სახლის დალაგების დროს დამხმარე საშუალებებს გვერდს ვერ აუვლით. სწორედ ამიტომ, ქიმიური სარეცხი საშუალებები ჩვეულ მოვლენას წარმოადგენს და მათზე დიდად არავინ ფიქრობს. და სულ ტყუილად, რადგან ასეთი საშუალებები ჩვენს ჯანმრთელობას და გარემოს დიდ ზიანს აყენებენ.
ჩვენ ხილულ ჭუჭყს ვრეცხავთ, მაგრამ შორდება კი თეფშს სარეცხი საშუალება, რომელიც ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს, ფოსფატებს, ცეოლითებს და ქლორს შეიცავს? შეიძლება თუ არა ამ „სასარგებლო ქიმიის“ ალტერნატივის პოვნა?
სარეცხი და საწმენდი საშუალებები
გთავაზობთ მარტივი და ხელმისაწვდომი კომპონენტების მქონე სარეცხი საშუალებებს, რომელთა პოვნას თქვენ სამზარეულოში შეძლებთ. თუ ჯანმრთელობაზე სერიოზულად ზრუნავთ, სჯობს მაღაზიის ფხვნილი, სითხეები და აეროზოლი ნატურალური ან უსაფრთხო ალტერნატივით ჩაანაცვლოთ. მით უმეტესს, რომ ამის გაკეთება სირთულეს არ წარმოადგენს.
სარეცხი საშუალებები სააბაზანო ოთახისთვის
თქვენ დაგჭირდებათ:
- 1/2 ჭიქა სოდა
- 2 ს/კ თხევადი საპონი
- 5 წვეთი ანტიბაქტერიული ზეთი
მოქმედება:
- სოდას თხევადი საპონი დაუმატეთ. კრემის მსგავსი მასის მიღებამდე აურიეთ.
- 5 წვეთი ანტიბაქტერიული ზეთი დაუმატეთ. მაგალითად, ლავანდის ზეთი, ჩაის ხის ზეთი ან როზმარინის ზეთი.
- საშუალება ღრუბელს წაუსვით და ზედაპირებით გაწმინდეთ.
რედაქციის რჩევა
მზა საშუალება დიდხანს რომ შეინახოთ, ჩაის კოვზი გლიცერინი დაუმატეთ და კარგად თავდახურულ ჭურჭელში შეინახეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ იმდენი აურიეთ, რამდენიც ერთ გამოყენებაზე დაგჭირდებათ.
მინის საწმენდი საშუალება
თქვენ დაგჭირდებათ:
- ½ ჩ/კ თხევადი საპონი
- 3 ს/კ ძმარი
- 1 ჩ/კ ნიშადურის სპირტი
- 200 მლ წყალი
მოქმედება:
- ყველა ინგრედიენტი აურიეთ.
- ნარევი პულვერიზატორში გადაიტანეთ.
- თხევადი საპონი ქარხნული ნაწარმის ცვილის ნარჩენების მოშორებაში დაგეხმარებათ. ამის გარეშე ფანჯარა ოდნავ დაბურული იქნება.
ღუმლის საწმენდი საშუალება
თქვენ დაგჭირდებათ:
- 200 გრ სოდა
- 2 ჩ/კ თხევადი საპონი
- 100 მლ წყალი
მოქმედება:
- ღუმლის ქვედა ნაწილი წყლით დაასველეთ.
- ზემოდან სოდის ფენა მოაყარეთ ისე, რომ ღუმლის ქვედა ნაწილის ზედაპირი სრულად დაიფაროს.
- სოდას წყალი აპკურეთ. საშუალება სქელ პასტად უნდა გადაიქცეს.
- მთელი ღამე გააჩერეთ.
- დილით ცოტა თხევადი საპონი ნეჭას წაუსვით. ცხიმი სოდასთან ერთად ღუმლის ზედაპირიდან ადვილად უნდა მოშორდეს.
- თუ რეცეპტი ეფექტური არ აღმოჩნდა, პროცედურა კვლავ გაიმეორეთ და სოდის რაოდენობა გაზარდეთ.
უნივერსალური საწმენდი საშუალება
სოდაზე დაფუძნებული საწმენდი საშუალებები პრაქტიკულად ყველაფერს წმენდენ. „სისუფთავის დედოფალი“ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, ალერგიას არ იწვევს, სუნს არ ტოვებს, იაფი ღირს და სხვადასხვა სახის ჭუჭყს შესანიშნავად წმენდს.
თქვენ დაგჭირდებათ:
- ½ ჩ/კ სოდა
- 1 ჩ/კ თხევადი საპონი
- 300 მლ თბილი წყალი
- 10 წვეთი ლავანდის ზეთი
მოქმედება:
- ყველა ინგრედიენტი აურიეთ.
- ნარევი პულვერიზატორში ჩაასხით და შეანჯღრიეთ, რომ სოდა კარგად გაიხსნას.
- ეს საწმენდი საშუალება გამოიყენეთ ისე, როგორც ნებისმიერ სხვა საშუალებას გამოიყენებდით.
ავეჯის გასაპრიალებელი საშუალება
თქვენ დაგჭირდებათ:
- ½ ჩ/კ ზეითუნის ზეთი
- 30 მლ ძმარი
- 10 წვეთი ლიმონის ზეთი
მოქმედება:
- ინგრედიენტები თასში აურიეთ.
- რბილი ჩვარი მასში დაასველეთ და ავეჯი გადაწმინდეთ
- ძმარი ნადებს შესანიშნავად აშორებს. ამ საშუალების გამოყენებით ხის მაგიდას და სხვა ზედაპირს ჭიქის ნაკვალევს ადვილად მოაშორებთ.
- იმისთვის, რომ საშუალებას სასიამოვნო სუნი ჰქონდეს, შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი დაუმატოთ.
ობის საწინააღმდეგო საშუალება
თქვენ დაგჭირდებათ:
- 2 ჩ/კ ჩაის ხის ზეთი
- 2 ჭიქა წყალი
მოქმედება:
- ინგრედიენტები შესაფერის ჭურჭელში აურიეთ.
- პულვერიზატორში ჩაასხით, შეანჯღრიეთ და პრობლემურ ზონებს შეასხით.
- ზეთი უკეთ რომ გაიხსნას, ცოტა არაყი ან სპირტი დაუმატეთ.
- ესეც ასე. ობის საწინააღმდეგო შინაურული საშუალება მზადაა.
- 9%-იანი ძმარი 82%-მდე ობს მოგაშორებთ, სწორედ ამიტომ შეგიძლიათ ობის სოკოს საწინააღმდეგოდ გამოიყენოთ.
თხევადი საპონი
კარგი თხევადი საპონი საკმაოდ ეკონომიური პროდუქტია. ის უფრო ჰიგიენურია, ვიდრე მყარი ფორმის საპონი. მას თვისებებით არ ჩამოუვარდება საკუთარი ხელით მომზადებული საპონი, რომელსაც შეგიძლიათ სასარგებლო ინგრედიენტები დაუმატოთ.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 1 მყარი საპონი
- 1 ლ წყალი
- 1 ს/კ გლიცერინი
- 10 წვეთი ფორთოხლის ზეთი
მოქმედება:
- საპონი წვრილ სახეხზე გახეხეთ.
- ცხელ წყალს საპნის ბურბუშელები დაუმატეთ, კარგად აურიეთ.
- ნარევი 1 დღე გააჩერეთ. ამ დროში საპონი ბოლომდე გაიხსნება და სქელი ერთგვაროვანი მასა გახდება.
- თხევად საპონს გლიცერინი და თქვენი საყვარელი ზეთი დაუმატეთ.
- ქილებში გადაანაწილეთ და სიამოვნებით გამოიყენეთ.
ამ მარტივი რეცეპტების დახმარებით სახლში სისუფთავის შენარჩუნებას ყოველგვარი ქიმიური საშუალებების და ფულადი ხარჯების გარეშე შეძლებთ.