ყველას გვიყვარს არომატული მედოკი (თაფლიანი ნამცხვარი), მაგრამ მის მოსამზადებლად რამდენიმე საათის გამოყოფა რთულია. ეს დილემა ბევრისთვის ნაცნობია. სწორედ ამიტომ, დღეს Paparazzi.ge–ს რედაქცია გთავაზობთ მედოკის მომზადების მარტივ რეცეპტს ბისკვიტის ფენების გარეშე. მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მაქსიმალურად სწრაფად მზადდება და შეუდარებელი გემო აქვს.
მედოკი ცხობის გარეშე
აუცილებელი ინგრედიენტები მოიმარაგეთ და 30 წუთი თავისუფალი დრო გამოყავით, რომ მოამზადოთ მედოკი, რომელიც თქვენს გულს დაიპყრობს!
საფუძვლის ინგრედიენტები:
- 3 ჭიქა დაფქული ორცხობილა
- 4 ს/კ თაფლი
- 80 გრ კარაქი
- 2 ს/კ კაკაოს ფხვნილი
კრემის ინგრედიენტები:
- 1,5 ჭიქა არაჟანი
- 0,5 ქილა შესქელებული რძე
- 10 გრ ჟელატინი
- 3 ს/კ წყალი
ჭიქურის ინგრედიენტები:
- 30 გრ შოკოლადი
- 2 ჩ/კ რძე
- 1 ჩ/კ რაფინირებული მცენარეული ზეთი
მომზადება:
- პირველ რიგში, ნამცხვრის საფუძველი, ძირი მოამზადეთ. დიდ, ღრმა თასში ორცხობილა ჩაყარეთ. პატარა ქვაბში კარაქი გაადნეთ, შემდეგ ცოტა გააგრილეთ და თაფლი აურიეთ. თუ თაფლი გაქვავებულია, წინასწარ წყლის ორთქლზე გაადნეთ. მიღებული ნარევი ორცხობილებს დაასხით და ხელებით კარგად აურიეთ.
- კრემის მომზადება დაიწყეთ. ამისთვის ჟელატინს თბილი წყალი დაასხით და გასასივებლად გააჩერეთ. შემდეგ წყლის ორთქლზე სრულ გადნობამდე გააცხელეთ და გაგრილება აცადეთ. შემდეგ არაჟანი, შესქელებული რძე და ჟელატინი სათქვეფით აურიეთ.
- ბოლოს, ტორტი ააწყვეთ! საშუალო ზომის მრგვალი ან კვადრატული ფორმის ძირში ორცხობილის ნარევი 1 სმ სისქეზე მოათავსეთ და კარგად ჩატუმბეთ. სხვათა შორის, ამისთვის შეგიძლიათ ჭიქა გამოიყენოთ. ზემოდან კრემი წაუსვით. გაიმეორეთ მანამ, სანამ ინგრედიენტები არ დაგიმთავრდებათ. თუმცა ბოლო ზედა ფენა ორცხობილა უნდა იყოს.
- ტორტი რამდენიმე საათით მაცივარში შეინახეთ. რა თქმა უნდა, უკვე ამ ეტაპზე ძალიან გემრიელია, მაგრამ შოკოლადის ჭიქურით საერთოდ შეუდარებელი გამოვა!
- ჭიქურის მოსამზადებლად წყლის ორთქლზე შოკოლადის ნაჭრები რძესთან და მცენარეულ ზეთთან ერთად გაადნეთ, მუდმივად აურიეთ. ჭიქური უკვე გაგრილებულ მედოკს ზემოდან მოასხით და მაცივარში 30 წუთით გააჩერეთ. მზადაა!
როგორც ხედავთ, საყვარელი დესერტის მოსამზადებლად მთელი საღამოს გამოყენება არ დაგჭირდათ. მედოკის მომზადების სწრაფი რეცეპტი შეინახეთ, რომ გემრიელი დესერტით საკუთარი თავი და ოჯახის წევრები გაახაროთ. გემრიელად მიირთვით!