ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების წინააღმდეგ შეიარაღება შეგიძლიათ შუა ზაფხულში დაიწყოთ: ახალდაყენებული ცაცხვის ჩაი საუკეთესო საშუალებაა გაციების წინააღმდეგ, თუმცა, ცაცხვის ყვავილები იმდენად სასარგებლოა, რომ მხოლოდ ჩაით ვერ შემოვიფარგლებით და მათ გამოვიყენებთ როგორც კულინარიაში, ისე კოსმეტოლოგიაში.
ცაცხვის სასარგებლო თვისებები
ცაცხვის ყვავილები შეიცავს პოლისაქარიდებს, რომელთა შემადგენლობაშია ურონის მჟავები, ფლავონოიდები, ტანინები, ფარნეზოლის სმცველი ეთერზეთები, კაროტინი, C ვიტამინი, მიკროელემენტები… გარდა ამისა, ყვავილები შეიცავს გლიკოზიდებსაც, რომლებსაც ოფლმდენი თვისებები აქვს.
სამკურნალო მიზნებისთვის გამოდგება ცაცხვის ყველა ის სახეობა, რომლებიც ჩვენთან იზრდება (Tilia x europaea, T. cordata, T. platyphyllos).
ცაცხვის ჩაი გაციების სამკურნალოდ უხსოვარი დროიდან გამოიყენება. იგი შესანიშნავად ამცირებს ტემპერატურას, მოქმედებს რბილი ტკივილგამაყუჩებლისა და შარდმდენი საშუალების სახით, აძლიერებს ოფლდენას. ჰომეოპათიაში, ცაცხვის ნაყენები ინიშნება მეტეორიზმისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების სამკურნალოდ. ოფიციალური მედიცინა ცაცხვის ყვავილების გამოყენებას გვირჩევს ნაყენის სახით, როგორც ოფლმდენი საშუალება, გაციების დროს, პირის ღრუსა და ყელის სავლებად…
ცაცხვის ყვავილს არ აქვს უკუჩვენებები. თუმცა, მას ძლიერი ოფლმდენი მოქმედება აქვს, შედეგად კი დამატებით დატვირთვას იწვევს გულზე. ამიტომ, საშუალების ყოველდღიური მიღება არაა რეკომენდებული 2 კვირაზე მეტხანს – არ ჩაანაცვლოთ ჩვეულებრივი ჩაი ცაცხვის ყვავილების ჩაით. ამ ნედლეულის ჩაი, ნახარში და ნაყენი ცოტათი ტკბილი, არომატული და გემრიელია.
სასარგებლო რეცეპტები ცაცხვით
სამკურნალო მიზნებით, ხმელი ცაცხვის ფოთლებისგან ამზადებენ ნაყენს. ამასთან, ყვავილებს ასხამენ მდუღარე წყალს ან სპირტს. თუ ნახარშის მომზადება გსურთ, ყვავილებს დაასხით წყალი და დააყენეთ ორთქლის აბაზანაზე ან ნელ ცეცხლზე.
ცაცხვის ყვავილები გაციების წინააღმდეგ
ნაყენის მომზადება თერმოსში უფრო ამრტივია. 1 ს.კ. ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. 20 წუთში იგი მზად იქნება. მიიღეთ 1 ჭიქა ჭამის წინ. თუ ავადმყოფს მაღალი სიცხე აქვს, გააორმაგეთ დოზა.
სასუნთქი გზების მწვავე დაავადებების, მწვავე ბრონქიტის, თირკმლების დაავადებების დროს, 1/2 ჭიქა ცხელ ნახარშს იღებენ დღეში ოთხჯერ. თირკმლების, ღვიძლის დაავადებებისა და ჰიპერტონიის დროს, ჩაის ნაცვლად, შეგიძლიათ 1/2-1 ჭიქის მიღება დღეში სამჯერ.
ნაყენი ტემპერატურის შესამცირებლად
შარმდენი საშუალების მოსამზადებლად, შეურიეთ 1 ს.კ. ცაცხვის, 1/2 ს.კ. ქერიფქლას, 1/2 შავი ანწლის ყვავილები. ნაკრებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ თერმოსში 10 წუთით. გადაწურეთ, დაწურეთ და მიირთვით ცხელი, 1/2 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამის წინ.
ცაცხვის ნაყენი ყელის სავლებად
შეურიეთ 1 ს.კ. ხმელი ცაცხვისა და 1.5 ს.კ. გვირილის ყვავილები. 1 ს.კ. ნაკრებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ თერმოსში 20 წუთით, გადაწურეთ და დაუმატეთ 1 ჩ.კ. ჩამქრალი სოდა.
გამოივლეთ ყელი სტომატიტის, ანგინისა და გაციების დროს, ყოველ 1 საათში, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
ცაცხვის ყვავილების ნახარში გაციების სამკურნალოდ
2 ს.კ. ყვავილებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, ხარშეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთით და გადაწურეთ. მიიღეთ ღამით, 1-1.5 ჭიქა ცხელი სასმელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო საშუალების სახით, გაციებისა და გრიპის დროს. ეფექტის გაძლიერება შეიძლება ჟოლოს მურაბით.
კოსმეტიკური ყინული ცაცხვით
მსუბუქი დამატენიანებელი ეფექტი და კანის ტონუსის გაზრდა საშუალებას გვაძლევს, პირის დასაბანად, წყლის ნაცვლად, გამოვიყენოთ გაყინული ცაცხვის ჩაის კუბები. ამისთვის, ყვავილებს დაასხით მდუღარე წყალი 1:2 თანაფარდობით, დააყენეთ 10 წუთით, გადაწურეთ და ჩაასხით ყინულის ფორმებში.
ცაცხვის კომპრესი
მდუღარე წყალში ჩალბობილი ნედლეული (4-5 ს.კ. ნედლეული 1 ჭიქა წყალზე) გაფიტლრეთ მარლაში, დაიდეთ ყვავილები მტკივან ადგილას, კომპრესის სახით, ბუასილის კვანძების, რევმატიზმის, პოდაგრის, დამწვრობის დროს.
ცაცხვის ყვავილების ღვინო
ინგრედიენტები:
- 2 ც ლიმონი
- 4 ლ წყალი
- 1.5 კგ შაქარი
- 3-4 პიტნის ღერო
- 100 გ ქიშმიში
- ცაცხვის ყვავილებით სავსე ლიტრიანი ქილა
მომზადება:
- ღვინისთვის ცაცხვის მხოლოდ ყვავილები დაგჭირდებათ. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, გააცალეთ ტოტები. მოათავსეთ ყვავილები დიდ ქვაბში და დაასხით 4 ლ ცივი, გადადუღებული წყალი. დაახურეთ თავსახური და გადადეთ 1 დღით.
- მეორე დღეს, გახსენით 0.5 ლ მდუღარე წყალში შაქარი და ხარშეთ სიროფი ნელ ცეცხლზე, მომზადებამდე. აადუღეთ ცაცხვის ყვავილების ნაყენი, გამორთეთ ცეცხლი და შეაგრილეთ. გადაწურეთ ნახარში, ნედლეული საჭირო აღარაა.
- გააცალეთ ლიმონს ცედრა, რბილობისგან დაწურეთ წვენი. დაუმატეთ გადაწურულ ნახარშს სიროფი, ქიშმიში, პიტნა, ლიმონის წვენი და ცედრა. მასას კარგად მოურიეთ, დაახურეთ ჭურჭელშ მარლა და დააყენეთ 2 დღით, დადუღებისთვის, ოთახის ტემპერატურაზე. დადუღების შემდეგ, სითხიდან ამოიღეთ პიტნა და ცედრა.
- გადაღვარეთ სითხე ქიშმიშიანად დიდ ბოთლში, დაუმატეთ რამდენიმე ახალი ქიშმიში. წამოაცვით ჭურჭლის ყელს რეზინის ხელთათმანი, დიდი ზომის ნახვრეტით თითზე. გააჩერეთ ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, შემდგომი დადუღებისთვს. როცა ეს პროცესი დასრულდება, გადაღვარეთ ღვინო, ნალექი რომ მოაშოროთ.
- ჩაასხით სასმელი სასურველ ბოთლში, მჭიდროდ დაახურეთ და გრილ, ბნელ ადგილას 3-6 თვით შეინახეთ, დამწიფებისთვის. მზა ღვინო შეინახეთ ბნელ ადგილას.
იცოდით, რომ ცაცხვს მსგავსი სამკურნალო თვისებები ჰქონდა? თქვენ თუ გამოგიყენებიათ მისგან დამზადებული პრეპარატები და რამდენად სასურველი იყო შედეგი? გაგვიზიარეთ გამოცდილება.