მცირე მწვანე კუთხე თითქმის ყველა სახლში მოიძებნება. იგი ახარებს თვალს და ზრუნავს სახლში ჰაერის სისუფთავეზე. ყველაზე ხშირად, მცენარის ელემენტარული მოვლაც კი სავსებით საკმარისია, თუმცა, მავნებლების გაჩენისგან არავინაა დაზღვეული.
შავი ბუგრი ერთ-ერთი მათგანია. სამწუხაროდ, მათი მოშორება საკმაოდ რთულია, ისინი სწრაფად მრავლდებიან და მთელ სახლში დაფრენენ. თუ მსგავს პრობლემას წააწყდით, არ იჩქაროთ ქიმიური საშუალებების გამოყენება. არსებობს უფრო უსაფრთხო საშუალებაც.
როგორ მოვიშოროთ მცენარის მავნებელი მწერები?
ბუგრების მოშორებაში დაგეხმარებათ ეთერზეთები. ყველაზე ეფექტურია გერანის, ჩაის ხისა და ბეგქონდრის ზეთები. პროფილაქტიკისთვის, საკმარისია მცენარეების ზეთის ხსნარით (3 წვეთი 1 ლ წყალზე) მორწყვა ორ კვირაში ერთხელ. თუ ბუგრები უკვე გაჩნდა, მორწყვის რაოდენობა კვირაში 1-2 პროცედურამდე უნდა გაზარდოთ.
მწერების გაჩენა მცენარის ფესვების ლპობასაც იწვევს. აუცილებლად დაათვალიერეთ ისინი. თუ ფესვთა სისტემის დაზიანების ნიშნებს შეამჩნევთ, დაამუშავეთ, ხოლო მცენარე გადარგეთ.
ფესვთა ლპობა, ხშირ შემთხვევაში, იწყება ცუდი დრენაჟის ან მისი საერთოდ არქონის დროს. გადარგვისას, დარწმუნდით, რომ ქოთანში წყალი აღარ შეკავდება. ნიადაგი ზემოდან დაფარეთ ქვიშით – იგი კარგად შრება.
ბუგრებთან ბრძოლის კიდევ ერთი საშუალებაა ასანთის ღერები. თითოეულ ქოთანში ჩაარჭეთ 4-6 ღერი, გოგირდით ქვემოთ. შეცვალეთ ისინი ყოველ მესამე დღეს, მავნებლების სრულად გაქრობის შემდეგ.
ნივრის ნაყენიც კარგად უმკლავდება მწერებს, განსაკუთრებით, თუ მას ასანთებთან ერთად გამოიყენებთ. წვრილად დახეხეთ ან დაჭყლიტეთ ერთი თავი ნიორი და დაასხით 600 მლ მდუღარე წყალი. დააყენეთ 2-4 საათით. შეაშხეფეთ მცენარეს ახალმომზადებული ნაყენი, რბილობი კი შეურიეთ ნიადაგის ზედა ფენას.
სახლში ბუგრები შეიძლება დაინფიცირებული ნიადაგით ან ახალი ვაზონით შემოიტანოთ. ამიტომ, აუცილებელია რეგულარული პროფილაქტიკა. ხალხური მეთოდებიც ეფექტურია, ქიმიური საშუალებების მსგავსად, თუმცა, ისინი გაცილებით უსაფრთხოა როგორც თქვენთვის, ისე თქვენი მწვანე მეგობრებისთვისაც.