„იმპორტირებული წარმოების ღვიძლის სამკურნალო აბები ვიყიდე. ნახევარი შეფუთვა დავლიე და შემადგენლობის წაკითხვა გადავწყვიტე. როგორც აღმოჩნდა, აბები E216, 218 და 421 დანამატებს შეიცავს. ეს რა დანამატებია? მაგალითად, E216 დანამატის შესახებ წავიკითხე, რომ სიმსივნის წარმოქმნას იწვევს. პატივისცემით, ლ. ვ.“
წერილს ექიმი, ფიტოთერაპევტი და დიეტოლოგი ბორის სკაჩკო პასუხობს.
კვების პროდუქტების და სამკურნალო პრეპარატების წარმოებაში საკვები დანამატები ხშირად გამოიყენება. ევროპულ პროდუქტებზე ასეთი დანამატები აღინიშნება ასოთი E (სიტყვიდან „ევროპა“) და სამნიშნა ციფრით. ყველა ეს დანამატი ადამიანისთვის უვნებელი არაა. ზოგიერთი „ქიმიური საშუალება“, რომელსაც პროდუქტი შეიცავს, ადამიანისთვის უვნებელია, მაგრამ დანამატების უმეტესობა ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
E-დანამატების შემცველი საკვები პროდუქტების მიღებით გამოწვეული უსიამოვნებები თავიდან რომ აიცილოთ, უნდა იცოდეთ, თუ ამ სიმბოლოების უკან რა კომპონენტები იმალება. გარკვეული კონსერვანტები, კერძოდ E216 (პარაჰიდროქსიბენზოინის მჟავა პროპილის ეთერით – PROPYL p HYDROXYBENZOATE) და E218 (პარაჰიდროქსიბენზოინის მჟავა მეთილის ეთერით – METHYL p HYDROXYBENZOATE) კანის გაღიზიანებას, სხვადასხვა გამონაყარს და პირის ღრუს გაშეშებას იწვევს.
ნამდვილად, E216 დანამატი მიეკუთვნება ნივთიერებას, რომლის დიდი რაოდენობით მიღება სიმსივნის წარმოქმნას იწვევს. E421 მანიტი (MANNITOL) გამოიყენება როგორც დამატკბობელი. ეს დანამატი ნამცხვარში გოროხების გაჩენას, საკვების და სამკურნალო პრეპარატის დაშლას ხელს უშლის. გაზრდილი მგრძნობელობის დროს E421 მანიტმა შეიძლება გულისრევა, ღებინება და დიარეა გამოიწვიოს.
სამწუხაროდ, E დანამატების შემცველი საკვების სრულად თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ შეგიძლიათ რაციონში ასეთი პროდუქტების და პრეპარატების მიღება შეზღუდოთ. მაგალითად, ტორტის, კანფეტის და ნამცხვრის შეძენა მაქსიმალურად შეზღუდეთ – ეს ყველაფერი შეგიძლიათ სახლში თავად მოამზადოთ. პროდუქტების და მედიკამენტების შემადგენლობა ყოველთვის წაიკითხეთ, თუ მათ შეძენას აპირებთ.
საჭმლის მომნელებელი ორგანოების და ღვიძლის გაუმჯობესების საუკეთესო მეთოდია ორგანული საკვების მიღება და სხვადასხვა ნახევარფაბრიკატებზე სრულად უარის თქმა. მცირე პორციებით და ხშირად უნდა იკვებოთ, რომ ნაღვლის წარმოების სტიმულირება და ღვიძლის მუშაობის დარეგულირება შეძლოთ.
სასარგებლოა თერმული დამუშავების გარეშე ცხიმების მიღება. ზრდასრული ადამიანისთვის 1 ჩ/კ მცენარეული ზეთი დღეში მინიმალური დოზაა. ღვიძლის მუშაობაზე ახალი ღორის ქონი კარგ გავლენას ახდენს: ასანთის ყუთის ზომის ნაჭერი ოპტიმალური დღიური პორციაა. გარდა ამისა, ახალი ქონი ორგანიზმს ცუდი ქოლესტერინისგან წმენდს და კარგით ავსებს. ასევე სასარგებლოა ნორმალური ცხიმიანობის ხაჭო. უცხიმო ხაჭო, რომლითაც ახლა ბევრი გატაცებულია, ღვიძლს არავითარ სარგებელს არ მოუტანს. კალციუმის უკეთ ასათვისებლად რეკომენდებულია, რომ ხაჭო დღის მეორე ნახევარში მიიღოთ.