თქვენ მეტალურგიულ საწარმოში არ მუშაობთ და ქიმიურ ექსპერიმენტებს არ ატარებთ, ამიტომ თვლით, რომ მხედველობის არანაირი პრობლემა არ გექნებათ? სამწუხაროდ, დაავადება შეიძლება პროფესიის მიუხედავად ნებისმიერი ასაკში გაჩნდეს.
ამბლიოპია
დავიწყოთ დაავადებით, რომელიც პირველ რიგში ბავშვის თვალისთვის სახიფათოა – ეს ამბლიოპიაა, მხედველობის დაქვეითება, რომლის გამოსწორება არანაირ კორექციას არ შეუძლია. შეიძლება ორივე თვალში შეგვხდეს ან მარჯვენა და მარცხენა თვალებს შორის დიდი სხვაობის დროს გაჩნდეს (ერთ თვალში არწივის მსგავსი მხედველობა, მეორეში კი ახლომხედველობის ან შორსმხედველობის მაღალი დონე).
ამბლიოპიის წარმოქმნის მიზეზი ოპტიკური დეფექტი, სიელმე ან თანდაყოლილი კატარაქტია. მთავარი მუხთლობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი დამოუკიდებლად აღმოჩენა გაგიჭირდებათ. პროფილაქტიკის ერთადერთი მეთოდი ექიმ-ოფთალმოლოგთან დროული ვიზიტია. თუ პრობლემას დროულად აღმოაჩენთ და კორექციას ჩაიტარებთ, ამბლიოპიის თავიდან აცილებას შეძლებთ.
სხვათა შორის, ამბლიოპიის მკურნალობა ასაკის მატებასთან ერთად რთულდება. თუ მომენტი ხელიდან გაუშვით და დიაგნოზის დასმა 18 წლის ასაკში მოხდა, ამ დროს ამბლიოპია მკურნალობას რთულად ექვემდებარება. ოფთალმოლოგმა შეიძლება კონსერვატიული თერაპიიის კურსი ან უნიკალური აპარატით (ბინოკულარული ოპტომეტრული კომპლექსი) მკურნალობა შემოგთავაზოთ.
რეგულარული პროფესიული შემოწმება არ დაგავიწყდეთ, შემდეგ კი აუცილებლობის შემთხვევაში სწორად შერჩეული სათვალე ატარეთ. ასევე კონსერვატიული და აპარატული კურსი გაიარეთ, თუ ამას თვალი მოითხოვს.
როგორ ავიცილოთ თავიდან: ოფთალმოლოგს დროულად ეწვიეთ.
რეტინობლასტომა
ყველაზე სახიფათო დაავადება ბავშვებში. ეს ონკოლოგიური დაავადება ბავშვის ცხოვრების პირველ თვეებში ჩნდება (ძალიან იშვიათად წლების შემდეგ). ყველაზე სახიფათო ისაა, რომ აშკარა ნიშნები არა აქვს. ამასთან ერთ-ერთი უიშვიათესი თვალის დაავადება, რომელიც სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ხშირად დაავადება გენეტიკური პირობით იქმნება და იშვიათად გვიან სტადიაზე გვხვდება.
ბავშვების რეტინობლასტომას ერთი ნიშანი აქვს – სურათის გადაღების დროს ბავშვის ერთ-ერთი თვალის გუგა სპეციფიკურად, კატის მსგავსად ანათებს. თუმცა კატისთვის ეს ნორმალურია, ადამიანისთვის კი ექიმთან ვიზიტის ნიშანია.
სიელმის მკვეთრი განვითარება ასევე შეიძლება რეტინობლასტომას ნიშანი იყოს. სხვანაირად მისი გამოვლენა შეუძლებელია, ტკივილს და უსიამოვნო შეგრძნებას არ იწვევს.
მისი დროულად აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიმსივნე ამოიღონ და თვალი ან ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინონ. ასეთი საფრთხის თავიდან აცილებას ბავშვის ჯერ კიდევ სამშობიაროში შემოწმებით შეძლებთ. ერთ თვეში და შემდეგ ერთ წელში მდგომარეობა ექიმთან კვლავ გადაამოწმეთ. ზრდასრულებმაც ოფთალმოლოგთან შემოწმება წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიარონ, რადგან გვიან სტადიაზე მეტასტაზები ტვინში და ფილტვებში გადადის და სასიკვდილო შედეგს იწვევს.
მელანომა
ის ორგანიზმის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება გაჩნდეს (მაგალითად, ჰიუ ჯეკმენი უკვე წლებია კანის მელანომას ებრძვის). თვალის ბადურაში მელანინის პიგმენტის დიდი რაოდენობაა, ამიტომ მელანომა დიდი ალბათობით შეიძლება გუგაში, ბადურაში ან ბროლში გაჩნდეს.
მელანომა პროფილაქტიკის ზომების მიუხედავად მაინც შეიძლება გაჩნდეს და მისი დამოუკიდებლად პოვნა საკმაოდ რთულია – მას მხოლოდ მცირე პიგმენტური ფოკუსით ხედავენ. სწორედ ამიტომ, თვალის გარსში ლაქების ან წერტილების გაჩენა ოფთალმოლოგთან დაუყონებლივ ვიზიტის მიზეზია.
ექიმი თვალის ექოსკოპიას ჩაგიტარებთ, რადგან მელანომა სახიფათო, ავთვისებიანი, სწრაფად განვითარებადი სიმსივნეა, რომელიც სხვადასხვა ორგანოებში მეტასტაზდება და შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. განსაკუთრებით დაავადების ბოლო სტადიაზე.
გლაუკომა
თვალის რთული დაავადება, რომელიც ჩვეულებრივ ბოლო სტადიაზე ვლინდება. ის შიდა თვალის მაღალ წნევას უკავშირდება. გლაუკომა ყველაზე ხშირად 40 და უფრო მეტი ასაკის ადამიანებს აწუხებს. შეიძლება დაავადებაში ეჭვი დიდხანს არ შეგეპაროთ, რადგან მას ტკივილი და დისკომფორტი არ ახლავს. გლაუკომის მთავარი ნიშანი პერიფერიული ხედვის თანდათანობითი გაუარესებაა. ხშირად ადამიანი მის აღმოჩენას მაშინ ახერხებს, როცა მილის მსგავსი ხედვა რჩება – თითქმის მხედველობის მთელი ველი უმოქმედოა და თვალის გარსის მხოლოდ ცენტრალური ნაწილი მუშაობს.
პროფილაქტიკის მეთოდი თითქმის არ არსებობს: გლაუკომა ხშირად მემკვიდრეობითია, ბოლო სტადიაზე გამოვლენისას სიბრმავით გემუქრებათ. კარგი სიახლე – დროულად აღმოჩენის შემთხვევაში მხედველობის დიდხანს შენარჩუნებას შეძლებთ.
სამწუხაროდ, გლაუკომის დამოუკიდებლად აღმოჩენა რთულია. ამისთვის პირველ რიგში, 40 წლის შემდეგ, წელიწადში ერთხელ ოფთალმოლოგთან შემოწმება აუცილებლად ჩაიტარეთ. მეორე მხრივ, თუ ექიმმა თვალის წნევის შესამცირებელი წვეთები დაგინიშნათ, აუცილებლად ყოველდღე მიიღეთ. სისტემა „დღეს ჩავიწვეთე, ხვალ დამავიწყდა“ არ მოქმედებს, რადგან სასწორზე სრული მხედველობა და სრულყოფილი ცხოვრებაა.
სამწუხაროდ, კარიესის მსგავსად თვალის დაავადების სარკეში შემჩნევა შეუძლებელია. ექიმთან გამოკვლევის ჩატარება აუცილებელია, რომელიც ინსტრუმენტული მეთოდით, მაგალითად ოფთალმოსკოპით ან ნათურით თვალს შეამოწმებს.
მხოლოდ ექიმთან შეიძლება ისეთი ღრმა კვლევის ჩატარება, როგორიცაა ოპტიკური ტომოგრაფია ან კომპიუტერული პერიმეტრია, რომ ბადურის ნერვული უჯრედების სისქე და მათი მუშაობა შეამოწმოთ.
თუ ამ დაავადებებს ნაადრევ სტადიაზე აღმოაჩენთ, მკურნალობის პროგნოზი საკმაოდ დადებითია. ასე რომ, ოფთალმოლოგთან ვიზიტი არ გადადოთ.