დღესდღეობით მაისურის გარეშე გარდერობის წარმოდგენა რთულია. ეს ძალიან მოსახერხებელი და პრაქტიკული ტანსაცმლის ელემენტია, რომელიც შეგიძლიათ შეუთავსოთ შარვალს, ქვედაბოლოს, კომბინიზონს. მხოლოდ ერთი მაისურით ათობით საინტერესოს სტილის შექმნას შეძლებთ. დღეს Paparazzi.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ ჩაიცვათ მაისური ისე, რომ ღირსეულად გამოიყურებოდეთ.
როგორ ჩავიცვათ მაისური
ერთი შეხედვით, მაისურის არჩევა მარტივი საქმეა. ეს ხომ კაბა არაა, სადაც მნიშვნელოვანია მკერდი, სიგრძე და წელი. სინამდვილეში, შეიძლება ბევრ დეტალს გადააწყდეთ, რამაც შეიძლება გარეგნული მხარე დააზიანოს. დღეს განვიხილავთ თითოეულ პუნქტს, რომელზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ.
მასალა
იდეალური ვარიანტი – ბამბის მაისური. გახსოვდეთ, რომ ბამბა კარგია, მაგრამ არა ყოველი შემთხვევისთვის. თხელი მასალის ნივთები არ გამოიყენოთ. უპირატესობა უფრო მკვრივ ნაქსოვს მიანიჭეთ, რომელიც პირველივე გარეცხვაზე არ დაჯდება. მაისური ფორმას დიდხანს შეინარჩუნებს, თუ შემადგენლობაში ელასტინი შედის.
ნაკერები
ტანსაცმლის ყიდვისას ნაკერებს ყველა არ აკვირდება. არადა ნაკერების ხარისხზე დამოკიდებულია, თუ როგორ მოგადგებათ ტანსაცმელი ტანზე და რამდენად დიდხანს გემსახურებათ. გირჩევთ, რომ შეძენამდე მაისური გადააბრუნოთ და ნაკერებს დააკვირდეთ. თუ ბევრი ამობურცული ძაფი და უზუსტო ნაკერია, სხვა ვარიანტი შეარჩიეთ. გარეცხვის შემდეგ უფრო შესამჩნევი გახდება.
თარგი
მაისურის ძალიან ბევრი ნიმუში არსებობს და სცადეთ ისეთი შეარჩიოთ, რომელიც თქვენს ფორმებს და ღირსებებს ხაზს უსვამს. ახლა მოდაშია ოვერსაიზ მაისურები, მაგრამ ასეთი მაისური ყველას არ უხდება. დაბალ გოგოს ტომარასავით აზის. ოვერსაიზი მაღალ, მოხდენილ ქალებს უხდებათ, რომელთაც გამოხატული ფორმები არ აქვთ.
მეორე მხრივ, ტანზე მომდგარი მაისური ყველასთვის არაა, რადგან ის სხეულის ნაკლოვანებებზე ზედმეტ ყურადღებას ამახვილებს. ასევე ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ არის ამოჭრილი ყელზე და როგორ დგას. გახსოვდეთ, რომ ჩამოწეული მხრები სხეულის ზედა ნაწილს ვიზუალურად აფართოებს, რაც მხრებს უფრო მასიურს ხდის.
დეკოლტეს სიღრმე
თუ მოკლე ყელი გაქვთ, სჯობს ყელზე მიდგმული მაისური არ ჩაიცვათ. აი, V ფორმის მაისური სხეულს და ყელს უფრო დააგრძელებს. გარდა ამისა, მკერდის მოცულობას ვიზუალურად შეამცირებს და მხრებს შეავიწროებს.
პრინტი
პრინტიანი მაისურები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა შეარჩიოთ. უხარისხო პრინტები გაწელვის დროს იბზარება და დროთა განმავლობაში საშინლად გამოიყურება. ზოგიერთი ნივთი რეცხვას ვერ უძლებს. სჯობს თავი დაიზღვიოთ და ხარისხი პირდაპირ მაღაზიაში შეამოწმოთ. თუ მცირე ბზარებს ხედავთ, არ შეიძინოთ.
რასთან ერთად ჩავიცვათ მაისური
მოკლე, ტანზე მომდგარი მაისური კარგად ეთავსება ქვედაბოლოს, განსაკუთრებით მაღალწელიან ქვედაბოლოს.
ასევე ძალიან საინტერესოდ გამოიყურება მარტივი, ფერადი მაისური და კლასიკური კოსტუმი. შესანიშნავი ყოველდღიური სტილი საოფისედ.
ოვერსაიზ მაისურები სჯობს სკინი ჯინსს, ტანზე მომდგარ ქვედაბოლოს ან შორტ–ველოსიპედს შეუხამოთ. მთავარია, რამდენიმე ოვერსაიზი ერთად არ ჩაიცვათ, რომ სილუეტი ზედმეტად ტომარასავით არ იყოს. ასევე შესანიშნავად გამოიყურება, თუ თავისუფალი სტილის მაისურს მაღალწელიან შარვალში ჩაიკეცავთ.
მაისური გარდერობის უცვლელი ელემენტია. კომბინაციების ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს, მთავარია ქსოვილის ხარისხს ყურადღება მიაქციოთ და დაინტერესდეთ, თუ როგორ ჩაიცვათ მაისური თქვენი სხეულის ფორმების გათვალისწინებით. წარმატებულ შენაძენს და მოდურ ლუქებს გისურვებთ!