ქერის ბურღული ჩვეულებრივი ქერის სპეციალურად დამუშავებული მარცვლებია. ქერის ფაფა ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლოდ ითვლება. ამის შესახებ ჯერ კიდევ რომაელმა გლადიატორებმა იცოდნენ და მას ყოველდღიურ რაციონში ამატებდნენ – ქერის ფაფა ხომ მათ ენერგიას და გამძლეობას ანიჭებდა. ქერის ფაფა ვაჭრების და მეფეების ერთ-ერთი მთავარი კერძი იყო. ეს ყველაფერი ამ პროდუქტის სარგებელს ადასტურებს.
ქერის ბურღულის თვისებები ძალიან მრავალფეროვანი და ღირებულია. მეცნიერების გამოკვლევით, მის კომპონენტებს შორის ადამიანისთვის აუცილებელი ბიოაქტიური და მკვებავი ნივთიერებების სრული ნაკრებია. თუ რაციონში ქერის ბურღულს მუდმივად ჩართავთ, ეს კანის მდგომარეობაზე დადებითად აისახება, ნაოჭები შემცირდება, ორგანიზმი კი მავნე ნივთიერებებს მოიშორებს.
ქერის ბურღული ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის, რადგან ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც მათი ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელია. გარდა ამისა, ქერის ბურღული ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელ, სოკოს საწინააღმდეგო, ანტისპაზმურ და შარდმდენ მოქმედებებს ფლობს. ის წონის შემცირებას, კუჭის და ნაწლავების ფუნქციების დარეგულირებას, ყაბზობის მოშორებას, ინფექციური და სურდოს დაავადებების რისკის შემცირებას ხელს უწყობს. ქერის ბურღული პროსტატიტის ანთების, ღვიძლის, თირკმლების, შარდსასქესო სისტემის, ართრიტის და ბუასილის დაავადებების დროს დაგეხმარებათ.
თუ ქერი გიყვართ, ავიტამინოზი არ გემუქრებათ. მასში შედის B ჯგუფის ვიტამინები (ნერვული სისტემის სწორ მუშაობაზე, ლამაზ თმასა და სუფთა კანზე პასუხისმგებელი), A ვიტამინი (მახვილი მხედველობის და ინფექციებისგან თავდასაცავად საჭიროა), E ვიტამინი (ნაადრევ დაბერებას აფერხებს) და D ვიტამინი (ძვლებს და კბილებს უფრო ძლიერს ხდის).
წყალი, რომელიც ქერის ბურღულის დალბობის შემდეგ რჩება, დიდი რაოდენობით გორდეცინს შეიცავს. ეს ნივთიერება ბუნებრივი ანტიბიოტიკია და კანის სოკოვანი დაზიანების სამკურნალოდ გამოიყენება. ასევე ნახარში ამოსახველებელ და ზოგად გამაძლიერებელ მოქმედებას ფლობს, ძუძუთი კვების დროს ლაქტაციას ზრდის და ღვიძლზე პოტიზიურ გავლენას ახდენს. ქერი უფრო მეტ უჯრედისს შეიცავს, ვიდრე ხორბალი, ამიტომ ნაწლავებისთვის კარგი „ცოცხია“.
ქერის ბურღული ასევე მდიდარია ამინომჟავებით. მაგალითად, ის შეიცავს ლიზინს, რომელიც კანს აახალგაზრდავებს, ანტივირუსული მოქმედება გააჩნია, განსაკუთრებით ჰერპესის გამომწვევ მიკრობების და მწვავე სურდოს ინფექციების მიმართ. ამ ყველაფერთან ერთად, ქერის ფაფა დაღლილობას, დაძაბულობას აქრობს, სისხლის მიმოქცევას არეგულირებს და განწყობას აუმჯობესებს.
ქერის ფაფა რეკომენდებულია, როგორც სურდოს დროს სიცხის დამწევი საშუალება: 100 გრ ქერის ბურღულს 1 ლ წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე 10-15 წუთით ხარშეთ, შემდეგ გააგრილეთ და გადაწურეთ. მთელი დოზა ერთ მიღებაზე ღამით დალიეთ. გემოს გასაუმჯობესებლად 1 ს/კ ნატურალური თაფლი (სჯობს ცაცხვის თაფლი) დაუმატეთ. ბავშვებისთვის დოზა ასაკის მიხედვით შეამცირეთ.
აღმდგენი დიეტა
ხანგრძლივი წვეულებების შემდეგ საჭმლის მომნელებელ ტრაქტს რეაბილიტაცია, ანუ გაწმენდა სჭირდება. ამასთან, ზედმეტი კილოგრამების მოშორება არ გვაწყენდა. ამ მიზნით ყველაზე უკეთ ქერის 8 დღიანი დიეტა გამოგადგებათ. შედეგად მინიმუმ 3 კგ-ს მოიშორებთ, საჭმლის მომნელებელ სისტემას დაარეგულირებთ და კანს გაიწმენდთ. ამავდროულად, ორგანიზმი საჭირო რაოდენობის ვიტამინებს და მინერალურ ნივთიერებებს მიიღებს.
- 1-ელი დღე: ქერის ფაფა წყალზე მარილის, შაქრის და ცხიმის გარეშე მოხარშეთ. დღის განმავლობაში ყოველ 2 საათში იმდენი მიიღეთ, რამდენსაც შეძლებთ. დამატებით შეგიძლიათ ვაშლი შეჭამოთ.
- მე-2 დღე: კვლავ ქერის ფაფა შეჭამეთ, მაგრამ ახლა დაჭრილი ბანანი დაუმატეთ. დღეში მხოლოდ 2 ბანანი.
- მე-3 დღე: ქერის ფაფას ზუსტად 15 ქიშმიში და 10 ნიგოზი დაუმატეთ. ფაფის ბოლო მიღება 150 გრ უცხიმო ხაჭოთი ჩაანაცვლეთ.
- მე-4 დღე: დღის განმავლობაში ქერის ფაფა და 5 მანდარინი შეჭამეთ. საღამოს ფაფის ნაცვლად 100 გრ უცხიმო, მოხარშული ძროხის ხორცი მიირთვით.
- მე-5 დღე: დღის განმავლობაში ქერის ფაფა და 200 გრ ყურძენი მიირთვით. ვახშმის შემდეგ 1 ჭიქა თბილ, ანადუღარ წყალს 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ და ძილის წინ დალიეთ. ასეთი სასმელი მეორე დღის დილისთვის წინასწარ მოამზადეთ.
- მე-6 დღე: დილით თაფლის ნაყენი დალიეთ და 2 გარგარის ჩირი და 2 ნიგოზი შეჭამეთ. დღის განმავლობაში ქერის ფაფა მიიღეთ, ვახშამზე კი მოხარშული კვერცხი შეჭამეთ.
- მე-7 დღე: დილა თაფლიანი წყლის, გარგარის ჩირის და კაკლის მიღებით დაიწყეთ. დღის განმავლობაში – ქერის ფაფა, ვახშამზე კი 2 მწიფე ბანანი მიირთვით.
- მე-8 დღე: დილით თაფლიანი წყალი გარგარის ჩირთან და ნიგოზთან ერთად მიიღეთ. ყველით ან ხაჭოთი ისაუზმეთ. დღის განმავლობაში ზომიერად მიირთვით. თანდათანობით ჩვეულებრივი კვების რეჟიმზე გადადით. ასეთი სამკურნალო ფაფის მომზადებაზე არ იზარმაცოთ, რადგან მის მომზადებაზე დახარჯული დრო (ერთადერთი მინუსია, რადგან ქერის ბურღული დიდხანს დალბობას, შემდეგ კი ხარშვას მოითხოვს) არაფერია იმასთან შედარებით, რა სარგებელსაც საკუთარ ჯანმრთელობას მოუტანთ.