მაცივარი ჩვენი მეგობარი და ამხანაგია. მის გარეშე რთულია თანამედროვე ოჯახის არსებობის წარმოდგენა. იმაზე ფიქრიც კი გვზარავს, რომ შეიძლება იგი გაფუჭდეს. მასში ხომ ყველაფერი გემრიელი დევს… თუმცა, ხანდახან, ამ ტექნიკაში ჩნდება უსიამოვნო სუნი, რაც მადას გვიფუჭებს.
როგორ მოვაშოროთ უსიამოვნო სუნი მაცივრიდან
კარგად დანაყული აქტივირებული ნახშირი მარტივად უმკლავდება ამ პრობლემას. შედგით მაცივარში ამ ფხვნილით სავსე თეფში. ღამით იგი შეიწოვს მთელ უსიამოვნო სუნს. თუ გამოყენებულ ნახშირს ღუმელში, 170-180 გრადუსზე გაახურებთ, მისი გამოყენება კიდევ ერთხელ შეიძლება.
პროფილაქტიკის სახით, შეგიძლიათ ნახშირი მაცივარში მუდმივად გედოთ. ამისთვის, უბრალოდ დახვრიტეთ მცირე ზომის ჭურჭლის თავსახური, მოათავსეთ მასში დანაყული ნახშირის აბები და მოათავსეთ კარის თაროზე. მთავარია, არ დაგავიწყდეთ შიგთავსის პერიოდულად გამოცვლა.
მაცივრის ძმრით გამოწმენდაც უშველის ამ პრობლემას. გაწმინდეთ მაცივრის ყველა კედელი და თარო ძმრის ხსნარში ამოვლებული ჩვრით. ეფექტის გასამყარებლად, დადგით მაცივრის თაროზე 1 ჭიქა ძმარი რამდენიმე საათით. არსებობს ერთი უფრო რთული საშუალება, თუმცა მას მხოლოდ ძველი, ჩამჯდარი არომატების მოსაშორებლად იყენებენ.
1:1 პროპორციით გააზავეთ ნიშადურის სპირტი და წყალი და გამორეცხეთ ამ ხსნარით მაცივარი. წმენდის შემდეგ, დატოვეთ კარი ღია რამდენიმე საათით, რათა სპირტის მძაფრი სუნი განიავდეს.
გვაქვს კიდევ ერთი, უფრო სასიამოვნო, თუმცა ძვირი საშუალებაც: მოხალეთ ცოტაოდენი ახლადდაფქული ყავა და გადაანაწილეთ თავღია ჭურჭლებით საყინულესა და მაცივრის ძიითად კამერაში.
ყავის ნალექსა და თავად სასმელსაც ანალოგიური მოქმედება აქვთ და მათი გამოყენებაც მიზანშეწონილია. ასეთი პროცედურის დროს, სასმელი ცხელი, ხოლო მაცივარი გამორთული უნდა იყოს.
თუ მაცივარში მუდმივად დატოვებთ სოდით სავსე თავღია ქილას, უსიამოვნო სუნისგან თვეობით იქნებით დაცული. სოდის ხსნარით შეიძლება მაცივრის გამოწმენდაც. ეს ძალიან ეფექტური იქნება.
ჭვავის პურის ქერქი, რომელსაც მაცივრის სხვადასხვა თაროზე დაალაგებთ, დაგეხმარებათ უცნაური სუნის მოშორებაში მაცივრის კამერიდან. იმავენაირად უნდა გამოიყენოთ ვაშლის, ყველის ან ნედლი კარტოფილის ნაჭრები.
თაროებზე დალაგებული ჩაის პაკეტებიც მშვენივრად იწოვს უცხო სუნს. კატის ტუალეტის შემავსებელი, შაქარი და მარილი კარგად უმკლავდება მაცივარში დაგროვილ უსიამოვნო სუნს. დადეთ ერთ-ერთი მათგანით შევსებული თავღია ჭურჭელი კამერაში და დაივიწყეთ მის შესახებ დიდხანს.
კიდევ ერთი გზა: ლიმონის ხსნარით წმენდა. დაწურეთ ლიმონის წვენი, შეურიეთ წყალი და გაწმინდეთ მაცივარი შიგნიდან ამ ხსნარში ჩალბობილი ჩვრით. ეს საშუალება გააძლიერებს ჩვეულებრივი წმენდის შედეგს.