ოთახის ია ხავერდოვანი ყვავილების და ბევრი სხვადასხვა ფორმის და შეფერილობის გამო ძალიან უყვართ. ერთი შეხედვით უპრეტენზიო ყვავილის მორწყვას, გამოკვებას და მოვლას შესაბამისი ცოდნა სჭირდება.
„პაპარაცი“ გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს, რომელთაც იის გაზრდის დროს როგორც დამწყები ასევე გამოცდილი მოყვარულები ხშირად უშვებენ. ასეთი შეცდომები არ დაუშვათ, რომ იამ ხშირი და უხვი ყვავილობით დაგაჯილდოვოთ.
მორწყვა
დავიწყოთ ისტორიული გადახვევით. კარგი იქნება იმის ცოდნა, თუ სად და როდის დაიწყო ამ ყვავილის ტრიუმფალური გზა.
ყვავილი, რომელსაც ჩვენ იას ვუწოდებთ, სინამდვილეში სენპოლია (ლათ., Saintpaulia) ჰქვია. ის აღმოსავლეთის აფრიკის მთიან რეგიონებში იზრდება. მას არაფერი აქვს საერთო ტყის იებთან, რომელსაც უბიწოების სიმბოლოდ მივიჩნევთ და რომელიც მაისის დასაწყისში მიწას სურნელოვანი ხალიჩით ფარავს.
მცენარე 1892 წელს ბარონმა, ვალტერ ფონ სენ–პოლმა აღმოაჩინა და სამეცნიერო სახელიც მის საპატივცემულოდ დაარქვეს. აფრიკული ია ფართო საზოგადოებამ 1893 წელს, გენტში ყვავილების საერთაშორისო გამოფენაზე გაიცნო. დღესდღეობით უკვე 30 ათასზე მეტი სახეობაა გამოყვანილი.
ახლა თქვენთვის გასაგები უნდა იყოს, თუ რატომ სჭირდება იას ოთახის ტემპერატურაზე თბილი წყალი. ცივ წყალს მცენარისთვის ზიანის მიყენება შეუძლია. ყვავილის დანამვაც არ ღირს.
სენპოლიას ტენიანი ჰაერი უყვარს, ზუსტად ისეთი, როგორც მის სამშობლოში მდინარის ნაპირებზეა. ვერ იტანს, როცა წყალი უშუალოდ ნახვრეტში ხვდება. ამან შეიძლება ფოთლების ლპობა გამოიწვიოს.
ასე რომ, თავად ქოთანში ძალიან ბევრი წყლის ჩასხმა არ ღირს. სჯობს წყლით სავსე ჭურჭელი მის გვერდით დადოთ. გამოცდილი მებაღეები ირწმუნებიან, რომ ფიტილური მორწყვით იის უხვ ყვავილობას მიაღწევთ.
განათება
სტუმარს ცხელი აფრიკიდან მზის პირდაპირი სხივები არ უყვარს. მათი გავლენის ქვეშ იის ფოთლები იწვება და მცენარე ჭკნობას იწყებს.
ია ჩრდილოეთ, დასავლეთ ან აღმოსავლეთ ფანჯრის რაფაზე თამამად დადეთ. ხოლო სამხრეთ მხარეს რაიმეთი დაფარვა მოგიწევთ.
იის სხვადასხვა სახეობას სხვადასხვა რაოდენობის სინათლე სჭირდება. სწორედ ამიტომ ფოთლებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. თუ სინათლე არ ყოფნის, ფოთლები ზემოთ აწვერილია, ხოლო ჭარბი სინათლის დროს ქვემოთ დახრილი.
ოპტიმალური ტემპერატურა
იები 20 გრადუსზე დიდხანს და უხვად იყვავილებს. ორპირ ქარში არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხვდეს. ცივი ჰაერის ნაკადმა შეიძლება ფოთლები გააფერმკრთალოს და ფესვების სისტემა დაალპოს.
გამოკვება
იები ლამაზი ყვავილების გამო გვიყვარს. ამის მიღწევას კი მკვებავი ნივთიერებების მიწოდებით შეძლებთ. ყველაზე მარტივი იქნება, თუ ყვავილების მაღაზიაში შეიძენთ ფლაკონს წარწერით „სენპოლიებისთვის“.
ის ინსტრუქციის მიხედვით მოსარწყავად ფესვების ქვეშ უნდა გამოყენოთ. ფოთლები არ დანამოთ, რადგან ის ბუსუსებით არის დაფარული. ყვავილობის ხარისხზე და ზოგად ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს კალიუმით და მანგანუმით გამოკვება.
ამ ნივთიერების მიღებას ნატურალური სასუქიდან ადვილად შეძლებთ. ბანანის ახალ ქერქს წყალი დაასხით და რამდენიმე დღე თბილ ადგილას შეინახეთ. ამის შემდეგ იები ჯერ თბილი წყლით, შემდეგ მზა ნაყენით მორწყეთ.
დაავადებების პროფილაქტიკა
ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელიც იას აწუხებს, ნაცროვანი სოკოა. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი ფაქტორი. მაგალითად, არასაკმარისი განათება, მაღალი ტენიანობა დაბალ ტემპერატურასთან ერთად, ავადმყოფ მცენარეებთან ახლო მეზობლობა, აზოტის ჭარბად მიწოდება და კალიუმის დეფიციტი.
ნაცროვან სოკოს ადვილად განკურნავთ, თუ მოქმედებას დაავადების პირველივე ნიშნებზე დაიწყებთ. ამ უსიამოვნებით დაინფიცირებული იის ფოთლები თეთრი მტვერით იფარება. ოღონდ ეს მტვერი კი არა, სოკოს მიცელიუმია. და მის მოშორებას ვერ შეძლებთ.
ნაცროვანი სოკო შეგიძლიათ სპეციალური პრეპარატებით განკურნოთ, რომლებიც ყვავილების მაღაზიებში იყიდება. შეგიძლიათ ხალხური მეთოდით ნიორი გამოიყენოთ. 50 დაქუცმაცებულ ნიორს 2 ლ წყალი დაასხით. რამდენიმე დღე დააყენეთ, გადაწურეთ და გაუზავებელი ნაყენით დაზიანებული მცენარე დაამუშავეთ.
იის ზრდისთვის აუცილებელი მორწყვის, ტემპერატურის და ტენიანობის რეჟიმი დაიცავით და თქვენ უხვ ყვავილობას მიაღწევთ. ამასთან მცენარეს ნაცროვანი სოკოსგან დაიცავთ.