დავამზადოთ ხაფანგი საკუთარი ხელით და თავიდან მოვიშოროთ მომაბეზრებელი მწერები.

1610

სამზარეულოში, პროდუქტების კარადაში ან წიგნებში შეიძლება დაინახოთ უშნო შესახედაობის მოგრძო ხოჭო ბევრი ულვაშით. ერთი შეხედვით, ტარაკანს ჰგავს, მაგრამ თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ზიგენტომაა. ამ მწერს სააბაზანო ოთახი, სველი ადგილებიც უყვარს. მისი მოშორება ძალიან რთულია. პაპარაცი–ს რედაქცია გიამბობთ, რა არის ზიგენტომა და როგორ ებრძოლოთ.

მწერები სახლში

ზიგენტომას აქვს თევზის ფორმის ტანი, თათები და ულვაშები წინ და უკან. ყველაზე ხშირად სააბაზანო ოთახში გვხვდება, რადგან ნოტიო გარემო უყვარს. სხვაგანაც თავს კარგად გრძნობს. მაგალითად, სამზარეულოში, პროდუქტების ყუთებში ან ოთახში, შპალერის ქვეშ, ძველ წიგნში, ავეჯში.

ზიგენტომა არ დაფრინავს, მაგრამ ბევრი ფეხის, კუდის და ულვაშის წყალობით სწრაფად მოძრაობს. ადამიანს არ კბენს, ცხოველს არ აზიანებს, ინფექციები არ გადააქვს. შეიძლება ითქვას, რომ უსაფრთხოა, მაგრამ მისი დანახვა სასიამოვნო არაა. თან ამაზრზენია იმის გაცნობიერება, რომ შეიძლება საწოლში შემოძვრეს.

მწერის ზიანი

მწერი პროდუქტებს და ნივთებს აზიანებს. ფხვიერი პროდუქტები (შაქარი, ფქვილი, მარცვლეული, მაკარონი) ძალიან უყვარს. ამ პროდუქტებში ხშირად შეიძლება დაინახოთ.

ოთახში შპალერის ქვეშ ცხოვრობს. შპალერზე ლაქა და შავი ადგილი შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ იქ მწერი სახლობს. იქ კვერცხებს დებს, შპალერს თავისი ნარჩენებით აბინძურებს. თხელ შპალერს ხვრეტს, რომ იქედან გამოვიდეს. ძველ წიგნებსა და მაკულატურაში ხშირად სახლობს. ასევე უყვარს ძველი ავეჯი და ტანსაცმელიც, რომელიც დაკეცილია და წლები კარადიდან არ გამოუღიათ.

აბაზანაში გასამრავლებლად სახლდება. მაღალი ტენიანობა მისთვის იდეალური ადგილია. საკმაოდ სწრაფად მრავლდება. 1–2 მწერი თუ დაინახეთ, 2 კვირაში 50 გახდება. მწერების დაჭერა ხელნაკეთი ხაფანგით მარტივია.

ხაფანგის მომზადება

ზიგენტომას ყველაზე მეტად ფხვიერი პროდუქტი, შაქარი, ფქვილი, სახამებელი უყვარს, ამიტომ ხაფანგის გასაკეთებლად გამოიყენეთ. ასეთ ხაფანგში ადვილად გაებმება და დაიღუპება.

მუყაოდან პატარა კვადრატები გამოჭერით. თაფლი წაუსვით. თუ არ გაქვთ, შაქრის სიროფიც გამოგადგებათ. მუყაოს კვადრატები იმ ადგილებში დადეთ, სადაც მწერებს ხშირად ხედავთ. ხაფანგი აუცილებლად დადეთ, თუნდაც მხოლოდ ერთი დაინახოთ. დროდადრო შეაამოწმეთ და განაახლეთ.

თუ მუყაო არ გაქვთ, ქილა გამოიყენეთ. ქილას შიგნიდან თაფლი ან შაქრის სიროფი წაუსვით. ასე მწერი ქილიდან ამოსვლას ვეღარ შეძლებს.

სისუფთავე დაიცავით

გირჩევთ, რომ ფხვიერი პროდუქტები ჰერმეტულ კონტეინერებში შეინახოთ. ასე მწერი მასში შეღწევას ვერ შეძლებს. კარადები ხშირად გაწმინდეთ. პროდუქტები შეამოწმეთ. არაფერი დაყრილი არ დატოვოთ, სველი მეთოდით ხშირად დაალაგეთ.

და ბოლოს, თუ ხაფანგები უშედეგოა, პროფესიონალის გამოძახება მოგიწევთ. ერთი შეხედვით უვნებელ მწერსაც პროდუქტების და ქონების დაზიანება შეუძლია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს