ინტერნეტ-სივრცეში კარტოფილის ღვეზელის განსხვავებული რეცეპტი ვიპოვე. საღამოს ჩემი და მესტუმრა და ოთხი ხელით, შეუმჩნევლად, ლაპარაკ-ლაპარაკში მოვამზადეთ ეს გემრიელობა. ასე გეტყვით: ძალიან მაგარი ვახშამი გამოგვივიდა. ღვეზელი გარნირის ნაცვლად გამოვიყენე, გვერდით კი სოკოსა და ბოსტნეულის მწნილები და ქათმის ნაჭერი დავუდე. ისეთი გემრიელი იყო, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ.
ღვეზელი ძალიან სწრაფად მზადდება. უბრალოდ, მე ცხობისას სუნელები არ დამიმატებია. შიგთავსად კი ჩემმა დამ უხვად ჩაყარა რეჰანი და ქონდარი. მე ძალიან მიყვარს კარტოფილიანი კერძები, თუმცა, ეს ღვეზელი ჩვეულებრივებზე ასჯერ უფრო გემრიელი გამოდგა
განსხვავებული კარტოფილის ღვეზელი
დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გაგანდობთ მსუყე და მადისაღმძვრელი ღვეზელის რეცეპტს. შიგთავსი შეგიძლიათ გემოვნებისამებრ ცვალოთ.
ცომის ინგრედიენტები:
- 180 გ ფქვილი
- 100 გ რბილი ყველი
- 120 გ კარაქი
- 1 კვერცხი
- 0.5 ჩ.კ. დაფქული ქინძი
- 0.5 ჩ.კ. კურკუმა
შიგთავსის ინგრედიენტები:
- 500 გ კარტოფილი
- 2 ს.კ. არაჟანი
- 100 გ რბილი ყველი
- 4 კვერცხი
- 4 ს.კ. რძე
- 2 ს.კ. წვრილად დაკეპილი მწვანე ხახვი
- 20 გ კარაქი
- მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადება
1. შეგიძლიათ, სულგუნი ან იმერული ყველი აიღოთ. იგი უნდა დაჭრათ (ცომისთვისაც და შიგთავსისთვისაც) წვრილ ნაჭრებად. კარაქიც დაჭერით თხლად.
2. შეურიეთ ფქვილს კურკუმა და ქინძი, დაუმატეთ იქვე კარაქი და ათქვიფეთ ბლენდერით. თუ ბლენდერი არ გაქვთ, ხელით შეაზილეთ ყველაფერი ერთმანეთს, ნამცეცების მიღებამდე. შემდეგ ცომს ყველი და კვერცხიც დაუმატეთ. ცომი დიდხანს არ უნდა ზილოთ, მალევე გაერთიანდება. დაამრგვალეთ ცომი, დაახურეთ ცელოფანი და შედგით მაცივარში ნახევარი საათით.
3. სანამ ცომი ფუვდება, მოხარშეთ კარტოფილი მარილიან წყალში. გადაღვარეთ წყალი მზა კარტოფილიდან, დაჭყლიტეთ, ჩაასხით რძე და დაუმატეთ კარაქი. ურიეთ პიურეს მდგომარეობამდე.
4. წინასწარ დაკეპეთ მწვანე ხახვი. შეგიძლიათ, იგი კამით ან ოხრახუშით ჩაანაცვლოთ. პიურეს დაუმატეთ არაჟანი, დაჭრილი მწვანილი და 3 მსუბუქად ათქვეფილი კვერცხი. არ დაგავიწყდეთ მარილისა და პილპილის ჩაყრა. მოურიეთ შიგთავსს, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
5. საცხობ ქაღალდზე გააბრტყელეთ ცომი. მისი დიამეტრი ფორმაზე 3 სმ-თი მეტი უნდა იყოს, რათა ღვეზელს კედლებიც ჰქონდეს. საცხობი ქაღალდით, ფრთხილად გადაიტანეთ კარაქწასმულ ფორმაზე.
დააჭირეთ ცომის ფსკერსა და კედლებს, ფორმას რომ მიეკროს. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ცომის კიდეები ფორმიდან 2-3 სმ-თი უნდა გადმოდიოდეს. დახვრიტეთ ჩანგლით მთელ ზედაპირზე. თანაბრად გადაანაწილეთ შიგთავსი ფორმის მთელ ზედაპირზე.
6. წაუსვით ზემოდან ათქვეფილი კვერცხი, გადაკიდებული გვერდებიც დააწებეთ შიგთავსს. აცხვეთ ღვეზელი წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45-50 წუთით.
7. სულ ესაა, კარტოფილის მსუყე ღვეზელი მზადაა. გაიტანეთ სუფრაზე ცხელი.
თქვენ როგორ აცხობთ კარტოფილის ღვეზელებს? გაგვიზიარეთ საყვარელი რეცეპტები.