ლამაზი სახის კანი რომ გქონდეთ, მასზე კარგად უნდა იზრუნოთ. თანამედროვე კოსმეტიკური საშუალებები ამის შესაძლებლობას გაძლევთ, მაგრამ ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებაც არ დაგავიწყდეთ. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, თუ რამდენი ჯადოსნური საშუალება მდებარეობს პირდაპირ თქვენს სამზარეულოში. დღეს ერთ-ერთ მათგანზე გიამბობთ.
„პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ მოამზადოთ სახის გამწმენდი, დამატენიანებელი და მათეთრებელი ნიღბები სახლის პირობებში.
ნიღბები სოდით
ნებისმიერ სამზარეულოში, კარადის თაროზე ან კომოდზე საკვები სოდის შეფუთვას იპოვით. თუ ფიქრობთ, რომ ის მხოლოდ საცხობად გამოდგება, მწარედ ცდებით. პირველ რიგში, სოდა სახლის დალაგების დროს შეუცვლელია, თუმცა ახლა ამაზე არაა საუბარი. მეორეც, ფასდაუდებელი კოსმეტოლოგიური საშუალებაა.
სოდა ნიღბის საკმაოდ აგრესიული კომპონენტია, მაგრამ შეუდარებელი თვისებები გააჩნია. თავისი ტექსტურის წყალობით კანს შესანიშნავად წმენდს, მკვდარ ნაწილებს აშორებს. ასევე სოდა კანს ეფექტურად აღიავებს და პიგმენტურ ლაქებს აქრობს.
თავად სოდის სახეზე წასმა არ ღირს, რომ კანი არ გამოშრეს. ამისთვის დაუმატეთ დამატენიანებელი ელემენტი, რომელიც კანს გამოკვებავს და ვიტამინებით და სასარგებლო ნივთიერებებით გაამდიდრებს. ასეთი ელემენტის სახით ჩვენ ბანანი ავირჩიეთ, რადგან ის კანზე დადებით გავლენას ახდენს.
სახის ნიღაბი სოდით რომ მოამზადოთ, პატარა თასში ბანანის 3 პატარა ნაჭერი დააქუცმაცეთ. ერთგვაროვანი ბანანის ფაფა უნდა მიიღოთ. ახლა ნახევარი ჩაის კოვზი სოდა დაუმატეთ. თუ ნიღაბს მშრალი კანისთვის აკეთებთ, 1/3 ან 1/4 ჩაის კოვზი სოდა გამოიყენეთ.
ინგრედიენტები კარგად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ახლა ნიღაბი სახეზე წაისვით და 10 წუთით გაიჩერეთ, თუ ნორმალური ან ცხიმიანი კანი გაქვთ, ან 5 წუთით, თუ მშრალი კანი გაქვთ. თვალის ირგვლივ კანზე არ წაისვათ. ნიღაბი წინასწარ ხელის კანზე წაისვით, რომ შეამოწმოთ, ალერგია გაქვთ თუ არა.
როგორც უკვე ვთქვით, სოდა საკმაოდ აგრესიული კომპონენტია, სწორედ ამიტომ საკუთარ შეგრძნებებს ყურადღება მიაქციეთ. თუ თავს კომფორტულად არ გრძნობთ, მაგალითად, კანი ძლიერ გეწვით და გწიწკვნით, ნიღაბი სჯობს ჩამოიბანოთ. დიდი ალბათობით, ნიღაბი თქვენ არ გიხდებათ.
ნიღაბი ჩვეულებრივი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამის შემდეგ დამატენიანებელი კრემი წაისვით, რომ გამოშრობა არ დაუშვათ. ნიღაბი ფანატიზმის გარეშე გამოიყენეთ, სასურველია 10 დღეში მაქსიმუმ ერთხელ. მშრალი კანისთვის ნიღაბი უფრო იშვიათად გაიკეთეთ.
უკვე პირველი გამოყენების შემდეგ დაინახავთ, რომ კანი გაღიავდა და ჯანსაღი ელფერი შეიძინა. სოდა კანს კარგად წმენდს, ბანანი კი ატენიანებს. ასეთი მიდგომა წვრილი ნაოჭების მოშორებას და კანის გასწორებაში დაგეხმარებათ. კომპლექსური მიდგომით იდეალური გარეგნობა გექნებათ!