თხელი ლავაში კულინარიული შემოქმედებისთვის უსასრულო ველია. მის შიგნით შეგიძლიათ ნებისმიერი შიგთავსი მოათავსოთ, როგორც ტკბილი, ასევე მარილიანი. ამასთან, შიგთავსის შეცვლით, სრულად განსხვავებულ კერძს მიიღებთ. „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ხორცი ლავაშში მაქსიმალურად მარტივად და წარმოუდგენლად გემრიელად!
ხორცი ლავაშში
ეს რეცეპტი ნამდვილი აღმოჩენა გახდება იმ შემთხვევისთვის, როცა წასახემსებლის სწრაფად მომზადება გჭირდებათ. ასეთი ლავაში სადღესასწაულო სუფრას და ყოველდღიურ მენიუს ერთნაირად უხდება.
ინგრედიენტები:
- 2 თხელი ლავაში
- 100 გრ ნებისმიერი ხმელი ყველი
- 250 გრ ძროხის ფარში
- 1 ხახვი
- 50 გრ არაჟანი
- 1 კვერცხი
- მარილი გემოვნებით
- წიწაკა გემოვნებით
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
მომზადება:
1. ასეთი გემრიელი კერძის მომზადება საკმაოდ მარტივია. პირველ რიგში, ხახვი დააქუცმაცეთ და ტაფაზე მოთუშეთ. მზა ხახვი ნახევრად გამჭვირვალე, ოდნავ ოქროსფერი იქნება.
2. შემდეგ ტაფაზე ფარში მოათავსეთ და 15 წუთით საშუალო ცეცხლზე შეწვით. ამასთან მუდმივად ხორცის მორევა არ დაგავიწყდეთ. მარილი, წიწაკა ან სხვა სანელებელი გემოვნებით დაუმატეთ. სურვილის შემთხვევაში ფარშს დაპრესილი ნივრის კბილი დაუმატეთ.
3. ყველი გახეხეთ და კერძის აწყობას შეუდექით. ამისთვის აიღეთ ლავაში, არაჟანი წაუსვით, შემდეგ მასზე ფარში მოათავსეთ, გახეხილი ყველი დაუმატეთ და ლავაში რულეტივით დაახვიეთ.
4. ლავაში პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ. ახლა ათქვეფილი კვერცხის გული წაუსვით და 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით აცხვეთ. როცა ლავაში ლამაზ, ოქროსფერ ქერქს შეიძენს, შეგიძლიათ გამოიღოთ. მზადაა!
ეს მარტივი რეცეპტი ჩაინიშნეთ, რომ იცოდეთ რით გაანებივროთ მეგობრები და საკუთარი თავი, როცა დრო არ გყოფნით. სხვათა შორის, რეცეპტი შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით შეცვალოთ. ასეთი ლავაშის შიგნით თამამად შეგიძლიათ მოათავსოთ პომიდორი, მწვანილი, მოხარშული კვერცხი და მსგავსი რამ. ექსპერიმენტები ჩაატარეთ და თქვენთვის იდეალურ კომბინაციას აუცილებლად იპოვით. გემრიელად მიირთვით!