როგორ ვებრძოლოთ ჩრჩილს

2147
ფოტო: Olaf Leillinger on wikimedia

მარცვლეულის ჩრჩილი შეიძლება ყველაზე სუფთა სამზარეულოში, ყველაზე ბეჯით დიასახლისთან გაჩნდეს. თუ იგი გაჩნდა, ზომები დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ. როგორ მოვიშოროთ ჩრჩილი სახლიდან უმოკლეს დროში?

რა არის მარცვლეულის ჩრჩილი?

ეს მწერი პეპლისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. მას იცნობს ყველა, ვინც ოთახის ჩრჩილს შეუწუხებია – ისინი ერთმანეთს ჰგვანან. მარცვლეულის ჩრჩილი ოთახისასგან მხოლოდ მოყვითალო შეფერილობით გამოირჩევა.

რატომაა ჩრჩილი მავნებელი?

პროდუქტს ვნებს არა თავად ჩრჩილის პეპელა, რომელსაც საღრღნელი ტიპის პირის აპარატი არ აქვს, არამედ მისი შთამომავლობა – ჭიები. აი, მათ შეუძლიათ ნებისმიერი პაკეტის გაღრღნა, იქნება ეს ქაღალდის თუ პოლიეთილენის. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პეპელა 10-14 დღე ცოცხლობს, ამ დროისთვის კი აქტიურად მრავლდება, დებს კვერცხებს ყველაზე რთულად მისაწვვდომ და არათვალსაჩინო ადგილებში.

კვერცხებიდან იჩეკება ჭიები, რომლებიც ყველაფერს ჭამენ, რაც გზად შეხვდებათ. მათ უყვართ ნებისმიერი სახის ბაკალეა: ყველა სახის ფაფა და პარკოსანი, ფქვილი, თხილი, ჩირი, ტკბილეული… ზრდასრული ჭია ჭამას წყვეტს, ჭუპრდება და პეპლად იქცევა. და ყველაფერი თავიდან იწყება.

საიდან ჩნდება ჩრჩილი?

მარცვლეულის ჩრჩილი შეიძლება სახლში პროდუქტთან, მაგალითად, ფქვილთან ერთად შემოიტანოთ. სამწუხაროდ, ჩრჩილი პროდუქტის საწყობების უმეტესობაში ბინადრობს. გარდა ამისა, იგი შეიძლება შემოფრინდეს მეზობლისგან, სავენტილაციო მილიდნ ან უბრალოდ ქუჩიდან შემოვიდეს, ღია ფანჯარაში.

ჩრჩილის გაჩენის პირველი ნიშნები

როგორც წესი, პირველ რიგში მაინც ზრდასრულ ინდივიდებს ამჩნევენ. საღამოს, როგორც სხვა ნებისმიერ პეპელას, ჩრჩილსაც სინათლის წყარო იზიდავს. სამზარეულოს სანათის გარშემო მონარნარე პეპლის არშემჩნევა კი შეუძლებელია.

მისი ცხოველქმედების კვალი პროდუქტის პაკეტებში უფრო თვალსაჩინოა. თუ, ვთქვათ, ბარდა ან ფეტვი დიდხანს დატოვეთ კარადის სიღრმეში, მწერი მას უვარგის პროდუქტად აქცევს.

მართალია, კვების პროცესი იმდენ ხანს არ გრძელდება, რომ პროდუქტმა გაფუჭება მოასწროს, იგი მაინც დაბინძურებული იქნება მწერის ცხოველქმედების კვალით: იქნება ეს მკვდარი მწერების ტყავები და ნაჭუჭი თუ მათი ექსკრემენტები. სწორედ ამიტომ, არასდროს გამოიყენოთ საკვებად დაბინძურებული მარცვლები, თუნდაც გადარჩევის შემდეგ. გადააგდეთ პარკი მთლიანად. ჩრჩილის გაჩენის შემდეგ, პროდუქტში საკვებად სასარგებლო აღარაფერი დარჩება.

პროფილაქტიკა

  • არ მოიმარაგოთ ერთდროულად ბევრი პროდუქტი, ანუ, არ შეიძინოთ მაკარონი, მარცვლეული, ფქვილი და მსგავსი პროდუქტი იმაზე მეტი, რამდენიც 3-4 კვირა გეყოფეთ;
  • შეინახეთ ყველაფერი, რაც შეიძლება, ჰერმეტულად დახურულ ქილებში. მაშინაც კი, თუ ერთ-ერთ მათგანში მავნე მწერები გავრცელდება, ამას მაშინვე შეატყობთ. ამ დროს გადაყრით მხოლოდ ერთი ქილის შიგთავსს, დანარჩენი კი უსაფრთხოდ შეინახება;
  • რეგულარულად გამოალაგეთ და გამოწმინდეთ სამზარეულოს კარადები, გაეცით ყველაფერი, რასაც არ მიირთმევთ;
  • დაამუშავეთ მარაგად შეძენილი ბაკალეა. ამისთვის უბრალოდ გააცხელეთ მარცვლეული ღუმელში ან მოათავსეთ საყინულეში. კვერცხები და ჭიები დაიღუპება როგორც მაღალ, ისე დაბალ ტემპერატურაზე. 60 გრადუსამდე გახურება კვერცხს 5 წუთში, ხოლო ლარვას – 30 წუთში კლავს;
  • თუ ღუმელს მაცივარი გირჩევნიათ, დამუშავებას მეტი დრო დასჭირდება. -10 გრადუსზე მწერები და მისი კვერცები 2-3 დღეში დაიღუპება.

ბრძოლის მეთოდები

  • გადაყარეთ ჩრჩილით დაზიანებული პროდუქტები არ სცადოთ გადარჩევა და მარცვლეულის გადარჩენა;
  • გაწმინდეთ თაროები სოდით, ბორაკის მჟავით, ლიმონის წვენითა და ძმრით, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ჭრილებსა და ნაკერებს, რომლებშიც შეიძლება კვერცხები იყოს დადებული;
  • გაანიავეთ სამზარეულო და კარადები;
  • ქილებში ბურღულთან ჩაალაგეთ დაჭრილი ნივრის კბილები, პიტნა, აბზინდა ან ლავანდა. ისინი დააფრთხობს მწერებს.

რაც შეეხება ზრდასრულ პეპლებს:

  • მიუწვდომელ ადგილებში დაბუდებული მწერების წინააღმდეგ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ხაფანგები მფრინავი მწერებისთვის. მათი მოქმედების პრინციპი ეფუძნება იმას, რომ ჩრჩილი მიფრინდება მისთვის მიმზიდველ სურნელთან, მიეწებება ლენტს, რომელიც წებოვანი შემადგენლობითაა დამუშავებული, და იღუპება;
  • კიდევ ერთი ვარიანტია ინსექტიციდები. ბევრი მათგანი მართლაც ეფექტურია, თუ ქიმიურ საშუალებებზე შეაჩერებთ არჩევანს, გახსოვდეთ, რომ ისინი მკაცრად ინსტრუქციის მიხედვით უნდა გამოიყენოთ, არ დაგავიწყდეთ თავის დაცვა სათვალეებით, პირბადითა და ხელთათმანებით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს