თანამედროვე ადამიანები ფიქრობენ, რომ ზოგიერთი ყოველდღიური ნივთი უიმედოდ დაძველდა და წარსულს ჩაბარდა. აბა როგორ, გარეთ ხომ უკვე ოცდამეერთე საუკუნის მესამე ათწლეულია. დრო უსწრაფესად მიფრინავს და სამყარო დაუჯერებელი სიჩქარით ვითარდება.
თუმცა, დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია შეგახსენებთ 7 ნივთს, რომლებიც ბევრმა დაუმსახურებლად მიივიწყა. ეს ნივთები ხომ დღესაც გამოსადეგია, ჩვენს პროგრესულ, მაღალტექნოლოგიურ დროში.
საყოფაცხოვრებო ნივთები
რა თქმა უნდა, ხალხმა ამ ნივთების გარეშე ცხოვრება უკვე მშვენივრად ისწავლა. მსგავსი რამეების გამოყენებასაც კი გადაეჩვივნენ. თუმცა, რატომ არ უნდა მივცეთ კიდევ ერთი შანსი ძველ ნივთებს, რომლებსაც ადამიანები დაუფიქრებლად ყრიან? ამ რაღაცების დატოვებით, თქვენ, თითქოს, ძველი დროის მოგონებებს ინახავთ.
1. გარე თერმომეტრი
თითქოს, თანამედროვე ადამიანს ეს მოწყობილობა არაფერში სჭირდება. სმარტფონში გახსნით ამინდის გვერდს და უცებ გაიგებთ, რა ტემპერატურაა გარეთ, როგორი ღრუბლიანობაა მოსალოდნელი დღის განმავლობაში და უნდა ელოდოთ თუ არა წვიმას. ამ დროს მომდევნო რამდენიმე დღის პროგნოზის ხილვაც შეგიძლიათ.
თუმცა, სინოპტიკოსთა პროგნოზი ჯერ კიდევ არაა იმდენად სწორი და, ხშირად, რეალობას არ ემთხვევა. სმარტფონი ერთს გიჩვენებთ, სადარბაზოს გასცდებით და სულ სხვა რამეს ხედავთ. ამიტომ, გარე თერმომეტრის ქონა საუკეთესო საშუალებაა გარეთ ჰაერის ზუსტი ტემპერატურის გასაგებად. მით უმეტეს, რომ თანამედროვე თერმომეტრებს მრავალი დამატებითი ფუნქცია აქვს.
2. ჭვნიანის ჭურჭელი
სტუმრებს წვნიანით რომ გაუმასპინძლდეს, ნებისმიერი დიასახლისი უკვე, უმეტესად, ჩვეულებრივ ღრმა თეფშებს იყენებს. ხოლო, თუ დამატებას ითხოვენ, სუფრიდან ადგომა და ქვაბიდან დასხმა უწევთ. ეს არც ისეთი ესთეტიკურია.
სამაგიეროდ, საწვნე ცხოვრებას უმარტივებს როგორც დიასახლისს, ისე სტუმრებსაც. ბოლო დროს ხომ, სურვილისამებრ, ისინი თვითონ იმატებენ წვნიანს, თანაც საჭირო რაოდენობით. თან დღეს ბაზარზე ისეთ საწვნეებს იპოვით, რომ ყველაზე მდიდრული სუფრის დამშვენებას შეძლებთ.
3. საცხობი ფორმები
საცხობი ფორმები უკვე წარსულს ჩაბარდა. დიასახლისებს არ სურთ ცხოვრების გართულება, ამიტომ იძენენ პურის საცხობებს. თუმცა, ხარისხიანი საცხობი ძალიან ძვირი ღირს, იაფფასიანი კი არც შედეგით გაგახარებთ, არც საიმედოობით. აი, საცხობი ფორმების არსებობის შემთხვევაში კი მთელ ოჯახს რეგულარულად გაახარებთ დაბრაწული სახლის პურებით. სამზარეულოში ასეთი ფორმები ძალიან მცირე ადგილს იკავებს.
4. საპურე
სახლის პური ყველაზე კარგად სპეციალურ ჭურჭელში, საპურეში ინახება. იქ ხომ პროდუქტი არც უცხო სუნს შეიწოვს, არც მტვერი დაედება და დიდხანს შეინარჩუნებს სირბილეს. ესე იგი, მისი ხშირად ცხობა ან შეძენა არ დაგჭირდებათ. ასეთი საპურე საკმაოდ პრეზენტაბელურადაც გამოიყურება. გასაკვირია, რომ დღეს ეს ბევრს არ ესმის.
5. წინსაფარი
ზოგიერთ დიასახლისს ეჩვენება, რომ წინსაფარი წარსულის გადმონაშთია. ამიტომ, ამ ნივთის შესაძენად თავს არ იწუხებენ. რატომ? წინსაფარი ხომ საიმედოდ იცავს ტანსაცმელს მზადების პროცესში. თანაც, ეს სახლის სიმყუდროვისა და გემრიელი, ნატურალური საკვების ნამდვილი სიმბოლოა. სცადეთ წინსაფრით მზარეულობა და მაშინვე იგრძნობთ, რომ სამზარეულოში ფუსფუსი გაცილებით სასიამოვნო იქნება.
6. ფოტოალბომი
რა თქმა უნდა, თანამედროვე სმარტფონში გაცილებით მეტი ფოტო ეტევა, ვიდრე ფოტოალბომებში. თუმცა, ტრადიციული ფოტოალბომი სწორედ იმითაა ძვირფასი, რომ მასში თითოეულ ფოტოს მთელი ისტორია აქვს. გაიხსენეთ, როგორ ათვალიერებდით ოდესღაც საოჯახო ალბომს და ფოტოებს ატრიალებდით, უკანა მხარეს წარწერები რომ წაგეკითხათ. თითქოს, საკუთარი ოჯახის შესახებ დაწერილ წიგნს კითხულობთ.
7. ხელის საკერავი მანქანა
ასეთი პორტატული დამხმარეები ადრე იყო პოპულარული, ახლა კი ადამიანებთა უმეტესობა ნემსსაც ვეღარ იყენებს. და, თუ, მაგალითად, შარვლის ამოკემსვა იქნება საჭირო, მას მკერავთან მიაქანებენ. არადა, ასეთი ხელით საკერავი მანქანის შეძენა მცირე დაზიანებების შეკეთების საშუალებას მოგცემთ. სწრაფად და უფასოდ.
რა თქმა უნდა, წარსულს დაუმსახურებლად მიბარებული უამრავი ნივთი არსებობს, რომლებსაც დღესაც შეუძლია სარგებლის მოტანა. ზოგიერთმა მათგანმა აქტუალობა დაკარგა, სხვები კი თანამედროვე ანალოგებით ჩანაცვლდა (მაგალითად, მექანიკური ხორცსაკეპები ელექტრონულმა ჩაანაცვლა).
მოგვიყევით, თქვენ რომელი ნივთები გიჩენთ ნოსტალგიის გრძნობას? იქნებ, ჩაის სოკო გენატრებათ? ან სითბოთი იხსენებთ უკიდეგანო კუბოკრულ ჩანთებს, რომლებიც ყველაფერს იტევდა?