, მისი ეფექტი ყველაზე ხშირად გამოიხატება კანის დარბილებასა და ზედაპირულ დატენიანებაში, ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები კი – რჩება კანზე და არ ქრება კრემის რეგულარული გამოყენების შემდეგაც კი.
ხელების სილამაზე დიდწილად დამოკიდებულია არა კანის ზედა ფენების მოვლაზე, არამედ უფრო ღრმა ზემოქმედებაზე.
გამომდინარე იქიდან, რომ ხელები სხეულის ბევრად უფრო დაუცველი ნაწილია გარე ფაქტორების მიმართ (ამინდი, მათ შორის მზის ზემოქმედება, სიცივე და ქარი, საყოფაცხოვრებო ქიმიკატებთან მუდმივი კონტაქტი და ა.შ.) – კანს, რა თქმა უნდა, კარგი მოვლა სჭირდება. მაგრამ ქალების უმეტესობა იყენებს არაუმეტეს ორ პროდუქტს ხელების კანის აღსადგენად, ხოლო სახისთვის 4-5 პროდუქტი აქვს.
პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ხელის მასაჟზე, რომელიც მოქმედებს არა მხოლოდ კანზე, არამედ კუნთებზე, ფასციებზე და სახსრებზე. ასეთი კომპლექსური დამუშავება ხელს უწყობს აღდგენით პროცესებს შიგნიდან და ამ შემთხვეაში ნებისმიერ მოვლის კოსმეტიკა და პროცედურა ბევრად უკეთესად მუშაობს.
როგორ გავიკეთოთ მასაჟი
უმჯობესია მასაჟის დაწყება სწრაფი ვარჯიშით, რაც მნიშვნელოვანია თქვენი ხელების სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. ჩვენი ხელისგულები ხშირად აკეთებენ სხვადასხვა სახის დაჭერის მოძრაობებს, როდესაც თითები შიგნით იხრება. პრაქტიკულად არ არსებობს საპირისპირო მოძრაობები, რომლებიც დამაბალანსებელი იქნებოდა. ამიტომ, გააკეთეთ შემდეგი ვარჯიში:
ხელისგულები მოათავსეთ მაგიდაზე, მონაცვლეობით ასწიეთ თითები და აჭიმეთ ზევით. უნდა იგრძნოთ დაძაბულობა და წინააღმდეგობა, მაგრამ ძლიერი დისკომფორტის გარეშე. საჭიროა თითოეული თითის აწევა და დაჭერა დაახლოებით 5 წამის განმავლობაში. დაასრულეთ ვარჯიში ყველა თითის ერთდროულად აწევით 5-10 წამის განმავლობაში, ხელისგული არ უნდა აიწიოს მაგიდის ზედაპირიდან.
მასაჟი უმჯობესია დაიწყოთ თითებს შორის არეს დამუშავებით, დაწყებული ცერა თითსა და საჩვენებელ თითს შორის არსებული მონაკვეთით. გააკეთეთ მასაჟის წრიული მოძრაობები თავისუფალი ხელის ცერით და საჩვენებელი თითებით. 10 წრიული მოძრაობის გაკეთების შემდეგ (საათის ისრის მიმართულებით და ოდნავ დაჭერით), გასწიეთ ცერა თითი მაჯისკენ. გაიმეორეთ კიდევ ერთხელ, შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ მონაკვეთზე:
როგორც წესი, ეს ზონები მტკივნეულად რეაგირებს, მაგრამ, ჩვეულებრივ, დისკომფორტი არ უნდა იყოს. დროთა განმავლობაში მასაჟი ძალიან კომფორტული იქნება.
შემდეგ ვიწყებთ თითების დამუშავებას. ამისათვის ვიზუალურად გაყავით თითები 4 ზონად და ზომიერად ძლიერი დაჭერითი მოძრაობებით დაამასაჟეთ ცერა და შუა თითი, შეასრულეთ საათის ისრის მიმართულებით 5-7 წრიული ბრუნვა, ჯერ თითოეულ თითზე გვერდებიდან, შემდეგ თითოეულ თითზე ზემოდან და ქვემოდან, როგორც ქვემოთ მოცემულ სქემაზეა ნაჩვენები.
ორივე ხელზე თითების დამუშავების შემდეგ, ფანქრის ან კალამის მეშვეობით ჩაიტარეთ დამამშვიდებელი მასაჟი ხელისგულებზე, დაახლოებით 20-30 წამის განმავლობაში.
გამოვიყენოთ თუ არა კრემი?
ეს დამოკიდებულია თქვენი კანის მდგომარეობაზე. თუ ის ზედმეტად მშრალია და შესამჩნევად დანაოჭებული, უმჯობესია მასაჟი ჩაიტაროთ მცირე რაოდენობით მსუბუქი დამატენიანებელი კრემის გამოყენებით. სხვა შემთხვევაში, როცა მასაჟის დროს კანი არ იჭიმება, შეგიძლიათ გაიკეთოთ კრემის გარეშე. მასაჟის დროს მუშაობა არ ხდება კანზე, არ სრულდება ძლიერი გაჭიმვის მოქმედებები, ამიტომ კრემს შეუძლია შექმნას დამატებითი არასაჭირო სრიალი და ხელი შეუშალოს კუნთებისა და ფასციების ღრმა დამუშავებას.
მასაჟი უნდა დაასრულოთ მოვლის კრემის ან ნიღბის წასმით. მასაჟის შემდეგ ნებისმიერი მოვლის პროცედურა უფრო ეფექტური იქნება.
პროფილაქტიკური მიზნით საკმარისია ასეთი მასაჟის გაკეთება თვეში მხოლოდ 3-4 ჯერ (დაახლოებით კვირაში ერთხელ, ან ათ დღეში ერთხელ). თუ მანამდე არ გამოგიყენებიათ მასაჟი ხელის მოვლისას, მაშინ უმჯობესია ამის გაკეთება უფრო ხშირად. მასაჟის კვირაში ორჯერ გაკეთება საკმარისი იქნება, რომ დაინახოთ პირველი შედეგები.