ნებისმიერ დიასახლისს ერთხელ მაინც ჰქონია პრობლემა მუმლთან. ორფრთიანი მწერები, მიუხედავად მინიატურული ზომისა, შეუმჩნევლად ვერ გამოგეპარებათ, რადგან ჯგუფურად გვესხმიან ხოლმე თავს. პირველი ინდივიდების გაჩენისთანავე, აუცილებელია მათი გამრავლების ბუდის პოვნა და განადგურების ზომების მიღება, თორემ ყოველდღე სულ უფრო მეტი მწერი გაჩნდება. მოდით, გავერკვეთ, საიდან ჩნდება მუმლი და როგორ ვებრძოლოთ მას.
საიდან ჩნდება მუმლი სახლში
ამ წვრილი მწერების გაჩენის ძირითადი ფაქტორებია:
- მუმლის კვერცხით დაბინძურებული ხილი და ბოსტნეული. როცა ნაყოფი ლპობას იწყებს, ოპტიმალური პირობა იქმნება მწერების გამრავლებისთვის.
- იმ კვერცხების განვითარება, რომლებიც სახლში შემოღწეულმა მწერმა დადო. ჩვეულებრივ, კვერცხები საკანალიზაციო ხვრელებში, საკვებ ნარჩენებსა და დასალაგებლად რთულად მისაწვდომ ადგილებში იდება.
- შინაური ცხოველების ბინძური გალია, საკვების ნარჩენები, ცხოველების განავალი, დამპალი წყალი – შესანიშნავი პირობებია მწერებისთვის.
- ოთახის მცენარეები. ნიადაგში შეკაებული წყალი ხელს უწყობს იმ მწერების განვითარებას, რომლებიც მცენარისთვისაც საშიშია.
- სავენტილაციო ხვრელები. თუ მეზობელთან მუმლი მომრავლდა, დროთა განმავლობაში, მწერები ვენტილაციის გავლით თქვენს სახლშიც შემოაღწევენ.
- თუ ბინაში ან სახლში სარდაფიცაა, ხშირად, მწერები სწორედ პირველ სართულზე ჩნდებიან.
როგორ ვებრძოლოთ მუმლს
ბინიდან ან სახლიდან მწერების განდევნა საკმაოდ რთული პროცესია – ისინი ძალიან სწრაფად მრავლდებიან და მათი რაოდენობაც ყოველდღე იმატებს. სანამ მუმლის საწინააღმდეგო საშუალების ძებნას დაიწყებდეთ, იპოვეთ და აღმოფხვერით მათი გაჩენის მიზეზი. არსებობს სისუფთავის რამდენიმე წესი, რომლებიც პრობლემის სწრაფად გადაჭრაში დაგეხმარებათ.
- ოთახის მცენარეების მოვლა: არავითარ შემთხვევაში არ შეასუქოთ მცენარეები ჩაის ნარჩენებით, რომელიც მუმლს ძალიან უყვარს. შეამცირეთ მორწყვის სიხშირეც, აცადეთ ნიადაგს გაშრობა, შემდეგ კი მორწყეთ პერმარგანატის სუსტი ხსნარით. სამომავლოდ, ნუღარ მორწყავთ მცენარეებს უხვად.
- შინაური ცხოველები სუფთა გალიებში: თუ სახლში ცხოველები გყავთ, ყოველდღე გაასუფთავეთ მათი საცხოვრებელი. ყურადღება მიაქციეთ, რომ საკვები და წყალი ახალი იყოს, სასმელი ჭურჭელი არ ჟონავდეს. აკვარიუმში რეკომენდებულია წყლის ხშირი გამოცვლა, წყალმცენარეები რომ არ დაჭკნეს. დაავადებული მცენარეები დაუყოვნებლივ მოიშორეთ თავიდან.
- საკანალიზაციო ხვრელების გაწმენდა: ნიჟარის რეგულარული დეზინფექცია ხელს შეუშლის წვრილი მწერების გამრავლებას. შეგიძლიათ, ამისთვის ქიმიური საშუალებები ან უბრალოდ მდუღარე წყალი გამოიყენოთ. არ დაგავიწყდეთ სიფონების გაწმენდაც, რომლებშიც მუმლისთვის ყველა პირობაა.
- სუფთა სამზარეულო: ყველაზე ხშირად, მწერები სწორედ ამ ოთახში ჩნდებიან. ამის თავიდან ასაცილებლად, დროულად გაიტანეთ ნაგავი, გადაყარეთ გაფუჭებული ხილი და ბოსტნეული, არ შეინახოთ გამოყენებული ჩაის პაკეტები, დროულად დარეცხეთ ჭურჭელი.
მას შემდეგ, რაც წესრიგს დაამყარებთ, მუმლი ხელსაყრელი პირობის არარსებობის გამო თავად დატოვებს თქვენს საცხოვრებელს. ხოლო მათ, რომლებიც მაინც დარჩნენ, მარტივად მოიშორებთ. შეგიძლიათ ამ სამიდან ერთ-ერთი ხელმისაწვდომი საშუალება გამოიყენოთ.
ქიმიური საშუალებები
სპეციალიზებულ მაღაზიებში შეიძენთ დიქლოფოსს, წებოვან ლენტებს, ფუმიგატორებს და სხვ. სანამ მათ გამოიყენებდეთ, აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას და მკაცრად დაიცავით მითითებები. ყველა სახის ქიმიის გამოყენება სამზარეულოში არ შეიძლება.
სატყუარები და მახეები
მათი დამზადება დამოუკიდებლად, ხელთ არსებული საშუალებებისგან შეგიძლიათ. წვრილი მწერებისთვის შესანიშნავი სატყუარაა ღვინის ან ლუდის ცარიელი, გაურეცხავი ბოთლი. რამდენიმე საათში, მასში უამრავი მწერი მოგროვდება, რომლებიც ბოთლში უნდა ჩაკეტოთ და გადაყაროთ.
კიდევ ერთი ეფექტური სატყუარაა ვაშლის ძმრის მახე. ნახევარლიტრიანი ქილა 1/3-მდე გაავსეთ თბილი წყლით, დაუმატეთ 1 ს.კ. ვაშლის ძმარი და რამდენიმე წვეთი ჭურჭელის სარეცხი საშუალება. მუმლი სწრაფად მოფრინდება სუნზე და საპნიან მახეში გაებმება.
დამაფრთხობელი საშუალებები
ყველაზე მარტივი ვარიანტია მწერების დაფრთხობა მათთვის უსიამოვნო სუნით. არსებობს რამდენიმე არომატი, რომლებიც მათ სახლიდან სწრაფად წასვლას აიძულებს:
- კამფორის ზეთი – მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალება აბსოლუტურად უსაფრთხოა ადამიანებისთვის, თუმცა არამხოლოდ მუმლს, არამედ კოღოებსაც კი აფრთხობს. ნივთიერება რომ აამუშავოთ, იგი უნდა გაათბოთ მშრალ ტაფაზე და იგი მთელ ოთახში შემოატაროთ.
- ნიორი – ეფექტური საშუალებაა სციარიდებისგან, რომლებიც ყვავილების ქოთნებში ბინადრობენ. ნიორი დაჭერით თხელ ფირფიტებად და დაალაგეთ ნიადაგის ზედაპირზე. სპეციფიკური სუნი სწრაფად მოაშორებს მცენარეს წვრილ მავნებლებს.
- მიხაკი – კიდევ ერთი არომატული საფრთხობელა კოღოებისთღვის. ერთგვარი არომაჭრაქის შესაქმნელად, 1 ჩ.კ. სურნელოვანი ტოტები მოათავსეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, დაასხით ცოტაოდენი წყალი და ადუღეთ 20 წუთით. სასიამოვნო არომატი სწრაფად მოგაშორებთ უსიამოვნო სტუმრებს.
მუმლის გაჩენის პროფილაქტიკა
მწერების გაჩენის პროფილაქტიკა ყოველთვის უფრო მარტივია, ვიდრე მათთან ბრძოლა. საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებებია:
- ნაგვის დროული გატანა და ურნის მუდმივი დალაგება.
- ნიჟარისა და სიფონის რეგულარული დეზინფექცია.
- გაფუჭებული ხილისა და ბოსტნეულის მოშორება.
- ოთახების ხშირი განიავება.
- სისუფთავის დაცვა შინაური ცხოველების გალიებში.
- მწერსაწინააღმდეგო ბადე ფანჯრებზე.
ზემოხსენებული საშუალებები კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მწერების თავიდან ასაცილებლად სისუფთავე ყველაზე მთავარი პირობაა.