უმეტესობა ჩვენგანი სევდით და ნოსტალგიით იხსენებს სკოლას. სკოლის წლების დიდი ნაწილი უკვე დიდი ხანია დავიწყებულია, მაგრამ არის რაღაცები, რომლებიც წლების შემდეგაც კი გვახსოვს უმცირესი დეტალებით. ერთ-ერთია სკოლის სასადილოს კატლეტები.
არაერთხელ ვცადე ინგრედიენტების შერჩევა ამ ლეგენდარული კერძის მოსამზადებლად, მაგრამ უშედეგოდ. და აი, კურსდამთავრებულთა შეხვედრაზე ჩვენმა საყვარელმა მზარეულმა დეიდა ლიამ გაგვანდო ამ რეცეპტის საიდუმლო. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ კატლეტების რეცეპტს გაგიზიარებთ.
კატლეტები, როგორიც სასადილოში
სასკოლო კატლეტების გემო ასეთი განსაკუთრებული რამდენიმე ხრიკის წყალობითაა.
გემოს პირველი და მთავარი საიდუმლო პურია. სასადილოში კატლეტებისთვის იყენებდნენ არა ჩვეულებრივ პურს, არამედ შავ ან ჭვავის პურს. ამ ჩანაცვლების მიზეზი იყო პროდუქტის ფასი, რადგან ის უბრალოდ უფრო იაფი იყო, ვიდრე თეთრი.
რეცეპტის მეორე საიდუმლო არის პურისა და ფარშის პროპორციები. ეს კომპონენტები თანაბარი რაოდენობით გამოიყენებოდა, რაც ხელს უწყობდა ღირებულების მნიშვნელოვნად შემცირებას. ალბათ გახსოვთ, რომ ასეთი კატლეტი მხოლოდ 11 კაპიკი ღირდა.
ამავე მიზეზით, ფარშს არ უმატებდნენ კვერცხს და კიდევ იმიტომ, რომ კვერცხით კატლეტი უფრო მშრალი გამოდის. ინგრედიენტების შეკვრის ფუნქციას ასრულებდა კარგად გაჟღენთილი პურის მასა, რომელიც ხელს უშლიდა კატლეტების დაშლას თერმული დამუშავებისას.
სკოლის სასადილოში კატლეტებს დიდი მოცულობის გამო ტაფაზე არ წვავდნენ. ისინი ცხვებოდა ღუმელში, რაც ამარტივებდა მომზადების პროცესს. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ გამომცხვარი საკვები უფრო სასარგებლოა ბავშვის ორგანიზმისთვის, ვიდრე შემწვარი.
ერთად მოვამზადოთ სკოლის კატლეტები და ამ უგემრიელესი კერძით გავუმასპინძლდეთ საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებს.
ინგრედიენტები
- 500 გ ხორცი (ღორის ან შერეული);
- 300 გ შავი პური (დაახლოებით ნახევარი პური);
- 1-2 ხახვი;
- 1 ჭიქა წყალი ან რძე;
- მარილი და პილპილი გემოვნებით;
- მცენარეული ზეთი შესაწვავად.
მომზადება
1. ჯერ პური უნდა მოამზადოთ. პურის ნაჭრებს ქერქები მოაჭერით და რამდენიმე წუთით გააშრეთ ღუმელში. პურს დაასხით წყალი ან რძე და დატოვეთ გასაჟღენთად.
2. ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დააბლენდერეთ. სხვათა შორის, შეგიძლიათ გამოიყენოთ მზა ფარშიც.
3. ხახვი წვრილად დაჭერით.
4. დასველებული პური ჩანგლით დაჭყლიტეთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. ასევე დააქუცმაცეთ ღუმელში გამომშრალი ქერქები. ისინი დაგჭირდებათ საფანელის მოსამზადებლად.
5. ფარშს შეურიეთ ხახვი, მოაყარეთ მარილი და სანელებლები. შემდეგ დაუმატეთ პურის ნატეხები და კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
6. შემდეგ დაიწყეთ კატლეტების ფორმირება. სველი ხელით აიღეთ ფარშის პატარა ნაჭერი, ოდნავ დაბეგვეთ და სასურველი ფორმის კატლეტი გააკეთეთ. უმჯობესი იქნება, თუ კატლეტის სისქე არ იქნება 1,5 სმ-ზე მეტი, ასე უკეთ გამოცხვება და არ დაიწვება. კატლეტი დამატებით გააბრტყელეთ საფანელში.
ვინაიდან სახლში ნაკლებ რაოდენობას ვამზადებთ, ვიდრე სასადილოში, კატლეტი შეგიძლიათ მოამზადოთ ტაფაში. ტაფაში გააცხელეთ მცენარეული ზეთი და შეწვით კატლეტი ორივე მხრიდან.
კატლეტი მზადაა! ამ კერძის გარნირად შესანიშნავია კარტოფილის პიურე, მაკარონი, მწვანე სალათა ან უბრალოდ ახალი შავი პურის ნაჭერი. გემრიელად მიირთვით!