„უკვე შევიძინე და დავრგე სამკურნალო ხბოშუბლას თესლი. მითხრეს, რომ ძალიან სასარგებლო მცენარეა. როგორი სამკურნალო მოქმედება აქვს? პატივისცემით, ვ.მ.“
წერილს ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ლიუბოვ დუდჩენკო პასუხობს:
სამკურნალო ხბოშუბლა (Galega officinalis L) მოლურჯო ყვავილების მქონე ბალახოვანი მრავალწლიანი მცენარეა პარკოსანი ოჯახიდან. ნაყოფი მრავალთესლიანი ლობიოა. ხბოშუბლა შუა ზაფხულში ყვავის, ხოლო ნაყოფს გვიან შემოდგომამდე იძლევა. მიწისზედა ნაწილს, ასევე თესლს ყვავილობის პერიოდში იყენებენ. ბალახი შეიცავს ალკალოიდებს, საპონინებს და ტანინებს. მის ყვავილებსა და ფოთლებში აღმოჩენილია ორგანული მჟავები (კოფეინის, კუმაროვის, სინაპურის) და ვიტამინები. თესლი ცხიმოვან ზეთებს, ფიტოსტეროიდებს, უჯერ ცხიმოვან მჟავებს და შაქარს შეიცავს. გალეგინის შემცველობის წყალობით ხბოშუბლა არტერიულ წნევას ზრდის, პერიფერიულ სისხლძარღვებს ავიწროებს, ნაწლავების მოძრაობას ასუსტებს და ლაქტაციას სტიმულირებს. ასევე ანტიჰელმინთური მოქმედება გააჩნია. კავკასიაში მკურნალები ტონზილიტის დროს ბალახის ნაყენით ყელის გამოვლებას გირჩევენ. ჰომეოპათები ახალი ყვავილების და ფოთლების ესენციას ბუასილის სამკურნალოდ იყენებენ.
მცენარეს ოფლმდენ საშუალებადაც იყენებენ, მაგრამ მისი გამოყენება მცირე ჰიპერგლიკემიის დროსაც სასარგებლოა. სწორედ ამიტომ, ხბოშუბლას ბალახის ნაყენი და ნახარში მე-2 ტიპის დიაბეტის საწყის სტადიაზე გამოიყენება. ხბოშუბლა ეგზემის და ლიქენის მკურნალობის დროსაც დაგეხმარებათ (ბალახის ნახარშისგან საფენებს აკეთებენ).
ბალახის ნახარში: 1 ჩ/კ ბალახს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 10 წუთით აადუღეთ. 1 ჭიქა ნახარში დღეში 3-ჯერ მიიღეთ. მკურნალობის კურსი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს და სისხლში შაქრის დონეს აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციოთ.
ბალახის და თესლის ნახარში: ნედლი მასალა თანაბარი პროპორციით აიღეთ და აურიეთ. 1 ჩ/კ ნარევს 1 ჭიქა წყალი დაასხით და 10 წუთით ადუღეთ. 1 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.
შეგიძლიათ ნახარში პიტნის ფოთლების და ლობიოს პარკის ნარევთან ერთად (1:1:1) მოამზადოთ. 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე 10 წუთით ხარშეთ. 0,5 ჭიქა დღეში 3-ჯერ დალიეთ. შაქრიანი დიაბეტის დროს (საწყის სტადიაზე) ასეთ ნარევს საკმაოდ წარმატებულად იყენებენ: მოცვის ფოთლები, სამკურნალო ხბოშუბლას ბალახი და ჭინჭრის ფოთლები თანაბარი პროპორციით აიღეთ. 1 ს/კ ნარევს 300 მლ მდუღარე წყალი დაასხით. 15 წუთით ადუღეთ, 5 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. 2 ს/კ საშუალება დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ.
ყურადღება! მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში ხბოშუბლით მკურნალობა დიდი სიფრთხილით უნდა ჩატარდეს. მისი გამოყენება ორსულობის დროს არ შეიძლება, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების დროს არასასურველია. ხბოშუბლას პრეპარატები ბავშვებში არ გამოიყენოთ. მცენარის გამოყენების დროს დოზირება მკაცრად უნდა დაიცვათ.