ჩვენ არ ვუფიქრდებით, რომ საკვები – ესაა ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, უჯრედისი, წყალი და მინერალური ნივთიერებები – მიკრო- და მაკროელემენტები. საკვებში ამ ნივთიერებების სწორ შეთავსებას უდიდესი სარგებელი მოაქვს: აუმჯობესებს ჯანმრთელობას, გვეხმარება მის შენარჩუნებაში და მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს სიცოცხლეს. მაგალითად, მიკროელემენტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიმოცვლით პროცესებში, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს.
ფოსფორზე დამოკიდებულება
ერთ-ერთი ნივთიერება, რომელიც ძვლოვანი სისტემის ფორმირებაში მონაწილეობს, ფოსფორია. გარდა ძვლებისა და კბილების ზრდისა, ფოსფორი ეხმარება უჯრედებს სწორად ზრდაში, ხოლო თირკმლებს – ნორმალურად ფუნქციონირებაში, მონაწილეობს ვიტამინების ათვისებასა და საკვების ენერგიდ გარდაქმნაში.
ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობაც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ფოსფორზე, რამდენადაც ორგანიზმში მისი გარდაქმნის პროცესები უშუალოდ დაკავშირებულია ნივთიერებათა მიმოცვლასთან, ცილებისა და ცხიმების ათვისებასთან.
ადამიანის ძვლები, კუნთები, ნერვული სისტემა და ტვინის უჯრედები შეიცავს დაახლოებით 1 კგ ფოსფორს (ციფრი დაახლოებითია, რადგან ყველაფერი კვებაზეა დამოკიდებული).
კალციუმთან ერთად, ფოსფორი ძვლოვანი ქსოვილის საფუძველია. ზრდასრული ადამიანისთვის, ფოსფორის დღიური მოთხოვნილებაა 1500-1800 მგ. შეიძლება ითქვას, რომ ცხოველქმედების თითქმის ყველა პროცესი დაკავშირებულია ორგანიზმში ფოსფორის შემცველობასთან, რადგან მისი ნაერთები ორგანიზმს ავსებს ენერგიით, რომელსაც მოიხმარს კუნთები, ნერვული იმპულსები, სხვა ორგანული ნივთიერებების ბიოსინთეზი, ასევე, უჯრედში ნივთიერებათა შეღწევასა და შეერთებაზე. ამრიგად, ფოსფორი მონაწილეობს ორგანიზმის ყველა მიმოცვლით პროცესში და მის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია.
მიიღეთ სწორი თანაფარდობით
პროდუქტი, რომელიც შეიცავს ფოსფორს: პარკოსნები (ბარდა, ლობიო), სიმინდი, საფუარი, ყველი, ქატო, რძე და რძის პროდუქტები, ჩირი, ნიორი, თხილი, გოგრისა და მზესუმზირის თესლი, სოკო, კვერცხის გული, თევზი (სკუმბრია, სარდინები, კეფალი), ხიზილალა, სუბპროდუქტები (ღვიძლი, თირკმელი, გული და სხვ.), ხორცი, შინაური ფრინველი.
თუმცა, მხოლოდ ფოსფორის შემცველი პროდუქტების საკვებად მოხმარება არაა საკმარისი. უნდა გაიგოთ, რომ იგი მხოლოდ კალციუმთან სწორი თანაფარდობით მიღების შემთხვევაში აითვისება, ამიტომ, აირჩიეთ პროდუქტები ასეთი თანაფარდობით ან შემდეგნაირად: მაგალითად, ამ ნივთიერებების ოპტიმალურ რაოდენობას შეიცავს ყველი და თხილი, მისაღებს – ჭარხალი, სტაფილო, კომბოსტო. ფოსფორს ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ზუთხისებრთა ხიზილალა, საქონლის ღვიძლი, ბერძნული კაკალი, ლობიო, შვრიის, ხორბლისა და წიწიბურის ფაფები.
პროდუქტები, რომლებშიც ფოსფორი მცირე რაოდენობითაა: ფეტვი, ღორის ხორცი, კარტოფილი, პომიდორი, ვაშლი. კალციუმს შეიცავს თითქმის ყველა პროდუქტი, თუმცა, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გვხვდება რძის პროდუქტებში. ყველაზე კონცენტრირებული კალციუმის შემცველი პროდუქტია ყველი – 100 გ პროდუქტი ნივთიერების დღიურ დოზას შეიცავს.
ორგანიზმში ფოსფორის დეფიციტი
ორგანიზმში ფოსფორის უმნიშვნელო უკმარისობასაც კი შეუძლია ძვლოვანი ქსოვილების ოსტეოპოროზის, ინტელექტუალური მონაცემებისა და საერთო შრომისუნარიანობის შემცირების გამოწვევა. ეს თავს იჩენს ხანმოკლე მეხსიერების დაკარგვით, სისუსტის ხშირი გამოვლინებებით, ძილიანობითა და თავის ტკივილით. მიკროელემენტის დეფიციტის დროს, ადამიანს შეიძლება გაუქრეს ცხოვრებისადმი, ახალი ცოდნისადმი ინტერესი. თუ ფოსფორის მარაგს დროულად არ შეავსებთ, სიმპტომები უფრო საგანგაშო გახდება: გაჩნდება ძვლების ტკივილი, ადამიანს უმნიშვნელო დატვირთვაც კი დაღლის, შემდეგ გაუჩნდება შფოთვა და აუხსნელი გაღიზიანებადობა. ასევე, შეიძლება შეექმნას სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, კიდურების პერიოდული გაბუჟება და კანკალი.
ორგანიზმში ფოსფორის სიჭარბე
თუ ადამიანი დაუბალანსებლად იკვებება და რაციონში ხორც-პროდუქტები და თევზეული ჭარბობს, ჩნდება ფოსფორის სიჭარბე. ის იმის შედეგია, რომ ამ მიკროელემენტის ათვისება უშუალოდ დაკავშირებულია კალციუმის რაოდენობასთან, რომელიც ორგანიზმს საკვებიდან მიეწოდება.
თუ კალციუმისა და ფოსფორის პროპორცია 1:1.5-ია, ეს ნივთიერებები ქმნიან ადამიანის ცხოველქმედებისთვის აუცილებელ უხსნად ნაერთებს, რომლებიც ორგანიზმში პროცესების ნორმალურ დინებას უწყობს ხელს. ასეთი პროპორციის დარღვევისას, ფოსფორი იწყებს დაგროვებას და არ გამოდის ქსოვილებიდან, რაც იწვევს თირკმლების, ნერვული სისტემისა და ძვლოვანი ქსოვილების ფუნქციის დარღვევენს. ამავდროულად, ნელდება კალციუმის შეწოვა, D ვიტამინის სინთეზი, ირღვევა პარაფარისებრი ჯირკვლების ფუნქცია. თირკმლებში შეიძლება გაჩნდეს კენჭები, ასევე, იქმნება რკინადეფიციტური ანემიისა და სისხლძარღვების დაავადებების საფრთხე.
თუ საკვებში ფოსფორის რაოდენობა კალციუმისას ორჯერ აღემატება, ჩნდება ხსნადი მარილები, რომლებსაც სისხლი ძვლოვანი ქსოვილებიდან გამოიწოვს. კალციუმი ხვდება სისხლძარღვების კედლებში, რაც მათ სიმყიფეს იწვევს. ასეთი პროპორციების (1:1.5) დაცვის სირთულე იმითაა განპირობებული, რომ ფართოდ მოხმარებული პროდუქტების უმრავლესობა უფრო მდიდარია ფოსფორით, ვიდრე კალციუმით. კალციუმის ათვისებაზე უარყოფით გავლენას ახდენს ფიტინი და მჟაუნმჟავა, რომლებსაც ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი შეიცავს. ეს ნაერთები, კალციუმთან ერთად, ქმნის უხსნად მარილებს. დიდი რაოდენობით მჟაუნმჟავას შეიცავს ისპანახი, რევანდი, მჟაუნა და სხვ.
ფოსფორის მნიშვნელობა ბავშვის ორგანიზმისთვის
დაბადებიდანვე, ბავშვებმა უნდა მიიღონ ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების აუცილებელი კოპლექსი, ორგანიზმის რთული სტრუქტურის ფორმირებისთვის. მაგალითად, ძვლოვანი ქსოცილების – ძვლებისა და კბილების ფორმირებაში, ფოსფორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ზრდისას, ბავშვის ორგანიზმმა უნდა მიიღოს 1:1.7 კალციუმი და ფოსფორი. სწორედ ასეთ პროპორციას შეიცავს მარწყვი და ბერძნული კაკალი. გარდა ამისა, ცხიმები, D ვიტამინი, ფიტინი და მისი მწარმოებლები ხელს უწყობს ფოსფორის სწრაფ ათვისებას, ამიტომ ისინიც აუცილებელია ბავშვის კვებაში.
ფოსფორის დაახლოებით 65% გამოიყოფა შარდით, ამიტომ მნიშვნელოვანია ორგანიზმში ამ მიკროელემენტის მოხვედრის უზრუნველყოფა. ასევე, მნიშვნელოვანია ნერვული სისტემისა და თავის ტვინის, სისხლძარღვთა და სხვა სისტემების უჯრედების განვითარება, რომელშიც უშუალოდ მონაწილეობს ფოსფორის ნაერთები. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ამ მიკროელემენტის მნიშვნელობას ბავშვის ორგანიზმის სრულყოფილი ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის. ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ ბავშვის კვების ყველა თავისებურება და რაციონი ისე დააბალანსოთ, რომ ზრდისა და განვითარებისთვის ყველა საჭირო ნივთიერება ბავშვის მენიუში რეგულარულად იყოს.
ფოსფორით მდიდარი კერძები
ქათმის კოტლეტები (ბავშვებისთვის, 2 წლიდან)
- 1 კგ ქათმის ფილე
- 150 გ თეთრი პური
- 2 ც კვერცხი
- მარილი
ფილე გაატარეთ ხორცსაკეპში, დაუმატეთ კვერცხი და მოურიეთ. პურის რბილობი ჩაალბეთ რძეში ან წყალში და დაუმატეთ ფარშს, მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი, დაამზადეთ კვერები და შეწვით ორივე მხრიდან. შემდეგ მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ფსკერზე მდუღარე და თუშეთ 15 წუთით.
ხორციანი ვინეგრეტი
- 400 გ მოხარშული საქონლის ხორცი
- 8 კარტოფილი
- 1 ჭარხალი
- 3 მჟავე კიტრი
- 3 კვერცხი
- 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
- მარილი
- კამა
წვრილად დაჭერით ხორცი, მოხარშული კარტოფილი და ჭარხალი (წინასწარ ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთში ჩალბობილი: ასე იგი ვინეგრეტს არ შეღებავს), კიტრის მწნილი, კვერცხი… დაუმატეთ მცენარეული ზეთი და კარგად მოურიეთ.
ოქროს თევზი
- 1 კგ თევზი
- 2 საშუალო თავი ხახვი
- 2 პომიდორი
- 2 ტკბილი წიწაკა
- 30 გ კარაქი
- დაფნის ფოთოლი
- პილპილის მარცვლები
- ტარხუნა (ხმელი)
- ლიმონის რგოლები და მწვანილი
თევზი საგულდაგულოდ გაწმინდეთ, კარგად გარეცხეთ, გამოამშრალეთ ხელსახოცით შიგნიდანაც და გარედანაც. დაჭერით დიდ ულუფებად, მოაყარეთ მარილი, თითოეულ ნაჭერში მოათავსეთ ტარხუნის ფოთლები. ხახვი დაჭერით წრეებად, წიწაკას მოაშორეთ შიგთავსი, დაჭერით წრეებად, პომიდორი – პატარა კუბებად. ქვაბში ჩაალაგეთ ფენებად: თევზის ნაჭრები, ხახვი, პომიდორი, წიწაკა. იგივე გაიმეორეთ. დაასხით წყალი პროდუქტების დონემდე 1.5 სმ-თი დაბლა. ჩადეთ დაფნის ფოთოლი, კარაქი, პილპილი. დაახურეთ და თუშეთ ნელ ცეცხლზე 25-30 წუთით. მიირთვით ცხელი ან ცივი, მორთეთ მწვანილითა და ლიმონით.
თევზის ბორში
- 400 გ თევზი
- 4 კარტოფილი
- 2 სტაფილო
- 1 ჭარხალი
- 1 თავი ხახვი
- 3 ს.კ. ტომატ-პიურე
- არაჟანი
- მარილი
- მწვანილი
თევზი საგულდაგულოდ გაწმინდეთ, გარეცხეთ, ძვლებისა და თავისგან მოამზადეთ ბულიონი და გადაწურეთ. ჭარხალი და სტაფილო დახეხეთ მსხვილად, ოდნავ შეწვით მცენარეულ ზეთზე. წვრილად დაჭრილი ხახვიც შეწვით, ტომატთან ერთად. თევზის ფილე, მომზადებული ბოსტნეული და კუბებად დაჭრილი კარტოფილი მოათავსეთ მდუღარე ბულიონში და ხარშეთ მომზადებამდე. მირთმევამდე, თეფშს დაუმატეთ არაჟანი და მწვანილი.
სოკო ყველითა და არაჟნით
- 500 გ სოკო
- 20 გ დახეხილი ყველი
- 150 მლ არაჟანი
- 1 ს.კ. ფქვილი
მოხარშული სოკო შეწვით ტაფაზე. დაუმატეთ ფქვილი, მოურიეთ და დაასხით არაჟანი. სოკო ღრმა ტაფაში გადადეთ, მოაყარეთ ყველი და აცხვეთ ღუმელში ვარდისფერი ქერქის გაჩენამდე.
ოსპის წვნიანი
- 2 ლ წყალი
- 100 გ ოსპი
- 2-3 კარტოფილი
- 1 თავი ხახვი
- სტაფილო
ოსპი კარგად გარეცხეთ და მოათავსეთ ქვაბში. სანამ წყალი ადუღდება, დაჭერით ხახვი რკალებად, კარტოფილი – კუბებად, სტაფილო დახეხეთ მსხვილად. ადუღების შემდეგ, მოათავსეთ ქვაბში მომზადებული ბოსტნეული, დაუმატეთ მარილი და ხარშეთ 15-20 წუთით. მომზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დაუმატეთ სასურველი მწვაილი და სანელებლები.